პოლიციის დღე და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა

პოლიციის პროფესიული დღის აღნიშვნის პარალელურად თბილისში მეორე დიდი შეკრებაც გაიმართა სპორტის სასახლეში

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


საქართველოში დღეს პოლიციის დღე აღინიშნება. დილით შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლში, სოფელ კარალეთში იმყოფებოდა, სადაც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი გვირვინით შეამკო.

დღეს შსს-მ წარმოადგინა ახალი კანონი პოლიციის შესახებ, შსს განვითარების სტრატეგია და პოლიციის ეთიკის ახალი კოდექსი. ცნობილი გახდა რამდენიმე სიახლის შესახებ, რაც ასევე დაინერგება. პოლიციელებს ახალი უნიფორმა ეცმევათ. მათ ეკიპირებას დაემატება სამხრე, რომელშიც ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. ვიდეოკამერები დაემატება ასევე საპატრულო პოლიციის მანქანებს. ამასთან პოლიციის ავტოპარკს შკოდის მარკის 400 ახალი მანქანა და მოტოციკლი შეემატება. სიახლეა დროებითი მოთავსების იზოლატორებშიც, სადაც თავდაპირველად უწევთ ყოფნა დაკავებულებს. ეს ადგილები აღიჭურვება სამეთვალყურეო ვიდეო სისტემებით. შსს-მ დღეს ახალი ვებ გვერდის პრეზენტაციაც გააკეთა. პოლიციის ვებ-პორტალი მოქალაქეებს მთელ რიგ სიახლეებს სთავაზობს. მათ შორის სახლიდან გაუსვლელად ჯარიმის გადახდის სერვისს, ასევე ავტობომილის მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის პრეტესტს.
პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პოლიციელებს პრემიერ მინისტრმა ივანიშვილმა მიმართა. მან შეაქო პოლიციის ქმედება და შინაგან საქმეთა მინისტრი.

„თქვენ ახერხებთ, იცავთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და დგახართ მის სადარაჯოზე. ძალიან ხშირად, ამ უსაფრთოხოების დაცვას საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასადაც ახერხებთ. ამის კარგი მაგალითი გახლდათ, თუ გნებავთ, გუშინ წინ თბილისში, ცენტრალურ მოედანზე განვითარებული მოვლენები. როდესაც თქვენ ღირსეულად მოახერხეთ, შექმენით გასასვლელი უმცირესობისთვის, რომ მათ საკუთარი უფლებების დაცვა მოეხერხებინათ. უმრავლეობასა და უმცირესობას შორის თქვენ ჩადექით და მაშინ, როდესაც ვნახეთ, რომ სიტყვის თავისუფლების ნაცვლად პირველ ადგილზე გადავიდა ადამიანის უსაფრთხოების დაცვა და მაშინ, როდესაც საუბედუროდ, არ მოხერხდა უმრავლესობის, აჟიტირებული უმრავლესობის შეკავება, თქვენ სწორედ თქვენი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად, თქვენ თავზე აიღეთ ყველა სიმძიმე და თქვენ მოახერხეთ, გაარიდეთ უმცირესობა საფრთხეს და მე ვიცი, რომ ოცამდე პოლიციელი დაზარალდა, იქ არის ფეხმოტეხილი, არის სერიოზული დაზიანებაც. ეს ყველაფერი თქვენ საკუთარ თავზე აიღეთ. მე მაინც გავაგრძელებდი და აღვნიშნავდი, რომ კარგად კოორდინირებული იყო ეს აქტი, ეს აქცია თქვენი ხელმძღვანელობის მიერ. მას კოორდინაციას ღირსეულად უწევდა და ძალიან სწორად ასრულებდა საკუთარ ფუნქციებს თქვენი მინისტრი“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შსს მინისტრიმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარმატებული პოლიციელები დააჯილდოვა და განაცხადა:

„ბატონო პრემიერ მინისტრო, პატივცემულო სტუმრებო, დღეს ჩვენი შეკრების მიზეზი ყველასთვის ნათელია. მე მინდა საქართველოს შსს სისტემის მთელ შემადგენლობას მივულოცო საქართველოს პოლიციელთა პროფესიული დღე. დღეს ჩვენს წინაშე დგას ამოცანა შევქმნათ და განვავითაროთ საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია, დეპოლიტიზირებული პოლიცია, რომელიც უზრუნველყოფს მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას ეთიკისა და მორალის მოთხოვნების დაცვით და არამც და არამც მოქალაქეთა რეპრესიების, მათი ჩაგვრის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლების შეზღუდვის გზით. მე მინდა განსაკუთრებული პატივი მივაგო იმ პოლიციელთა ხსოვნას, რომლებიც საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებას, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას და საერთაშორისო მისიაში ქვეყნის ინტერესების დაცვას შეეწირნენ. მე მინდა აღვნიშნო, რომ აქამდე სამინისტროს სისტემაში არ მომხდარა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ თანამშრომელთა სრული სიის დადგენა. ჩვენ განვახორციელეთ არქივში მონაცემების დაზუსტება და ჩვენ ვგეგმავთ ამ თანამშრომელთა სახელის უკვდავსაყოფად მემორიალის აგებას.“

პოლიციის დღე წელს ორი კვირის დაგვიანებით აღინიშნა. გასულ წლებში მას წინდა გიორგის დღესასწაულს, 6 მაისს ამთხვევდნენ. როგორც შსს-ს წარმოამდგენლებმა განაცხადეს, ისინი მოერიდნენ 6 მაისს პროფესიული დღის აღნიშვნას, რადგან ეს თარიღი აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა.
პოლიციის პროფესიული დღის აღნიშვნის პარალელურად თბილისში მეორე დიდი შეკრებაც გაიმართა სპორტის სასახლეში. აქ, ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტმატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზებით თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკური რეჟიმის გასამართლებას მოითხოვენ.

„სამართლიანობა უნდა აღდგეს“, „რეჟმი უნდა გასამართლდეს“,- ასეთი იყო სპორტის სასახლეში შეკრებილი ადამიანების მოთხოვნები. თორნიკე მოლაშვილი, ყოფილი პოლიტპატიმარი ამბობს, რომ ისინი არავის ციხეში ჩასმას არ მოითხოვენ, მათი სურვილი მხოლოდ ისაა, რომ გაირკვეს სიმართლე და გამოიკვეთონ დამნაშავეები.

„ვისაც რა ეკუთვნის, ყველამ მიიღოს თავის საზღო. აქ საუბარია რაზე,- ჩვენ ციხეში გაგზავნა ხალხის არ გვინდა, არ მოვითხოვთ, ეს არაა ჩვენი ჩაციკვლა, რომ ვიღაც, გინდა თუ არა, ციხეში წავიდეს, უბრალოდ, ყველაფერს დაერქვას თავის სახელი“, - ამბობს თორნიკე მოლაშვილი.
ვახტანგ მაისაია, ჯაშუშობისთვის გასამართლებული პოლიტიკური ექსპერტი, რომელსაც პოლიტპატიმრის სტატუსი საქართველოს პარლამენტმა მიანიჭა, ამბობს:

„ბუნებრივია, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულია, მაგრამ მიდის ნელი ტემპებით. საზოგადოების ნაწილი, რომლებიც ვიყავით ჩართული და ვიყავით მსხვერპლი ამ რეჟიმის, მზად ვართ ხელი შევუწყოთ და კიდევ უფრო დავაჩქაროთ ეს პროცესი.“

სპორტის სასახლეში შეკრებილმა ადამიანებმა დღეს საქართველოს პარლამენტის სახელზე საგანგებო რეზოლუცია მიიღეს, რომლის თანახმად, ისინი მოითხოვენ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ ქმედებებს და მისცემს მას შესაბამის სამართლებრივ და მორალურ შეფასებას.