ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რესპუბლიკელი მოკავშირეები კონგრესში აცხადებენ, რომ ისინი დაიწყებენ გამოძიებას 2016 წლის არჩევნებში რუსეთსა და ტრამპის გუნდს შორის გამოძიების უკან მყოფ ადამიანებზე.
„ბევრი ადამიანია, რომელთაც ბევრი ძალიან ბოროტული რამ აქვს ჩადენილი, ცუდი რამეები, მე ვიტყოდი, მოღალატეობრივი ქმედებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - თქვა ტრამპმა. „ამ ადამიანებს ნამდვილად შევამოწმებთ“, - დაამატა მან.
გამოძიების მიმდინარეობისას, ბევრმა დემოკრატმა სხვადსასხვა დროს განაცხადა, რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ ტრამპის ახლო წრე რუსეთთან გარიგდა.
„დემოკრატებმა და ლიბერალურმა მედიამ პრეზიდენტ ტრამპს ბოდიში უნდა მოუხადოს“, - თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა.
სენატორმა ლინდსი გრემმა, სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოკავშირემ ორშაბათს თქვა, რომ ის დებს პირობას „ისტორიის მეორე მხარე გახსნას“ და შეისწავლოს საკითხი, თუ როგორ დაიწყო გამოძიება.
ორი წლის განმავლობაში, პრეზიდენტი ტრამპი მიმდინარე გამოძიებას მოიხსენიებდა, როგორც „კუდიანებზე ნადირობას“. გამოძიების დასრულების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ არასდროს, რომ ეს სხვა პრეზიდენტსაც შეემთხვეს“.
კომენტარები პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის დასკვნის ოთხგვერდიანი შეჯამება გამოაქვეყნა. 22- თვიანმა გამოძიებამ დაადგინა, რომ პრეზიდენტი რუსეთთან არ გარიგებულა. გამოძიებას ბევრი ადამიანის დამნაშავედ ცნობა და ბრალის აღიარება მოჰყვა, თუმცა არა რუსეთითან გარიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ბარმა 4 გვერდიანი შეჯამება კონგრესს კვირას გაუგზავნა და მისი ტექსტი გაასჯაროვა. გაგზავნილ წერილში ბარი ამბობს, რომ რუსეთი ეჭვგარეშედ ჩაერია ამერიკის 2016 წლის არჩევნებში, თუმცა ტრამპი და მისი საარჩევნო გუნდი მოსკოვთან არ გარიგებულა, რათა ამ უკანასკნელს არჩევნებში გამარჯვებისთვის მიეღწია. ბარის წერილის გამოქვეყნებიდან მალევე, პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე" განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "არ არის თანამშრომლობა, არ არის [მართლმსაჯულებისთვის] ხელის შეშლა, [ბრალდებისგან] სრული და ტოტალური გათავისუფლება. ვინარჩუნებთ ამერიკის სიდიადეს!"
სპეცილურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა “კონფიდენციალური ანგარიში” ამერიკის გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს 22 მარტს გაუგზავნა. ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას და პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის, სავარაუდო კავშირებს და პრეზიდენტის მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებას იძიებდა.
წერილში ბარი ამბობს, რომ მალერის თქმით, გამოძიებაზე 19 იურისტი, გამოძიების ფედერალური ბიუროს 40 აგენტი, დაზვერვის ანალიტიკოსები, ბუღალტერ-კრიმინალისტები და სხვა პროფესიის ადამიანები მუშაობდნენ. გამოძიების განმავლობაში მათ 2800-ზე მეტი ჩვენების მიცემის მოთხოვნის სანქცია გასცეს, 500-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს და 500-ზე მეტი მოწმე დაკითხეს.
გენერალური პროკურორის განცხადებით, მალერის სრული გამოძიება “კონფიდენციალურ ანგარიშად” დარჩება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია, ბარმა პირობა დადო, რომ გაასაჯაროებს ანგარიშის ყველა იმ ნაწილს, რომლის გავრცელების უფლებასაც კანონი და რეგულაციები მისცემს.
მართლმსაჯულებისთვის პრეზიდენტის მიერ ხელის შეშლის საკითხზე, რომელსაც მალერი ასევე იძიებდა, ბარმა დასკვნიდან ციტატა მოიყვანა, სადაც ნათქვამია, რომ “ეს ანგარიში არ ასკვნის, რომ პრეზიდენტმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ არც ათავისუფლებს მას ბრალდებისგან.”
ბარი აცხადებს, რომ იმის გამო, რომ მალერმა საკუთარ ანგარიშში იურიდიული დასკვნა არ გააკეთა პრეზიდენტის მიერ დანაშაულის ჩადენასთან თუ უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ამ დასკვნის გაკეთება წარმოდგენილ, ფაქტებზე დაყრდნობით, გენერალური პროკურორის ვალდებულება გახდა. იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ პირებთან და იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ და ფედერალური კანონის პრინციპების გათვალისწინებით, “გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენსტინმა და მე დავასკვენით, რომ სპეციალური ძიების დროს შემუშავებული სამხილი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავასკვნათ, რომ პრეზიდენტმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის დანაშაული ჩაიდინა,” - განაცხადა წერილში ბარმა.
კაპიტოლიუმის ბორცვზე, კანონმდებლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა გამოძიების დასკვნასთან დაკავშირებით. კონგრესის დემოკრატი ლიდერები დასკვნის გასაჯაროებას და ასევე, დამოუკიდებლად იმის დადგენის უფლებას ითხოვენ- შეუშალა, თუ არა პრეზიდენტმა გამოძიებას ხელი.
„პრეზიდენტის განცხადება, რომ ის სრულიად გამართლებულია, ეწინააღდეგება მალერის სიტყვებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ როგორც უტყუარი“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ, სენატის უმცირესობის ლიდერთან ჩაკ შუმერთან ერთად გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაში.
დემოკრატები წერილში აღნიშნავენ, რომ გენერალური პროკურორის წერილი „იმდენ კითხვას წარმოშობს, რამდენსაც ის პასუხობს. ფაქტი, რომ სპეციალური გამომძიებლის მალერის დასკვნა არ ამართლებს პრეზიდენტს ისეთ სერიოზულ ბრალდებაზე, როგორიც გამოძიებისთვის ხელისშეშლაა, აჩვენებს თუ რამდენად აუცილებელია მთლიანი ანგარიშის და დართული დოკუმენტაციის გასაჯაროება“, - ნათქვამია წერილში.
საპასუხოდ, რესპუბლიკელმა სენატორმა ტეხასიდან ჯონ კორნინმა კონგრესს მოუწოდა, რომ საკითხი დახურონ. მან ასევე მოუწოდა დასკვნის გასაჯაროებისკენ, იუსტიციის დეპარტამენტის რეგულაციების შესაბამისად, და რუსეთის გამოძიების დაწყების გარემოებების შესწავლისკენ მოუწოდა.
რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს ბარი წარსდგება სენატის წინაშე.
მალერმა 25 რუსი, ამერიკის არჩევნებში ჩარევაში დამნაშავედ ცნო. ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი ან ბრალი აღიარა ტრამპის ექვსმა მრჩეველმა და დამხმარემ. მათ შორის არიან პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი, მისი პირადი ადვოკატი, მაიკლ კოენი და საარჩევნო კამპანიის მენეჯერი პოლ მანაფორტი.