"ენმ"-ის პოზიცია - მიშელის დოკუმენტი

ნიკა მელია საკანში

"რა გამოდის - ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია!“ - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის პატიმრობაში მყოფი თავმჯდომარე, ნიკა მელია მმართველ პარტიასთან შეთანხმების საკითხებს. მელია მიიჩნევს, რომ ამჟამად შეთავაზებული ფორმით შეთანხმება არ უნდა შედგეს.

„ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული "თავისუფლების" შედეგი რა იქნება - შეწყალებული, მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები.

და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება.

მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა.

ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება", - წერს ნიკა მელისა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

იმავე პოზიციაზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, აკო მინაშვილი. მისი განცხადებით, პარტია შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა ბუნდოვანია.

შემოთავაზება, რაც ეხება ვადამდელ არჩევნებს, ესაა არასწორი მიდგომა, რადგან თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება.
აკაკი მინაშვილი

„ამ ვერსიით, რაც წარმოდგენილია, ჩვენ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ შემდეგი მიზეზებით: ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ საუბარია გირაოზე და თქვენ კარგად იცით ნიკა მელიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარია ამნისტიაზე საკმაოდ ფართო გაგებით და მოიცავს იმ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალის გამოყენებით ზიანი მიაყენეს რუსეთის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ჩვენს მოქალაქეებს. ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. სუსტი წერტილებია თუნდაც ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კიდევ 2 წელი რჩება პოზიციაზე. გაურკვეველია როდის ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს, საუბარი არაა ახალ მოსამართლეებზე, რაც ნიშნავს, რომ რეალური ცვლილებები ვერ განხორციელდება.

ის შემოთავაზება, რაც ეხება ვადამდელ არჩევნებს, ესაა არასწორი მიდგომა, რადგან თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება.

იმისთვის, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დოკუმენტს ხელი მოაწეროს, მნიშვნელოვანია, რომ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით, უპირობოდ გათავისუფლდეს და ამის მერე იხსნება შეთანხმებისთვის სივრცე. ასევე მკაფიო უნდა იყოს გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმები. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადმინისტრაცია შემდეგი არჩევნებისთვის. საჭიროა სასამართლო რეფორმის სერიოზული ცვლილებები, ახალი მოსამართლეები და მათ შორის უცხოელებიც, თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება მართლმსაჯულების საკითხებზე. ასევე მნიშნელოვანია ვადამდელი არჩევნები. მსოფლიოში არავის გამოუგონია კრიზისების დაძლევის უკეთესი მექანიზმი, ვიდრე არჩევნებია. ესაა საუკეთესო გამოსავალი. მივცეთ მოქალაქეებს საშუალება ხმა მისცენ იმ პარტიას, ვის მიმართაც ნდობა აქვთ“ - აცხადებს მინაშვილი.

მიმაჩნია, რომ ოპოზიციასაც მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავადაც.
სალომე სამადაშვილი

პარტიის თავმჯდომარისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს „ენმ“-ს კიდევ ერთ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილს. ის მიიჩნევს, რომ დოკუმენტი კომპრომისულია, ამიტომ, კომპრომისზე ოპოზიციაც უნდა წავიდეს. სამადაშვილი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე პარტიამ პოლიტსაბჭოს გაფართოებულ ფორმატში უნდა იმსჯელოს.

„ჩემი აზრია, რომ უკეთესი იქნებოდა დოკუმენტში ჩადებულიყო პლებისციტის საკითხი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ის ვარიანტი, რომელსაც მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი - ჩატარდეს პლებისციტი ახალ კონსტიტუციაზე, რომელიც შემოიღებს ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში სრულად პროპორციულ სისტემას და დაბალ, 2%-იან ბარიერს. მე ეს მიმაჩნდა უფრო სწორად, მაგრამ თუ ამაზე არ მოდის „ქართული ოცნება“ და მაინცდამაინც უნდა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმის ფორმულა დააფიქსიროს შეთანხმებაში - ადგილობრივი არჩევნების შედეგით განისაზღვროს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, ვფიქრობ, ესეც კომპრომისული ვარიანტია. ოპოზიციასაც აქვს შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად გადააქციოს საკუთარი ერთიანი ფრონტით.

ყველაზე ცუდი ამ შემთხვევში, რაც შეიძლება მოხდეს იქნება ის, რომ ნაწილმა მოაწეროს ხელი ოპოზიციიდან ამ დოკუმენტს და ოპოზიციის ერთიანობა დაირღვეს. ეს იქნება საკმაოდ დამაზიანებელი პოლიტიკური პროცესისთვის. მიმაჩნია, რომ ოპოზიციასაც მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავადაც“, - განაცხადა სამადაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ასევე ნახეთ: ოცნებამ ვაჭრობა დაამთავრა

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - "სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.