აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთს და საბერძნეთს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

მაიკ პომპეო ნატოს მოკავშირე საბერძნეთსა და თურქეთს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მოლაპარაკებები, ხმელთაშუა ზღვის სადავო საზღვაო ტერიტორიებზე.

ორი ქვეყანა, რომელთა შორის დაძაბულობა რამდენიმე საკითხის ირგვლივ ვითარდება, შეთანხმდა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე მოლაპარაკება შედგება.

თურქეთმა, ბუნებრივი წიაღისეულის მოსაპოვებლად, ტექნიკა საბრძოლო გემების თანხლებით გააგზავნა საზღვაო ტერიტორიაზე, რომელზეც პრეტენზია საბერძნეთსაც აქვს. საპასუხოდ, იმავე არეალში, სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა ათენმაც. სწორედ ეს მოქმედებები გახდა ნატოს ორ წევრ ქვეყანას შორის, სამხედრო ესკალაციის რეალური საშიშროების მიზეზი.

Your browser doesn’t support HTML5

თურქულ-ბერძნული დაპირისპირების წარსული და თანამედროვეობა

პირველ ოქტომბერს, ევროკავშირის ორდღიანი სამიტი დაიწყება. სამიტის ფარგლებში, ევროპის ლიდერები თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე იმსჯელებენ. ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას კვიპროსი, საბერძნეთი და საფრანგეთი ითხოვს.

"ვიმედოვნებთ, რომ საუბრები სერიოზულ ჭრილში გაგრძელდება. მოვუწოდებთ მათ, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ დისკუსიები ამ საკითხებთან დაკავშირებით." - განაცხადა მაიკ პომპეომ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

რეგიონში, ენეგორესურებთან დაკავშირებული ესკალაციის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, საბერძნეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საბერძნეთის მცდელობებს, გაამრავალფეროვნოს წვდომა ენერგიის წყაროებსა და მიწოდების მარშრუტებზე. პომპეომ ასევე თქვა, რომ ამ მიმართულებით, რუსეთს რეგიონის დესტაბილიზაციაზე ცუდი გავლენა აქვს.

ასევე ნახეთ: საქართველოს ინიციატივა აზერბაიჯანს და სომხეთს შორის დიალოგის მასპინძლობის თაობაზე

პომპეო რეგიონში ხუთდღიან ვიზიტს საბერძნეთის შემდეგ, ხორვატიაში, იტალიასა და ვატიკანში გააგრძელებს.