200 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხეშია

მსოფლიოს 10 ყველაზე დაბინძურებული ადგილიდან 3 საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში მდებარეობს

Your browser doesn’t support HTML5

მსოფლიოს დაბინძურებული ადგილები


გარემოს დამცველთა ინფორმაციით, გარემოს უკიდურესი დაბინძურების გამო, 200 მილიონზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხეშია. ახალი ანგარიშის ავტორები არიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები: შვეიცარული “მწვანე ჯვარი” და შეერთებულ შტატებში მდებარე კვლევითი დაწესებულება “ბლექსმიტის” ინსტიტუტი.

10 ყველაზე დაბინძურებული დასახლებიდან, 8 აფრიკაში, აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს. აქედან 3 საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებშია: ჩერნობილი - უკრაინაში, ნორილსკი და ძერჟინსკი - რუსეთში. ამასთან ეს ქალაქები მსოფლიოს ყველაზე მეტად დაბინძურებული სიის სათავეში არიან. დანარჩენი ქალაქები ინდონეზიაში, ბანგლადეშში, ზამბიაში, ნიგერიაში, განაში და არგენტინაში მდებარეობს.

ბლექსმიტის ინსტიტუტის ტექნიკურმა მრჩეველმა, დევიდ ჰენრაჰანმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე მეტად დაბინძურებულ ზედა ოთხეულში სიტუაცია ბოლო 7 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ანალოგიური ანგარიში პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა.

„ჩერნობილი ისევ პირველ ადგილზეა, როგორც იცით, ის უკრაინაში მდებარეობს. ორი დასახლებაა რუსეთში. აქედან ერთში უდიდესი ქიმიური წარმოების კომპლექსი მდებარეობს, რომელსაც ჩვენი აზრით, ქიმიური იარაღის შესაქმნელად იყენებდნენ. და ბოლოს, ზამბიაში მდებარე მაღაროს ირგვლივ მდებარე დასახლება. იქ სიტუაციის გამოსასწორებლად დიდი სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. ეს უკიდურესად ღარიბი და მიტოვებული ადგილია“ - აღნიშნავს დევიდ ჰენრაჰანი.

საშიში ტოქსინებით გარემოს დაბინძურება ამ ქვეყნებში მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. უფრო ზუსტად - 200 მილიონიან მოსახლეობას, აცხადებენ შვეიცარული და ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ანგარიშის მიხედვით, ტოქსინები ორგანიზმში რამდენიმე გზით აღწევს - მათი შესუნთქვით, საკვების მიღებით და კანზე შეხებით. აღნიშნულ რეგიონებში საფრთხის შემცველ მომწამლავ აგენტებს შორისაა: ტყვიის, კადმიუმის, ქრომის, პესტიციდების, ვერცხლისწყლის, რადიოაქტიური ნივთიერებების, ზარინის და რამდენიმე სხვა ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია.

2006 წელს გამოქვეყნებული პირველი ანგარიშის შემდეგ, ბევრგან ინტენსიური გამწმენდი სამუშაოები ჩატარდა და სიტუაცია ზოგიერთ ქვეყანაში უკეთესობისკენ შეიცვალა. დევიდ ჰენრაჰანის თქმით, დიდი პროგრესია დომინიკის რესპუბლიკაში, რომელიც ტყვიის მაღალი კონცენტრაციის გამო, 7 წლის წინანდელ სიაში ზედა ათეულში იმყოფებოდა. მდგომარეობა იქ მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც დაბინძურებული ტერიტორია გაწმინდეს და ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი ააშენეს.

ბლექსმიტის ინსტიტუტის მკვლევარი აღნიშნავს, რომ ანალოგიურ წარმატებას კიდევ რამდენიმე ადგილზე მიაღწიეს, მათ შორის ჩინეთში, ინდოეთში და რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში. დევიდ ჰენრაჰანი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ადრე გარემოს დაბინძურების გავლენას ადამიანთა ჯანმრთელობაზე, საკმარისი ყურადღება არ ექცეოდა. დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებათა ხელმძღვანელები ამ პრობლემების საგანგებო რეჟიმით მიხედვის აუცილებლობას სწორად იაზრებენ.

„ეს ისეთივე სერიოზულ პრობლემებს ქმნის მათთვის, როგორც საერთაშორისო ჯანდაცვისთვის - მალარია, ტუბერკულოზი და შიდსი. ტოქსინებით დაბინძურება ზოგიერთ ქვეყანაში ანალოგიური რანგის ჯანდაცვის რისკებში გადის. ამ ფაქტის სწორი გაცნობიერება უკვე მოხდა, რაც ძალიან სასიამოვნოა“ - აცხადებს დევიდ ჰენრაჰანი.

მისი თქმით, იმ ქვეყნების რიცხვი, რომელიც გარემოს დაბინძურების გამო, ჯანმრთელობისთვის შექმნილი პრობლემების მასშტაბს აცნობიერებს, თანდათან იზრდება. მათ შორის განვითარებადი ქვეყნებიც არიან. სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში დაიწყო გამწმენდი სამუშაოები. შესაბამისად, უმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. განსაკუთრებით კი ბავშვებში, რომლებიც სხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის, დაავადების და დაღუპვის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.