ღარიბი ეკლესია და ეკლესია ღარიბებისთვის

რომის ახალ პაპს სურს კათოლიკურ ეკლესია უფრო ღარიბი იყოს და ღარიბებს მეტად დაეხმაროს

Your browser doesn’t support HTML5

ვატიკანი

რომის ახალმა პაპმა პრანცისკე პირველმა არჩევიდან მესამე დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. ტრადიციულად სკეპტიკურად განწყობილმა მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსულმა ასობით ჟურნალისტმა ის აპლოდისმენტებით მიიღო.

დიდ თეთრ სავარძელში მჯდომმა პაპმა მედიის მნიშვნელობის შესახებ საკმაოდ ფორმალური სიტყვა წარმოთქვა და სთხოვა ჟურნალისტებს უკეთ გაცნობოდნენ კათოლიკურ ეკლესიას, „როგორც მის ღირსებებს, ასევე მის ცოდვებს“. ამასთან საკუთარ პროფესიაში გირჩევთ მეტი კონცენტრირება „სიმართლეზე, სიკეთეზე და სილამაზეზე“ გააკეთოთ, აღნიშნა პაპმა. ამის შემდეგ ფრანცისკე პირველმა კონსპექტები გვერდით გადადო და შეეცადა ნაკლებად ფორმალური ყოფილიყო.

მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, დაიწყო პაპმა და ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ გამართული კონკლავის -კარდინალთა კოლეგიის საიდუმლოებით მოცული, დახურული კრების- ერთ-ერთი ეპიზოდის შესახებ მოუთხრო. ფრანცისკე პირველს სურდა ჟურნალისტებს სცოდნოდათ, თუ რატომ აირჩია მან იმ ადამიანის სახელი, რომელიც ასკეტიზმთან, სიღარიბესთან და მშვიდობასთან ასოცირდება. თურმე როდესაც ახალი პაპის არჩევნები დასასრულს უახლოვდებოდა და ხმის დათვლის პროცესში მისი, არგენტინის კარდინალ, ხორხე მარიო ბერგოლიოს კანდიდატურის გამარჯვების შანსი გამოიკვეთა, მომავალ პაპს ერთ-ერთმა მეგობარმა კარდინალმა მიმართა.

ბრაზილიის კარდინალი, კლაუდიო ჰუმესი გადამეხვია და მთხოვა, რომ არასოდეს დამევიწყებინა ღარიბები - ყვება ფრანცისკე პირველი. მას თურმე მაშინათვე წმიდა ფრანცისკე ასიზელი მოაგონდა, რომელიც ღატაკთა და უქონელთა მფარველად ითვლება და ქრისტიანობაში ერთ-ერთი უბადლო მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება გადაიქცეს სიღარიბე სხვებისთვის გასაცემ შინაგან სიმდიდრედ.

ამის შემდეგ პაპმა წარმოთქვა სიტყვები, რომელიც იმ დღეს მსოფლიო მედიაში ყველაზე ხშირად ციტირებადი გახდა. ახალმა პაპმა წმიდა ფრანცისკე ასიზელი „ღარიბ ადამიანად მოიხსენია, რომელიც ჩვენ სულიერ სიმშვიდეს გვანიჭებს“ და დასძინა, რომ მას სურს იხილოს „ღარიბი ეკლესია ღარიბი ადამიანებისთვის“.

ფრანცისკე პირველმა არჩევისთანავე უარი თქვა პაპისთვის განკუთვნილ ლიმუზინზე და ყველა დანარჩენ კარდინალთან ერთად ავტობუსით იმგზავრა, სასტუმროს ნომერში დაბრუნდა და საფასურის გადახდა ყველა დანარჩენივით მოითხოვა. არგენტინის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ახალი პაპი ბევრი კუთვნილი პრივილეგიით არც სამშობლოში სარგებლობდა და ბუენოს აირესშიც მეტროთი მგზავრობას ამჯობინებდა. ამბობენ, რომ ის საფეხბურთო მატჩების ხშირი სტუმარი იყო და ძალიან უყვარდა ტანგო. პაპმა ასევე უარი თქვა იმ ძვირფასი ტანისამოსის და ტრადიციული აქსესუარების ტარებაზე, რომელსაც მისი წინამორბედები ხმარობდნენ.

თავად მესამე დღესვე გამართული პრესკონფერენციაც ვატიკანისთვის საკმაოდ უცნაური მოვლენაა, პაპები უმეტესად ინტერვიუებზე უარს ამბობენ. იტალიურად გაკეთებულ მიმართვაში და კომენტარებში რომაული კათოლიციზმის მიმდევრებს ახალმა პაპმა სთხოვა არ დაევიწყებინათ, რომ ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრში ქრისტეა და არა რომის პაპი.

ფრანცისკე პირველს 1.2 მილიარდიანი, მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლის წინამძღოლობა მოუწევს. თანაც იმ დროს, როცა რომაული კათოლიციზმის სათავესთან რამდენიმე გახმაურებული სკანდალი ასოცირდება. მათ შორის: კორუფციის, უსაზღვრო ბიუროკრტატიის და ეკლესიის წინამძღვრების სექსუალური ძალადობის ფაქტებიც არის. ამ საკითხებთან დაკავშირებით რომის პაპს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ეკლესიის მიმდევრები და საერთაშორისო საზოგადოება მტკივნეულ პრობლემებზე მისგან პასუხს უახლოეს მომავალში ელის.

და ბოლოს კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მსოფლიოს მედიაში რომის ახალი პაპის სახელს უკავშირდება. მისი წინამორბედის, ბენედიქტე მეთექვსმეტეს გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთმა ესპანელმა გოგონამ, სახელად იოლანდა დე მენამ „ტვიტერზე“ შემდეგი გზავნილი დადო: „ჩემმა შეყვარებულმა გამთენიისას, 4 საათზე გამაღვიძა და მითხრა, რომ მას ახალი რომის პაპი დაესიზმრა და მას ფრანცისკე პირველი ერქვა“. ალეხანდრო როდრიგეს დე კაბოს სიზმრის ამსახველი „ფოტო-ტვიტი“ ინტერნეტ-მედიის სენსაცია გახდა. ჯერ მარტო „ტვიტერზე“ ის 80 ათასზე მეტმა ადამიანმა გაავრცელა.