ტერმინი "ოკუპაცია" და შიკორსკის ვიზიტი საქართველოში

რადოსლავ შიკორსკი თბილისში ვიზიტისას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ შიკორსკის ორდღიანი ვიზიტის დროს, შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა მხარემ, ზუსტად ის გზავნილები მიიღო, რასაც ელოდა.

ქართველების ძალიან ახლო მეგობრის, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინკის დაღუპვისა და ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, საქართველოში იმედოვნებდნენ, რომ ქართულ-პოლონურ ურთიერთობებზე ეს ცვლილება გავლენას არ იქონიებდა.

პოლენელი ექსპერტი ჰენრიკ სუჩარი, რომელსაც ვარშავაში დავუკავშირდით, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველო იყო, არის და იქნება კავკასიაში პოლონეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

“პოლონეთის პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების მიმართ არც თუ ისე ელასტიურია. ასე, რომ ახალი პრეზიდენტის ბრონისლავ კომაროვსკის მოსვლასთან ერთად, არაფერი იცვლება. ის გააგრძელებს ზუსტად იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც აწ გარდაცვლილი ლეხ კაჩინსკი მიჰყვებოდა.

პოლონეთის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში მთავარი როლი მაინც მთავრობას უჭირავს, სწორედ ის განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და პრეზიდენტი შემდეგ ეთანხმება მათ, ასე, რომ რაიმე ცვლილება არც იყო მოსალოდნელი. ჩვენი ურთიერთობები კავკასიასთან, და პირველ რიგში საქართველოსთან რჩება უაღრესად დადებითი. ანუ ისეთივე იქნება, როგორიც იყო”.

მთავარ აღმოსავლეთევროპელ პარტნიორისგან საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. თუმცა თბილისში რადოსლავ შიკორსკიმ სიტყვა ოკუპაცია არ იხმარა. ”ჩვენ ვიყენებდით ამ ტერმინს აქამდე, მაგრამ ის შეიცვლება.” - აღნიშნა პოლონელმა დიპლომატმა. ჰენრიკი სუჩარი ამბობს, რომ ამ დეტალზე ყურადღების გამახვილება არ ღირს

„მთავარი მაინც ის არის, და ეს კარგად იკითხება იმ ინფორმაციებში, რომელიც შიკორსკის თბილისური ვიზიტის გამო მოდის, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. არავინ პოლონეთში მხარს არ დაუჭერს, იმას, რომ პოლონეთმა სცნოს ეს. ე.წ „სახელმწიფოები“.

ეს უმთავრესია და ეს ძალიან პრინციპული საკითხია პოლონეთის პოლიტიკაში. აქ არაფერი იცვლება. ჩვენ, მიზანმიმართულად დავუჭერთ მხარს საქართველოს ყველა მცდელობას დაიბრუნოს ეს მიწები“.

საინტერესოა, რომ შარშან ნოემბერში, ამერიკაში, ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას, რადოსლავ შიკორსკიმ საკმაოდ მწვავე კომენტარი გააკეთა საქართველოზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ იგი ეთანხმება 2008 წლის აგვისტოს ომზე ევროკავშირის ბოლო მოხსენებას, რომ „პრეზიდენტი სააკაშვილი პროვოცირებულ იქნა“ რუსების მიერ, „მაგრამ თავადაც მისცა პროვოცირების საშუალება“. და აქვე დაამატა: - ქართველები ოთხი ბრიგადით გაცილებით ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ, როცა რუსების 200 ბატალიონს ესროდნენ.

“დიპლომატია ვერ მოგვცემს იმას, რაც ომის შედეგად იქნა დაკარგული“ - აღნიშნა შიკორსკიმ. ჰენრიკ სუჩარი ამბობს, რომ ქართულ-რუსული ომის შეფასებისას პოლონური საზოგადოება დღესაც ორ ნაწილადაა გაყოფილი.

„ვფიქრობ, რომ მრავალი მასალისა და დასკვნების გამოქვეყნების შემდეგ, პოლონეთში უფრო გაიხლიჩა საზოგადოებრივი აზრი, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რას და როგორ აკეთებდა ორი წლის წინ ცხინვალში. არის ორი დიდი ჯგუფი, მაგრამ უფრო დიდია ის ჯგუფი პოლონური საზოგადოებისა, რომელიც დღემდე ფიქრობს რომ სიტუაციის დაძაბვისა და აფეთქების გამო პასუხიმგებელი რუსეთია.

თუმცა არის ჯგუფი, არც თუ პატარა, რომელიც ამბობს, რომ ეს ომი საქართველოს ბრალია, რომელიც სრულიად გაუაზრებლად ჩაება ამ ავანტურაში. ეს მოსაზრება გამყარებულია იმ არგუმენტით, რომ საქართველომ ამ ომით უფრო მეტი დაკარგა, ორი ავტონომიური რესპუბლიკა გავიდა საქართველოს შემადგენლობიდან და თან, ისინი სცნო რამდენიმე სხვა სახელმწიფომ.

ეს იყო დიდი სტრატეგიული მარცხი, არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ მთელი დასავლეთის. რუსეთის ჯარები კი დღემდე თავისუფლად რჩებიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასე, რომ ცხინვალის ამბებთან დაკავშირებით პოლონური საზოგადოებრივი აზრი აშკარად გაყოფილია“.

ამერიკის ხმის კითხვაზე, თუ როგორ რეაგირებენ პოლონეთში, საქართველოს ხელისუფლების მცდელობებზე იპოვოს რუსეთის ხელისუფლებასთან შეხების წერტილები, გამოიტანოს გასაყიდად მხოლოდ რუსული "გაზპრომისთვის" საინტერესო მაგისტრალური გაზსადენი, სუჩარი ამბობს

"თუ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა იქნება ეკონომიურად მომგებიანი ქართული სახელმწიფოსთვის და ამას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული პოლიტიკური მოგება, რა თქმა უნდა აქ ბევრი ფიქრი საჭირო არაა.

საქართველო კარგი ტემპით ვითარდებოდა, განვითარება უნდა გაგრძელდეს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს სჭირდება დამატებით იმპულსები რომ კიდევ უფრო განვითარდეს, და, თუ ასეთი გარიგებები რუსეთთან, საქართველოს საშუალებას მისცემს მართლაც გახდეს კავკასიის ნომერ პირველი ქვეყანა მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ კავკასიური ტურნეს ფარგლებში მხოლოდ სომხეთი და საქართველო მოიარა.

თბილისში შიკორსკი თავის ქართველ კოლეგას, პრემიერსა და სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, ასევე ქართული ოპოზიციის ორ წარმომადგენელს შეხვდა.

პრეზიდენტთან მოლაპარაკებები კი პირველმა პოლონელმა დიპლომატმა უკვე ბათუმში გამართა. ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.