თვეების შემდეგ, რაც ხმები პირველად დაირხა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ჯაშუშების უფროსისთვის ქვეყნის დიპლომატიის ჩაბარება სურდა, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო, სახელმწიფო დეპარტამენტში შესაძლო გადასვლისთვის პირველ ნაბიჯებს დგამს.
პომპეო გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე წარსდგა. მას ტრამპის ადმინისტრაციაში ენერგიული და ხანდახან მაპოლარიზებელი ფიგურის რეპუტაცია აქვს.
მარტში, როდესაც პრეზიდენტმა პომპეოს კანდიდატურა დაასახელა, მან სააგენტოს შეფის ენერგია და ინტელექტი შეაქო და თქვა: „ჩვენ ყოველთვის ერთ ტალღაზე ვართ აწყობილი“.
პომპეომ სადაზვერვო საზოგადოებაში თავდაპირველად მოწონება დაიმსახურა, როდესაც მხარი დაუჭირა ამერიკული სააგენტოების დასკვნას „ვიკილიკსის“ მოსკოვთან კავშირების შესახებ, თუმცა ზოგიერთი საკუთარი თანამშრომლის გაუცხოებაც გამოიწვია ისეთი მოსაზრებების გამოთქმით, რომელიც თეთრი სახლის პოზიციას ეთანხმებოდა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დასკვნებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.