აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ჯო ბაიდენის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილი მისალოცი წერილის შინაარსი საქართველოს მთავრობის ოფიცალურ ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა:
„ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას“.
მისალოც წერილში ნათქვამია, რომ ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო, ღირშესანიშნავი თარიღი, არამედ "ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც. როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში."
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წერილში აცხადებს, რომ აშშ აღიარებს " გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“.
შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა“, - ნათქვამია ბაიდენის მისალოც წერილში.