პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს ვეტო დაადო. მან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტს შესწორებებით დაუბრუნა. პრეზიდენტის ვეტო ფარავს ნაწილებს, რომელიც ეხება ბონუსების სისტემას, აღმსარებლობის, ბლოკებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხებს. რაც შეეხება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის გაუქმებას, აქ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ქართულ ოცნებას თხოვა გადაავადოს ამ ნაწილის განსაზღვრა.

პრეზიდენტის თქმით, თუკი საპარლამენტო უმრავლესობა ამ მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს, საქართველო თანხმობის დოკუმენტს მიიღებს. მისი თქმით, თუ მმართველი პარტია მხარს დაუჭერს 2020 წლამდე პროპორციული სისტემის ამოქმედებას, კონსტიტუციის პროექტს ოპოზიციის მხარდაჭერაც ექნება.

„ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ექნება ოპოზიციის ხმებიც. ჩვენ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს,“ განაცხადა პრეზიდეტნმა.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ვერსიით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლისთვის იგეგმება, რაც თავდაპირველი შემოთავაზებისგან განსხვავდება, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლისთვის ითვალისწინებდა. კონსტიტუციის ეს ნაწილი ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილების მთავარი მიზეზია.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია მარგველაშვილს სთხოვდა ვეტო მხოლოდ ორ საკითხზე, ბონუსების სისტემასა და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვის შესახებ მუხლებზე დაედო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ოცნების განცხადებით, ისინი ვეტოს დაძლევენ.