მოსაზრება: რბილი ძალა და მასთან ბრძოლის სტრატეგია საქართველოში

როგორ უნდა ებრძოლოს საქართველო ქვეყანაში რუსეთის ე.წ. რბილ ძალასა და დეზინფორმაციას?

კიბერუსაფრთხოება და არატრადიციული, არაკონვენციური მეთოდებით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა - ამ საკითხზე ვაშინგტონში ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ, როგორც ამერიკელი კანონმდებლები, ისე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, რომელიც ვაშინგტონში რამსფელდის ფონდის მოწვევით იმყოფებოდა ამბობს, რომ აუცილებელია, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ამ საკითხის მიმართ ერთნაირი პოზიცია ჰქონდეთ. საქართველოს წარმომადგენლებმა კი ყველა დონეზე ხაზი უნდა გაუსვან იმას, რომ ის ტექნოლოგიები, რომლებიც მოგვიანებით ყირიმში თუ საერთოდაც, ვაშინგტონში იყო გამოყენებული, რუსეთმა მანამდე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა.

„ვფიქრობ, საქართველოს მაგალითი ამ მხრივაც ძალიან საყურადღებოა იმიტომ, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ე.წ. „რბილი ძალის“, როგორც მას ჩინოვნიკები უწოდებენ, არამედ ე.წ. „ჰუმანიტარული პოლიტიკის“ გამოყენება საქართველოში ძალიან დიდი ხნით ადრე დაიწყო. ე.წ. „თანამემამულეთა პოლიტიკას“ მოჰყვა პასპორტიზაცია აფხაზეთსა და ე.წ. ცხინვალის რეგიონში. ის ტექნოლოგიები კი, რაც საქართველოში იყო გამოყენებული, ერთი-ერთზე განმეორდა ყირიმში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რა თანამედროვე, არაკონვენციური ტექნოლოგიები და საფრთხეები მოქმედებს დღეს საქართველოშიც და რეგიონშიც. თუ ჩვენ ამ საფრთხეების მიმართ ერთიანი პოზიცია და მიდგომა გვექნება, მაშინ მოვახერხებთ არა მხოლოდ იმას, რომ ეს საფრთხეები არ განივრცოს, არამედ იმასაც, რომ შევიმუშაოთ პრევენციის მექანიზმები“, - ამბობს ფხალაძე და განმარტავს:

„სხვა შემთხვევაში ყოველთვის გვექნება ფაქტი, რომ ჯერ იყო საქართველო, სადაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რომ ამ რეგიონში შეიძლება ეს პრობლემა იყოს მნიშვნელოვანი და რომ ეს შეიძლება სხვებისთვისაც პრობლემა იყოს. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა ნამდვილად განმეორდა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ რუსული „რბილი ძალის“ და ინფორმაციული შეტევების თაობაზე საუბრობენ არა მხოლოდ ჩვენთან და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში არამედ აქაც, ვაშინგტონში, სადაც იგივე ტექნოლოგიები იყო გამოყენებული“, უთხრა „ამერიკის ხმას“ თენგიზ ფხალაძემ.

პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოში კიბერ ომი იყო, რასაც საკმარისი ყურადღების მიქცევა სჭირდება.

„ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და აძლიერებს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ ეს ასევე მნიშვნელოვანია ყველა სხვა დანარჩენი სახელმწიფოებისთვისაც.“