მეკობრეები ქართველების დახვრეტით იმუქრებიან

ტანკერი ოლიბ ჯი

საქართველოს მთავრობამ, შეიძლება სომალიში დატყვევებულ ქართველ მეზღაურებში გამოსასყიდის ნაწილის გადახდის შესაძლებლობა განიხილოს. ეს ინფორმაცია „ამერიკის ხმისთვის“ კონფიდენციალური წყაროსგან გახდა ცნობილი, თუმცა, მას არცერთი ოფიციალური უწყება არ ადასტურებს.

ტანკერ „ოლიბ ჯის“ ეკიპაჟი - თხუთმეტი ქართველი და სამი თურქი მეზღვაური 8 სექტემბრიდან ტყვეობაში იმყოფება. გამოსასყიდის ოდენობაზე ვაჭრობა მეკობრეებმა თხუთმეტი მილიონიდან დაიწყეს და მილიონ ამერიკულ დოლარამდე ჩამოვიდნენ.

გემთფლობელი ბერძნული კომპანია „ფრიო ვენტურე“ მეკობრეებს მხოლოდ 150 ათას და ტანკერის დატოვებას სთავაზობს, რომლის ღირებულება 700 ათასი ამერიკული დოლარია.

ამის საპასუხოდ, მეკობრეები მძევალთა დახვრეტით დაიმუქრნენ. სატელეფონო ინტერვიუში კაპიტნის მესამე თანაშემწე დავით დევაძე ამბობს

„გვაწამებენ და გვცემენ. ძაან აგრესიულები არიან. გუშინ კაპიტნის უფროსი თანაშემწე იატაკზე დააწვინეს სახით, ხელ-ფეხი შეუკრეს. დანა დაადეს კისერზე. გვეუბნებიან, რომ ამ დღეებში თუ არაფერი შეიცვლება ყველას მოგკლავთ და გემს დავწვავთო. ესაა მათი ბოლო სიტყვები.“

„ამერიკის ხმისთვის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ გემთმფლობელი „ფრიო ვენტურე“, რომელიც ათენის გარეუბან ნეა სმირნიშია რეგისტრირებული, საკუთარი აქტივების გადამალვას ცდილობს.

ტანკერ „ოლიბ ჯის“ გარდა, მის მფლობელობაში კიდევ ორი ძველი ტანკერი „ალიკი ჯი“ და „ბერნადეტი“ იყო. წინასწარი შეთანხმების თანახმად, ორივე ტანკერი კომპანიამ ინდოეთში ჯართში ჩასაბარებლად გააგზავნა და მიღებული ფულით დატყვევებული მეზღვაურების დახსნას აპირებდა. თუმცა კვირის დასაწყისში, მოულოდნელად, ორივე ტანკერი უკან მობრუნდა. ბ

ოლო ინფორმაციით, „ფრიო ვენტურე“ გემებისთვის სახელების შეცლას აპირებს, რომ თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს. ბერძნულ კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა საკრუინგო კომპანია „გრინვიჩის“ დირექტორმა სერგო დევაძემ

„ორივე გემი მიდიოდა ინდოეთში ჯართში ჩასაბარებლად და სუეცის არხიდან უკან მოაბრუნეს და ისევ საბერძნეთში დგანან ეხლა. მიდის გემებისთვის სახელების შეცვლის პროცესი, ეხლა რა სახელები აქვთ არ ვიცი, საერთოდ გამოსასყიდის გადახდა უცბათ არ ხდება, მიდის ვაჭრობა, ამას კი დრო უნდა.

როცა დატყვევება მოხდა, გემთმფლობელმა გვითხრა, რომ თანხა არ მაქვს, მაგრამ მოვიძიებ თანხას და პრობლემა არ იქნება, რასაც მოითხოვენ გადავიხდიო. ეხლა გამოდის, რომ გემთმფლობელმა მეზღვაურები გაწირა. ასე გამოდის, იმიტომ, რომ მეკობრეებს არც გემი სჭირდებათ და არც სხვა რამ, მათ მხოლოდ ფული უნდათ.“

მეორე კვირაა, დატყვევებული მეზღვაურების ოჯახის წევრები, ბათუმში აჭარის მთავრობის შენობის წინ აქციებს მართავენ, გუშინ მათ აჭარის მეთაური ლევან ვარშალომიძეც შეხვდა.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთავრობას გამოსასყიდის გადახდაში დახმარება სთხოვა, თუმცა ოფიციალურად უარი მიიღო. ბათუმელი ნათელა ვერძაძე, რომლის მეუღლეც სომალიშია დატყვევებული ამბობს, რომ მთავრობა ვალდებულია საკუთარი მოქალაქეების დასახსნელად ყველაფერი გააკეთოს

„არც ამბობენ არაფერს ფულის თაობაზე, რომ დავეხმარებით ან რაიმე ასეთი, აბსოლუტურად - არა! ნუთუ არ შეიძლება რაღაც, თანხის მცირე ნაწილით დაეხმაროს მთავრობა ამ ხალხს, ბოლოს და ბოლოს ჩვენები არიან, სხვები ხომ არ არიან. კომპანია არ იხდის და ცოდოები არ არიან. მოლაპარაკებაზე გვითხრეს, რომ ჯერ ასეთი რამე არ მომხდარა, რომ მეკობრეებს ვინმე დაეხოცოთო, მაგრამ ვინმემ ზუსტად იცის მეკობრეებს თავში რა მოუვათ?!

ლევან ვარშალომიძემ გვითხრა, რომ მთავრობა ჩართულია ამ საქმეში და ყველაფერს აკეთებენო, მაგრამ შედეგს რო ვერ ვხედავთ?! ჩვენ, ხალხს, მეტი არაფერი შეგვიძლია, მივედით მთავრობასთან, რომელსაც შეუძლია დახმარება და მეტი შესაძლებლობები აქვთ. მეტი რა გავაკეთოთ მითხარით, მთავრობა თუ არაფერს გვიკეთებს ჩვენ რა გავაკეთოთ?!!“

გასულ კვირას, სომალიში დატყვევებულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი ერთით გაიზარდა. მეკობრეებმა ინდოეთის ოკეანეში პანამის დროშის ქვეშ მცურავი, ტუნისის გემი „ჰანიბალ ორი“ დაატყვევეს.

ოცდათერმეტკაციან ეკიპაჟში, 41 წლის ბათუმელი ოლეგ ნოდიაც ირიცხება. გემს მალაიზიიდან 24 ათასი ტონა ბოსტნეულის ზეთი მოჰქონდა. ნოდია გემზე ბათუმურმა საკრუინგო კომპანია „ ევროსტარ მარინემ“ დაასაქმა. მეზღვაურთა პროფკავშირების ტავჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე ამბობს

„ინდოეთის ოკეანეში მოხდა ტუნისელი გემთფლობელის გემის დაკავება. იქ იმყოფება ოცდათერთმეტი მეზღაური, მათ შორის არის ერთი ქართველი, ბათუმელი ოლეგ ნოდია; ერთი რუსი, ერთი მაროკოელი, ასევე ხორვატები, ტუნისელები და ფილიპინელები.

რაც გაირკვა დღეისათვის, არის, ის, რომ გემიდან უკვე დაუკავშირდნენ ტუნისელ გემთმფლობელს, რომ გემზე ჯერჯერობით არის ნორმალური მდგომარეობა და გემი მიდის სომალის სანაპიროსკენ.“

ბოლო ინფომარციით, სომალიში დატყვევებული მეზღაურთა ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ცდილობენ. ასეთი სახის თხოვნა პრეზდენტის ადმინისტრაციაში უკვე გაგზავნილია, თუმცა როდის გაიმართება ეს შეხვედრა ან გაიმართება თუ არა საერთოდ, უცნობია. სომალელი მეკობრეების ულტიმატუმის ვადა კი ოფიციალურად, ხვალ, 19 ნოემბერს იწურება.