საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში გამართული შეხვედრებით კმაყოფილია და ვიზიტს ვაშინგტონში აგრძელებს. ბოლო შეხვედრები მან პოლონეთის და ხორვატიის პრეზიდენტებთან გამართა და "ფორდჰეიმის სამართლის უნივერსიტეტში" პოლიტოლოგების და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს საგარეო გამოწვევებზე, რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებაზე შეკითხვები საგარეო ურთიერთობათა საბჭოშიც დაისვა, რომელზეც მიწვეული იყვნენ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერტები და სხვადასხვა საფინასო ორგანიზაციის წევრები.
ამერიკელი პოლიტოლოგები, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მრჩევლები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხედვას საქართველო-რუსეთის, საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-ნატოს, კონფლიქტების მოგვარების გზების შესახებ ისმენდნენ.
გიორგი მარგველაშვილი: დაპირისპირების დროს, მხარეები ცეცხლის შეწყევეტის აუცილებლობაზე საუბრობენ და როდესაც ამ საკითხზე თანხმდებიან შემდეგ სიტუაცია წყნარდება. სტატუს-ქვო შენარჩუნებულია და ამ მხრივ არაფერი იცვლება. სწორედ ასე მოხდა საქართველოში და ასეა ოკუპირებულ უკრაინაში, სადაც რუსეთმა ერთ ღამეში ყირიმში სამხედროების გადასროლით შეცვალა ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს კატასტროფაა, არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მახსენდება სხვა მაგალითი საქართველოს გარდა, სადაც მთლიანად მომხდარიყო ქვეყნის ტერიტორიული სტატუსის შეცვლა. 2014 წელს ოცი წელი შესრულდა მას შემდეგ რაც ხელი მოეწერა უკრაინაში ბირთვულ განიარაღებას. შეთანხმებას ხელი უკრაინამ, ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა მოაწერეს, რითაც აიღეს ვალდებულება ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოებაზე, თუმცა ოცი წლის თავზე რუსეთმა ეს გარანტია დაარღვია და ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. ყველა ეს მოვლენა უკავშირდება საერთაშორისო შეთანხმებების და ნორმების დარღვევას. როდესაც ასეთი საკითხის მიმართ ტოლერანტობას იჩენ, სხვა ქვეყნებისთვის სახიფათო გზავნილს აგზავნი, რომ მსგავსი ქმედება მეზობელ ქვეყანაში განახორციელოს.
ამერიკელი გავლენიანი პოლიტოლოგის დევიდ ფილიპსის კითხვა ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებს შეეხო. ხომ არ ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება, რომ ჟენევის ფორმატმა თავის თავი ამოწურა და რაიმე სხვა სტრატეგიას ამუშავებს?
დევიდ ფილიპსი: ეს ოკუპირებული ტერიტორიებია, რომელთაც ობამას ადმინისტრაცია აღიარებს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჟენევის პროცესი რეალურად კონფლიქტის რეზოლუციას და კონფლიქტის მიმდინარე საკითხების მართვას ეხება. არ ვარ დარწმუნებული, რომ თავისი მნიშვნელობით დისკუსიის პლატფორმა ისეთი შედეგიანია, რომ ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება დადგეს. პუტინის გამოსვლა ამ კვირაში გაეროს სხდომაზე უფრო მონოლოგი იყო ვიდრე დიალოგის გამართვის სურვილი საქართველოსთან ან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. არანაირი შანსი არ არსებობს მოლაპარაკებების, ვიდრე ეს რეჟიმი იარსებებს მოსკოვში.
პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებით კი ჟენევის მოლაპრაკები უნდა გაგრძელდეს. "ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ რუსეთთან და მოვიყვანოთ მოლაპარაკების მაგიდასთან. მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ პრობლემებზე საუბარი, იმაზე, რაც რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ეხება, და ვისაუბროთ რუსეთის ეროვნულ ინტერესებზე. რუსეთმა არამხოლოდ უკრაინა და საქართვლო დააზარალა, არამედ საკუთარი ეროვნული ინტერესებიც დააზიანა. ნახეთ, საქართველოს ორი რეგიონია ოკუპირებული. ვინმემ ამიხსნას რატომ მოხდა ეს ან ვინ მოიგო ამით. ჩვენ დროებით დავკარგეთ ეს ტეროტორიები, სადაც მოსახლეობა ცხორვობს და შრომობს. დავკარგეთ რუსეთის ქმედებების გამო, რომელსაც ერთ-ერთი უდიდესი ტერიტორია უკავია რუკაზე. ვერავინ მეტყვის, რაში სჭირდება ამხელა რუსეთს კიდევ რამდენიმე კილომეტრი, როდესაც ვერავინ ვერ იხეირა და ვერ მოიგო ამ სიტუაციით. თუ ვსაუბროთ უკრაინასა და საქართველოზე რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რუსეთი იმით, რომ მის სამეზობლოში დაძაბულობა და დესტაბლიზაიცია არსებობდეს?რატომ უნდა გინდოდეს, რომ ფოკუსირება გქონდეს შენს მეზობლად უკონტროლო ტეროტიროები იყოს, რატომ უნდა შექმნა ეს მდგომარეობა და სირთულეები? ამას არ აქვს არანაირი რაციონალური ახსნა, ეს რუსეთის საგარეო ინტერესი და პოლიტიკა არ უნდა იყოს. რას მიაღწია რუსეთმა ამით? ამას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ამიტომ ჩვენ გვსურს, სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკურზე, რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა და წყნარი მსჯელობა-", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გიორგი მარგველაშვილმა ქართულ მედიასთან კომენტარი გაეროში ვლადიმერ პუტინის გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
"ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის პათოსი და ერთობა, რაც ამ გამოსვლის შედეგად, იმედი მაქვს, ჩამოყალიბდება ჩვენს მოკავშირეებს შორის. ის რიტორიკა, რაც ჩვენ აქამდე გვაქვს მოსმენილი, სამწუხაროდ თვისობრივად არ არის შეცვლილი რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების მხირდან. თუმცა იმედი მაქვს რომ ჩვენი მოაკვშირეები ევროკავშირის ასევე ნატოს ქვეყნებიდან უფრო ორგანიზებულები იქნებიან და უფრო ნათლად ჩამოაყალიბენენ თავიან შეხედულებებს რუსეთის ფედერაციის ხედვებთან მიმართებაში."
საქართველოს პრემიერი-გაეროში, პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობათა საბჭოში. რუსეთის მიერ საქართველოში გახსნილი ორი ფრონტის, ორი ოკუპირებული ტერიტორიისთვის ბრძოლა ნიუ -იორკში ამ ფორმატით გაიშალა. "რატომ გაქრა ბოლო დროს საქართველო ამერიკული მედიის აქტიური რადარებიდან"?- საგარეო ურთიერთობათა საბჭოში შეხვედრის მოდერატორმა ტომას გრამმა პრეზიდენტს პირველად სწორედ ეს ჰკითხა. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისი ვიზიტი ამას ისახავს მიზნად, რათა საქართველოს თემატიკა კიდევ უფრო აქტიურად გამოჩნდეს საერთაშორისო რადარებზე. სამშაბათს, პრეზიდენტი შეხვედრებს უკვე ვაშინგტონში იწყებს.