28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა პოლიტიკურ პარტიებს გულში ღრმად ჩახედვისკენ უბიძგა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ერთი დღის გამოცდილებით მოვლენები გადააფასეს. ესაა ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ის პრიზმა, რომელში გავლილი სხივებიც ხელისუფლებამდე მიდიოდა, არასწორ ანარეკლს ქმნიდა. მმართველმა გუნდმა ხედვის პრიზმის ცვლილების თაობაზე განცხადებების გაკეთება დაიწყო. მანამდე კი, „არჩევნების შემდგომ მცირე დაბნეულობას“ ჰქონდა ადგილი. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ზეპარტიული პრეზიდენტობის კანდიდატი კი საერთოდ გაიბუტა და ორი დღე ტაიმაუტი აიღო.
არჩევნების შედეგებმა და მეორე ტურის ფაქტორმა პოლიტიკურ პლატფორმაზე ყველაფერი გაამკვეთრა, გააშავთეთრა, უფრო რადიკალური და პოლარიზებული გახადა, ვიდრე ეს აქამდე იყო და სახეზეა ღია და დაუნდობელი ბრძოლა იმ ერთი პოსტის მოსაპოვებლად. პოსტისა, რომელსაც მოქმედი კონსტიტუციით მმართველობის განხორციელებისთვის ბერკეტი არ გააჩნია, მაგრამ როგორც იტყვიან - გამარჯვება პრინციპის საკითხია.
ხელისუფლება ამბობს, რომ ხალხის ხმამ მის ყურამდე მიაღწია და აწი ყველაფერს ისე დაგეგმავს და განახორციელებს, როგორც ეს ხალხს სურს. ფაქტობრივად, ერთ დღეში შეიცვალა მესიჯები და 180 გრადუსით შემობრუნდა კამპანიები, რაც თვეების განმავლობაში სრულიად სხვა კურსით ვითარდებოდა. იმ კურსის სისწორისა და საუკეთესოობის შესახებ მტკიცებაში კი უამრავი ენერგია, ადამიანური და ფინანსური რესურსი იხარჯებოდა. თვეების ნაღვაწს, ნამუშევარს, გამართლებისა და საუკეთესო ვარიანტად წარმოჩენის მცდელობებს არჩევნებიდან მეორე დღესვე ხაზი გადაესვა. ერთ დღეში "ოცნებამ" აღმოაჩინა, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე მცდარ გზას ადგა, რომ მარიხუანის კულტივაციაზე საერთოდ სიტყვა არ უნდა დაეძრა და არც იმაზე უნდა დაეხუჭა თვალი, მისი საპრეზიდენტო კანდიდატი ომის დაწყებაში ქართულ მხარეს რომ ადანაშაულებდა. დღეს ვიგებთ, რომ მმართველ გუნდს აეხილა თვალები, ახლა დაინახა, რომ არასწორად ფიქრობდა, არასწორად აზროვნებდა და არასწორად მოქმედებდა, ამიტომაც დაუყოვნებლივ გადაწყვიტა ბრუნება ზურგისკენ, უკუღმა/ საპირისპირო მიმართულებით. ამიტომაც სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლაში განაცხადა, რომ „არ აპირებს საქართველო ვაშაძესა და რუსეთს დაუთმოს.“ ამ განცხადებით ის ამბობს, რომ თვითონ კი არაა „რუსული პროექტი“, არამედ ასეთი ვაშაძეა. ამით, „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯ-ბოქსის საკმაოდ მძლავრი ბერკეტის დაუფლებას ცდილობს, ცდილობს თავად იგდოს ხელთ „მტრის იარაღი“.
ბრძოლა კი სულ უფრო აქტიურ ფაზაში შევა. ოცნება ყველა შეცდომის გამოსწორების დაწყებას ერთბაშად ცდილობს.
პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ კანაფის კულტივირების შესახებ კანონ-პროექტის პარლამენტიდან გაწვევა მოითხოვა და არჩევნებზე საკმარისი ხმების მიუღებლობა მარიხუანას კანონპროექტით განაწყენებული მოსახლეობის რეაქციით ახსნა. „ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იყვნენ რეალისტები, დაუკვირდნენ ხალხის განწყობებს და ის ნაბიჯები გადადგან, რაც გადასადგმელია“,- ამბობს უმრავლესობის დეპუტატი.
მთლიანად მობილიზებული და აქტიურობის ახალ ფაზაში მყოფი რეაგირებს თბილისის მერიაც. დღეს კალაძემ სამგორისა და ლილოს დამაკავშირებელი მიწის ზედა მეტროს შესახებ პროექტზე ისაუბრა, რომლით სარგებლობაც სამ წელიწადში იქნება შესაძლებელი. მერია ტენდერის გამოცხადებას ნოემბერში გეგმავს. ესაა ხელისუფლების პასუხი საერთო უკმაყოფილების კიდევ ერთ საგანზე: მუდმივად გადატვირთულ გზებზე - საცობების პრობლემა ახალი მეტროს სადგურების მშენებლობით უნდა გადაწყდეს.
მერია დღეს გამოეხმაურა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას - ჰაერის დაბინძურებას და გამოაცხადა ბრძოლა მტვრის ნაწილაკების წინააღმდეგ. „ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე სუფთა, ყველაზე მოწესრიგებული,“ - განაცხადა კალაძემ. ასევე ითქვა იმის თაობაზეც, რომ კონსულტაციები უკვე დაწყებულია კამპანიაზე „გაუფრთხილდი ქალაქს“. ამ კამპანიით სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გაძლიერდეს, რათა დაუდევარმა მოქალაქეებმა ქუჩებში მწვანე ნარგავები აღარ დააზიანონ. ასე რომ, მმართველ გუნდს ამ დროისთვის მზად აქვს უკვე ის სამოქმედო ჩარჩო, რასაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის გამოიყენებს. მისი მესიჯია, რომ გაიგო ხალხის ხმა და ახლა მხოლოდ მოქალაქეების სურვილებზე იქნება ორიენტირებული.
საქმე მთლად მშვიდობიანად და მხოლოდ განცხადებების პლასტში არაა. ძალადობის შემთხვევები არჩევნების შემდგომ დაფიქსირდა. მაგალითად, ახალქალაქში მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციას ძალადობრივად გაუსწორდნენ. ამ საქმეში პარლამენტის მოქმედი დეპუტატის გვარიც ფიგურირებს. კიდევ ერთმა დეპუტატმა უმრავლესობიდან, გედევან ფოფხაძემ კი საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატის გაუმარჯვებლობის შემთხვევაში, საერთოდ აპოკალიპტური სურათი წარმოადგინა: მან განაცხადა, რომ, თუ სალომე ზურაბიშვილი არ გაიმარჯვებს, შესაძლოა, მოვლენები სამოქალაქო ომის სცენარით განვითარდეს.
დიმიტრი სამხარაძემ, ასევე დეპუტატმა უმრავლესობიდან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა: „ცეცხლს ნუ ეთამაშებით, ისედაც მაქსიმალურად ვითმენთ და წკიპზე ვართ ნამდვილები. ერთი კიდევ მსგავსი ქმედება და თქვენი დანდობის... რა თქმა უნდა, კანონის დაცვით ჩამოგილეწავთ კბილებს. არ მაინტერესებს არც პარტიულობა და არც დეპუტატობა. ჩემი ქვეყნის შვილი ვარ. რიგითი ჯარისკაცი. სიცოცხლეს დავთმობ და არ მოგცემთ ქვეყნის არევის უფლებას. ყოფას გიტირებთ. ვიმერებ, დააყენეთ და კანონის ფარგლებში დაბრუნდით, სანამ არ გაგყარეთ თქვენს მამინაცვალ მიშაიასთან“. მოგვიანებით, დეპუტატის ეს სიტყვა მმართველ გუნდში ენის მხატვრული გამოხატვის თავისებურებებითა და „პოლიტიკური კბილებით“ ახსნეს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ძალადობრივი რიტორიკის ჩამოყალიბებაში არც თუ უმნიშვნელო წვლილი მიუძღვის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. მან არჩევნებამდე ერთ-ერთ ინტერვიუში, შემდგომ კი ბიუროს სხდომაზე რამდენიმეგზის, ხაზგასმით თქვა: „კი, ნაციონალურ მოძრაობას თავში ჩავარტყამთ“. პარლამენტის თავმჯდომარე, მართალია, ამას მხოლოდ ფიგურალურად გულისხმობდა, თუმცა მისმა ზოგიერთმა თანაგუნდელებმა, როგორც ჩანს ეს პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და მართლაც გაუტეხა თავები ოპონენტებს ახალქალაქში. საქმე სსკ 239 ხულიგნობის მუხლითაა აღძრული. ოპოზიცია მოითხოვს ინციდენტში მონაწილე უმრავლესობის დეპუტატს ახალქალაქიდან ენზელ მკოიანს უფლებამოსილება და იმუნიტეტი შეუწყდეს.
დეპუტატი ოცნებიდან სოფო კილაძე არც ოპონენტებს ენდობა და არც ძალადობის ამსახველ ვიდეო-კადრებს. „გამოძიებას უნდა მივცეთ გარკვეული ვადა, რომ დაადგინოს, რა მოხდა. ჩვენ ვიხილეთ სხვა ჩანაწერები, სადაც ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციული ქმედებები დავინახეთ. ის, რასაც ამბობენ ჩვენი ოპონენტები, ძალიან ხშირად არის სიცრუე და ამ შემთხვევაშიც, მე არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ისინი სწორ განცხადებებს აკეთებენ. უნდა დაველოდოთ გამოძიებას,“- ამბობს კილაძე.
ყველაზე დაუნდობელი ბრძოლის დასაწყისი კი საზოგადოებამ დღეს იხილა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს მოკლული ახალგაზრდების მშობლები საგანგებო შტაბს ქმნიან, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიხსნება. „ოჯახები არჩევნების მეორე ტურისთვის საზოგადოებას მობილიზაციისა და აქტიურობისკენ მოუწოდებენ, რათა არ დაუშვან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვება,- აცხადებს ტელეკომპანია იმედი. ია მეტრეველი - ბუტა რობაქიძის დედა კამპანიის სათავეშია და ამბობს, რომ მისამართს, სადაც განაწყენებული ადამიანები უნდა შეიკრიბნონ ცოტა ხანში გამოაცხადებს. „ჩვენ ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას გამარჯვებისთვის. როგორ შეიძლება ხმა მისცე იმას, შვილს რომ მოუკლავს ვინმეს, რომ დაატერორებს. ხვალ-ზეგ ვის გააუბედურებენ არავინ იცის,“- აცხადებენ კამპანიის წევრი შვილმკვდარი მშობლები იმ დროს, როდესაც მათ მიერ მხარდაჭერილი მმართველი გუნდი ასევე შვილმკვდარ მშობლებს ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სამოქალაქო პროტესტისთვის პირობების შექმნაზე უარს ეუბნება რუსთაველის გამზირზე. ასე რომ, საპრეზიდენტო კამპანია, ყველაზე აგრესიული და დაუნდობელი სახელწოდებით „შვილმკვდარი მშობლები შვილმკვდარი მშობლების წინააღმდეგ რუსთაველზე“ ჯერ კიდევ წინაა.