ბელარუსში, 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 10 აგვისტოს გამოეხმაურა. სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ს ძალიან აშფოთებს აღნიშნული არჩევნების გამართვა, პროცესის, რომელიც თავისთავად არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანდიდატებისთვის შეზღუდული იყო დარეგისტრირების პროცესი, ასევე იკრძალებოდა ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლების დასწრება საარჩევნო უბნებზე, გამოყენებული იყო დაშინების ტაქტიკა ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების დაკავება ახლდა თან მთელ პროცესს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ "სამწუხაროდ, ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს არ მიუღიათ დროული მოწვევა არჩევნების მონიტორინგის მხრივ. სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, რომელიც კანდიდატებს შორის ნამდვილად მეტოქეობის პრინციპით იმართება, ძალაუფლების და მთავრობის ლეგიტიმაციის საფუძველია," - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ბელარუსის მთავრობას პატივი სცეს ხალხის უფლებას გამოთქვან მშვიდობიანი პროტესტი, თავი შეიკავოს ძალადობრივი ზომების გამოყენებისგან და გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები. განცხადებაში აქვე დაგმობილია ოპოზიციონერთა დაკავება და ინტერნეტის დაბლოკვა ხალხის უნარის შესაზღუდად ინფორმაციაზე ქონდეთ წვდომა.
ბელორუსის მეგობრების სახელით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ბელარუსის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ასევე მისი ხალხის მისწრაფებას დემოკრატიული მომავლის, ეკონომიკური წარმატების მისაღწევად და დასძენს, რომ ამ მიზნების უზრუნველსაყოფად ბელარუსის მთავრობამ საქმით უნდა დაამტკიცოს მისი გადაწყვეტილება დემოკრატიულ პროცესებში [საქმიანობის] და ადამიანის უფლებების პატივისცემა.