აშშ ეგვიპტეს დიალოგისკენ მოუწოდებს

ეგვიპტეში მოჰამედ მორსის დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება
ეგვიპტის დროებითმა მთავრობამ საკმაოდ ცივად უპასუხა შეერთებული შტატების მოწოდებას პოლარიზებულ ქვეყანაში ეროვნული დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩამოგდებული პრეზიდენტის მოჰამედ მორსის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე სამხედრო პირებით მხარდაჭერილი ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ დიალოგი შეუძლებელია.


ეგვიპტის გადამდგარი პრეზიდენტის მომხრეები მისი გადადგომის დღიდან, 3 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ. სამშაბათს ღამე, ათასობით მხარდამჭერი კვლავ შეიკრიბა ქაიროს ცენტრში. ისინი გალობდნენ, ლოცულობდნენ და იმ ლიდერების გამამხნევებელ სიტყვებს ისმენდნენ, რომლებიც მორსის დაბრუნებას დაჟინებით მოითხოვენ.


აქციის მონაწილე მოჰამედ აჰმედი: დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ის პრეზიდენტ მოჰამედ მორსის დაბრუნებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ის იმისთვის უნდა დაბრუნდეს რომ მოლაპარაკებები გაიმართოს, მაგრამ თუ არ დაბრუნდა, და თუ პარლამენტის მუშაობა და კონსტიტუცია არ აღდგა, არანაირი დიალოგი არ შედგება.


ოპოზიცია, ეგვიპტის ყოფილი დიპლომატის ამრ მუსას ჩათვლით, აცხადებს რომ მორსის და მუსლიმთა საძმოს დაბრუნება, რომელიც მორსის მხარდამჭერია - ეგვიპტისთვის საზიანო იქნება.


ამრ მუსა: რამდენად შეუძლია ეგვიპტეს იმ საშინელებას, რაც უკვე გავიარეთ კიდევ ერთი წელი გაუძლოს. შეგვიძლია კი რომ შევეგუოთ იგივე ხალხს, იგივე არაკომპეტენტურ ადამიანებს, მთავრობაში მყოფ არაკომპეტენტურ პირებს? ეს მთავარი კითხვა იყო რომელსაც ერთსულოვანი პასუხი გასცა უმრავლესობამ, რომ ეს აღარ უნდა აიტანონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.


სამშაბათს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ეგვიპტეს ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდა და სამხედრო ლიდერებს თხოვა შერიგების პროცესი დაიწყონ.


შეერთებული შტატების სენატორებმა ლინდსი გრაამმა და ჯონ მაკკეინმა ეგვიპტის მთავრობის მისამართით იგივე მოწოდება გააკეთეს. მაკკეინმა დემოკრატიული პროცესების სწრაფად დაწყებისკენ მოუწოდა გარდამავალ ხელისუფლებას.


ჯონ მაკკეინი: ასევე მსჯელობის საგანია პოლიტიკური პატიმრების თემაც, ეროვნული თანხმობის დიალოგის გამართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პარტიები, მათ შორის მუსლიმთა საძმოც. მაკკეინის თქმით, მუსლიმთა საძმოსგან ისინი ასევე ძალადობის შეწყვეტას მოელიან.


ისრაელის შემდეგ ეგვიპტე მეორე ქვეყანაა, რომელიც შეერთებული შტატებიდან ყოველწლიურად სოლიდური დახმარების პაკეტს-1,5 მილიარდ დოლარს ღებულობს. თუმცა ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, სამხედრო გადატრიალების შემდეგ ნებისმიერი დახმარება უნდა შეწყდეს. სენატორმა გრაამა მიანიშნა, რომ ეს შეიძლება ეგვიპტის შემთხვევაში მომხდარიყო.


ლინდსი გრაამი: იმედი მაქვს, და ასევე სურვილიც, რომ ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ. ხოლო მათ ვისაც სურს, რომ ამერიკამ ეს ურთიერთობა გაწყვიტოს და დახმარებაც შეწყდეს, მაკკეინი მიუბრუნდება მათ და ეტყვის, რომ ეს ცუდი რჩევა იყო და აუცილებლობას არ წარმოადგენდა.


ეგვიპტის დროებითი მთავრობა უარყოფს, რომ მორსის ჩამოგდება სამხედრო გადატრიალების ნიშნებს შეიცავდა. ისინი ამბობენ, რომ მორსის წასვლა ხალხის ნება იყო. სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ პოლიტიკური ცვლილებებისთვის და არჩევნების ჩატარებისთვის მათ უკვე აქვთ თავიანთი საგზაო რუქა.