კინოდოკუმენტალისტიკა პოლიტიკის სამსახურში

შეუძლია თუ არა დოკუმენტურ ფილმებს ელექტორატზე ზემოქმედება და ამით არჩევნების შედეგის შეცვლა?

Your browser doesn’t support HTML5

პოლიტიკური ფილმი


ახალი ფილმი, დანეშ დესუზას „ობამას ამერიკა-2016“ კონსპირაციის თეორიებით უხვად არის გაჯერებული და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამერიკის პრეზიდენტს ფარული ზრახვები აქვს. ავტორების აზრით, ისინი რელიგიას, ომებს და ეკონომიკას უკავშირდება. 30 მილიონი დოლარის შემოსავლით ფილმი პოლიტიკური კინოდოკუმენტალისტიკის ერთ-ერთი ლიდერი ხდება.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოკუმენტური ფილმების ცენტრის დირექტორი, ნინა სივი ამბობს, რომ ასეთი ფილმები მიზნად, როგორც წესი, არჩევნების წინ ელექტორატზე გავლენის მოხდენას ისახავს.

„როგორმე დიდი ემოციური ზემოქმედება უნდა მოახდინო შენს მხარდამჭერებზე და არამხოლოდ იმისთვის, რომ კამპანიას 25 დოლარი მაინც გადაურიცხონ. უფრო იმიტომ, რომ აღშფოთებულები, სავარძლებიდან წამოდგნენ, კარდაკარ იარონ, მეტი ფული მოაგროვონ, ამომრჩეველთა რეგისტრაციაშიც მოგეხმარონ. საბოლოო მიზანი კი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ობამას დამარცხებაა,“ - ამბობს ის.

შედარებით ლიბერალურ ფილმში „დე მოინ“ ჯენინი რესპუბლიკელ კანდიდატთა მხარდამჭერების პაროდიას გვთავაზობს. მსახიობი ედიტ უილსონი აიოველი რესპუბლიკელი ქალის როლში მოგვევლინა, რომელიც კანდიდატების საარჩევნო კამპანიებზე რეალურად დადიოდა. ის განსაკუთრებით ობამას ჯანდაცვის რეფორმას აკრიტიკებდა. ჯენინმა სამსახური და სამედიცინო დაზღვევა დაკარგა. ახლახან კი გაიგო, რომ თურმე მკერდის კიბო აქვს. მისი დიალოგი ექიმთან:

ჯენინი: „მკურნალობის ფული არ მაქვს“.
ექიმი: „რამეს მოვიფიქრებთ“.
ჯენინი: „კარგით, ოღონდ არა ობამას ჯანდაცვა“.

მსგავსი ფილმები ამერიკისთვის უცხო არ არის. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გახმარურებული იყო მაიკლ მურის ფილმი, რომელიც მან 2004 წლის არჩევნებზე პრეზიდენტ ბუშის წინააღმდეგ გადაიღო და რომელიც 11 სექტემბრის მოვლენებს ასახავდა.

„პირველი თვითმფრინავის ტყუპ შენობაზე დაჯახების შესახებ რომ შეიტყო, ბუშმა შეხვედრა არ შეწყვიტა და არც ფოტოკამერების წინ პოზირებაზე თქვა უარი,“ - მოგვითხრობს ფილმი, რომლის შემოსავალმაც რეკორდულ თანხას, 120 მილიონს მიაღწია.

„მაგრამ შეძლო ყველაზე მომგებიანმა დოკუმენტურმა ფილმმა ბუშის დამარცხება? არა!“ - ამბობს ნინა სივი და ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ დოკუმენტური ფილმები მასობრივ აუდიტორიაზე არასოდეს არის გათვლილი.

კიდევ იყო ალექს გიბნის ოსკაროსანი ფილმი, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევებს, კერძოდ კი დატყვევებული ტერორისტების წამების ფაქტებს ამხელდა. ფილმში ერთ-ერთი ჯარისკაცი იგონებს: „გვეუბნებოდნენ, რომ ერაყელები ძაღლები არიან და რომ ისინი უმკაცრესად უნდა დაგვესაჯა. მართლა არ მიგვაჩნდნენ ადამიანებად“.

ეს ფილმები მალე ავიწყდებათ. იგივე დაემართა პრეზიდენტობის კანდიდატის, ელ გორის გლობალური დათბობის შესახებ გადაღებულ ფილმს, სახელწოდებით „უხერხული სიმართლე“.

„მინახავს მეცნიერები, რომელთაც დევნიან, სამსახურებიდან უშვებენ და შემოსავლის გარეშე ტოვებენ. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გაბედეს და პოლიტიკოსებისთვის არასასურველ ფაქტებზე დაიწყეს საუბარი, გაამხილეს მათთვის უხერხული სიმართლე,“ - ჰყვება ფილმში ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი.

პროფესორი სივი იგონებს: „ყველას გვეგონა, რომ ფილმი სენსაცია იყო. მას ადამიანების ცნობიერებაში რევოლუცია უნდა მოეხდინა და საკუთარი პლანეტის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა. ამ დროს რა მივიღეთ შედეგად? გლობალური დათბობა გრძელდება და ამერიკელი პოლიტიკოსების დამოკიდებულება ოდნავადაც არ შეცვლილა.“

პოლიტიკური ფილმების გადაღება ამერიკაში გრძელდება. ავტორები იმედოვნებენ, რომ ისინი თუ კინოთეატრებში არა, ტელევიზიის და ინტერნეტის საშუალებით მაინც მიაწვდიან მაყურებელს საკუთარ სათქმელს.