კონგრესი პაპის ვიზიტისთვის ემზადება

შეერთებული შტატების კონგრესში რომის პაპს ელოდებიან. განსაკუთრებით აღფრთოვანებულია ადამიანი, ვინც პაპი პირადად დაპატიჟა - სენატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა პაპის ვიზიტის წინ საგანგებო ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

„მისი დამოკიდებულება ღარიბებისადმი, ხედვა რომ ადამიანები უფრო რელიგიურები უნდა იყვნენ. მას რამდენიმე საკითხზე წინააღმდეგობრივი მოსაზრება აქვს, მაგრამ ის რომის პაპია.“

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პაპის წინააღმდეგობრივი მოსაზრებების გამო ბეინერმა შესაძლოა მისი მოწვევა ინანოს. რომის პაპმა წარსულში არაერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ ეკონომიკური უთანასწორობა და კლიმატის ცვლილება ჩვენს პლანეტას დიდ საფრთხეებს უქმნის, ვატიკანი ასევე მიესალმა ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას. რომის პაპის ეს შეხედულებები პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხედვებთან უფრო ახლო დგას, ვიდრე რესპუბლიკელების პოლიტიკასთან.

კათოლიკე მოძღვარი ტომას რიზი ამას შემდეგნაირად ხსნის.

„კონგრესში გამოსვლისას თუ ის იტყვის, რომ ამერიკამ იმიგრანტები უნდა მიიღოს, უნდა იზრუნოს ღარიბებზე ან დაიცვას გარემო - დემოკრატები მას ფეხზე დაუდგებიან და ტაშს დაუკრავენ. რას იზამენ მაშინ რესპუბლიკელები? თუ ისინიც ადგებიან და ტაშს დაუკრავენ ამით ჩაის სმის პარტიას გააბრაზებენ.

იმედი მაქვს პაპი კონგრესს ასევე ეტყვის- დადექით თქვენი პარტიული ინტერესების მიღმა, გაერთიანდით და პრობლემები ერთად გადაწყვიტეთო, ამ შემთხვევაში მას ტაშს მთელი ამერიკა დაუკრავს.“

არსებობს სხვა საკითხები, როგორიცაა ერთსქესიანი ქორწინება და აბორტი, რომლებზეც რომის პაპის მოსაზრება ბევრ დემოკრატსაც არ მოსწონს.

რომის პაპი ვაშინგტონში დღეს ნაშუადღევს კუბიდან ჩამოდის, ენდრიუს ბაზაზე მას პრეზიდენტი ობამა, პირველი ლედი, ვიცე პრეზიდენტი ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილ ბაიდენი შეხვდებიან.