AGRI - საქართველო ახალ ენერგეტიკულ სამკუთხედში

აგვისტოს ომის შემდეგ, პირველად, საქართველო კიდევ ერთ ენერგეტიკულ სამკუთხედში ჩაება. აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებმა ალიევმა, სააკაშვილმა და ბასესკუმ, „ბაქოს დეკლარაციის“ ხელმოწერით, სათავე დაუდეს - რუსეთის გვერდის ავლით. ბუნებრივი აირის ახალ ალტერნატიულ მარშუტს ევროპისკენ.

შაჰ-დენიზი-ყულევი-კონსტანცას გავლით აზერბაიჯანული აირი პირდაპირ ევროპაში მოხვდება. ახალ პროექტზე, სახელწოდებით AGRI, (Azerbaijan-Georgia-Romania Interconnector) მიერთების სურვილი უკვე გამოთქვეს თურქეთმა, უკრაინამ, ბულგარეთმა და უნგრეთმა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა AGRI-სთან დაკავშირებით კერძოდ თქვა

“ბაქოში ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, ევროპის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ახალი პროექტის შესახებ.

ეს გულისხმობს, გათხევადებული აირის ტერმინალების მშენებლობა საქართველოსა და რუმინეთს შორის და ამ ტერმინალებისთვის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან მოხდება.

საქართველოსა და რუმინეთის გავლით, ბუნებრივი აირი უნგრეთსაც მიეწოდება. საუბარია, დაახლოებით, ოთხი-ხუთი მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების პროექტზე. ამ პროექტის სრულად ამოქმედების შემდეგ, ნავარაუდევია წელიწადში რვა მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება ევროპის მიმართულებით.“

ბუნებრივი აირის ექსპორტს, ახალი მარშუტით, ერთობლივი აზერბაიჯანულ-ქართულ-რუმინული კომპანია გააკონტროლებს. ის აზერბაიჯანულმა კომპანია "სოკარმა", საქართველოს გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციამ და რუმინეთის სახელმწიფო კომპანია „რუმგაზმა“ თანაბარი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს. რუმინეთის ეკომონიკის მინისტრმა იონ არიტონმა აღნიშნა

„ახალი ენერგოდერეფანი ევროკავშირისთვის ენერგორესურსების დივერსიფიცირებულად მიწოდების საშუალებას იძლევა, რაც ენერგეტიკულ უსაფრთოებას უზრუნველყოფს.

ამ პროექტით საქართველოში აშენდება ბუნებრივი აირის გამათხევადებელი ტერმინალი და შემდეგ აირის ტრანსპორტირება საქართველოდან ტანკერებით მოხდება რუმინეთში, სადაც ასევე განახლდება ტერმინალი კონსტანცაში“

პროექტის მიხედვით, წელიწადში, ევროპის მიმართულებით. დაგეგმილია ოთხიდან რვა მილიარდამდე კუბური მეტრი აირის გადაქაჩვა. გავლენიანი კონსალტინგური კომპანია „აღმოსავლეთ ევროპის გაზის ანალიზი“ (East European Gas Analysis), რომელიც პენსილვანიაში მდებარეობს, საკუთარ ვებ-გვერდზე უკვე გამოეხმაურა AGRI-ის დაბადებას და პროექტს ეკონომიკურად მომგებიანი უწოდა. ეს მთავარი ფაქტორია, რომ პროექტში მსხვილი სახელმწიფო და კერძო კაპიტალდაბანდებები განხორციელდეს.

„AGRI-ის წინასწარი ღირებულება ხუთ მილიარდ დოლარამდე მერყეობს. შაჰ-დენიზიდან შავ ზღვამდე ბუნებრივი აირის გადაქაჩვა ათას კუბურ მეტრზე 45 დან 90 ამერიკულ დოლარამდე დაჯდება.

უკვე შავი ზღვით გათხევადებული გაზის ტანკერით გადაზიდვაზე დანახარჯი ყოველ ათას კუბურ მეტრზე ხუთი დოლარზე მეტს არ მოითხოვს.

ყველა სატრანსპორტო, ასევე რეგაზიფიკავიაზე ხარჯი ათას კუბურ მეტრზე 100-დან 160 დოლარამდე იქნება, ასე რომ, პროექტს თავისუფლად შეუძლია მომგებიანი იყოს.“

მიუხედავად იმისა, რომ AGRI-ი ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას, თუნდაც, იგივე რუსული „გაზპრომის“ ამბიციურ პროექტს - „სამხრეთის ნაკადს“, მოსკოვში ახალი ენერგოდერეფნის დაბადებას ხაზგასმულად ცივად შეხვდნენ.

რუსული პრესა განსაკუთრებით მწვავედ დაესხა თავს რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, რომელიც ასევე დაესწრო ბაქოს სამიტს. ორივე ეს ქვეყანა „გაზპრომის“ კლიენტია და რუსები შიშობენ, რომ ალტერნატიული წყაროს გაჩენა ამ ბაზრებზე "გაზპრომის" ჰეგემონიას საფრთხეს შეუქმნის.

მოსკოვში არც ბაქოსთან ურთიერთობის გაციებას გამორიცხავენ. სექტემბრის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ბაქოში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის უპრეცედენტოდ მაღალ ფასში შესყვიდის შესახებ, იმ პერსპექტივით, რომ ახლო მომავალში რუსული მონიპოლისტი „გაზპრომი“ მთლიანად შეისყიდიდა აზერბაიჯანულ გაზს.

ბაქოელი პოლიტოლოგი საჰილ ისკანდეროვი ამბობს, ბაქო ყველა მიმართულებით გააგრძელებს ბუნებრივი აირის ექსპორტს.

„ექსპერტების შეფასებით, ეს პროექტი უფრო გამართლებულია ფინანსურად, გეოპოლიტიკურად, პოლიტიკურად და გეოგრაფიულად. მე ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმებები განხორციელებადია.

რაც შეეხება პრეტენზიებს, აზერბაიჯანმა უკვე დიდი ხანია გამოუცხადა თავის პარტნიორებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ ბუნებრივ აირს გაყიდის ყველა მიმართულებით, აზერბაიჯანს აირი საკმარისად აქვს.“

ბაქოში AGRI-ის მარშუტზე შეთანხმებას, დღეს რუსეთისთვის კიდევ ერთი არასასიამოვნო ინფორმაცია მოჰყვა. რუსეთის გვერდის ავლით, „ნაბუქოს“ გაზსადენის მშენებლობა, რომელიც დღემდე გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების გამო ფერხდებოდა, შესაძლოა, მომავალი წლიდან განახლდეს. პროექტის მიხედვით, პირველი ბუნებრივი აირი ამ გაზსადენით, რომელიც ასევე საქართველოზე გაივლის, ევროპისკენ 2015 წელს უნდა გადაიქაჩოს.