ჰაკერული თავდასხმა და საწვავის პრობლემები ამერიკაში

გასულ კვირას ამერიკის "კოლონიურ მილსადენზე" ჰაკერული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც, ქვეყნის ზოგიერთ შტატში, დღესაც საწვავის ნაკლებობაა. მოსახლეობამ პანიკურად დაიწყო საწვავის ყიდვა. ბევრ ბენზინგასამართ სადგურზე ფასი გაიზარდა. თუმცა, ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებს, რომ რამდენიმე დღეში სიტუაცია კვლავ დასტაბილურდება და საწვავის მარაგიც ნელ-ნელა ივსება. უკვე დადასტურებულია, რომ მილსადენს რუსული ჰაკერული დაჯგუფება "დარკსაიდი" დაესხა თავს. მათ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღეს, თუმცა თქვეს, რომ მხოლოდ ეკონომიკური სარგებელი სურდათ და არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკასთან. რუსეთის ხელისუფლება კი მანამდეც აქტიურად უარყოფდა თავდასხმასთან კავშირს.

„კოლონიური მილსადენი” ბენზინს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს თითქმის ნახევარს აწვდის. გასულ კვირას კიბერ-თავდასხმის გამო სწორედ მისი მუშაობა შეჩერდა. კიბერთავდასხმის ამ ტიპის ავტორები სამთავრობო თუ კერძო კომპანიების ქსელებს „მძევლად იყვანენ“ და ფინანსური გამოსასყიდის გარეშე მათი სერვისების პარალიზებას ახერხებენ.

„გამოძიების ფედერალური ბიურო“ აცხადებს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი კრიმინალური დაჯგუფება „დარქსაიდია“, რომელიც რუსეთისა თუ აღმოსავლეთ ევროპიდან მოქმედებს. ჯენ პსაკი, თეთრი სახლის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ თეთრი სახლი „სრული შეფასებებისთვის დაზვერვის სამსახურების ამომწურავ ცნობებს ელოდება".

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკა კიბერთავდასხმის სამიზნეში - "ციფრული პერლ ჰარბორი"

ჰაკერული დაჯგუფება "დარკსაიდი" მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ამბობს, რომ მას მხოლოდ ფულის გამოძალვა სურს და გეოპოლიტიკა არ აინტერესებს. თავდასხმასთან კავშირს უარყოფს დმიტრი პესკოვიც, კრემლის პრეს-სპიკერი და გმობს რუსეთის ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსა თუ ეჭვებს ამ თავდასხმასთან კავშირის თაობაზე.

თუმცა აპრილში ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდის შესახებ გამოაცხადა და მისი მთავარი მიზეზი კომპანია „სოლარვინდსის“ მომხმარებლებზე, კერძო და სამთავრობო უწყებებზე მასობრივი კიბერთავდასხმა იყო. ამ თავდასხმის უკან კი ამერიკის დაზვერვის და საგამოძიებო უწყებების ცნობით, რუსეთი იდგა. ჰაკერებმა 18 000-მდე მომხმარებლის ინფორმაციაზე მოიპოვეს წვდომა, და სავარაუდოდ ეს თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ კერძო კომპანიამ "ფაიარ აიმ" თავდასხმა აღმოაჩინა და ხელისუფლებას აცნობა.

მეგ კინგი, „უილსონის ცენტრის" მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინოვაციის პროგრამის წარმომადგენელი და კიბერ-სივრცის ექსპერტი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამგვარი თავდასხმების აღსაკვეთად ერთობლივად უნდა იმოქმედოს.

„თუკი ვერ ვიპოვით გზას, რომ გავაჩეროთ ეს ბიზნეს მოდელი და რუსეთსა და მის მეზობელ რეგიონებში მოქმედ კრიმინალურ ჯგუფებს კომპანიების სისტემების გატეხვისა და გამოსასყიდის მოთხოვნის საქმე გავურთულოთ, ეს პრობლემა კვლავ გაგრძელდება. ამ კომპანიებს უნდა დავეხმაროთ მონაცემთა ალტერნატიული ბაზებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატორებს უნდა დავეხმარებით გაიგონ, რა რისკებზეა საუბარი", - ამბობს კინგი.

ასევე ნახეთ: აშშ-ის მთავრობა მილსადენზე თავდასხმაზე რეაგირების პირობას დებს


კრიტიკული მნიშვნელობის სერვისების მმართველი სახელმწიფო თუ კერძო კომპანიების დაცულობის აუცილებლობაზე საუბრობს სიუზან სპოლდინგიც, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და "საერტაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სპოლდინგი ამბობს, რომ ყველა სექტორმა უნდა ითანამშრომლოს იმისთვის, რომ დივერსიული აქტები წარმატებული არ აღმოჩნდეს, რადგან ეს შესაძლოა ისეთი არსებითი მნიშვნელობის სერვისებს შეეხოს, როგორიც თუნდაც ელექტროენერგიით თუ სუფთა სასმელი წყლით მომარაგებაა ან ა.შ.

„ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა მთავრობამ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მართვის ფუნქცია [შეუფერხებლად] შეასრულოს. შემაშფოთებელია, როდესაც ჩვენს მოწინააღმდეგეს დიდი წვდომა აქვს ჩვენს სამთავრობო სისტემებზე. არ აქვს მნიშვნელობა, რას ცდილობენ ისინი: მომავალ შეხვედრაზე ამა თუ იმ ელჩის გამოსვლის ტექსტის მოპარვას თუ იმის გაგებას, როგორ შეაფერხონ ჩვენი ელექტროგამანაწილებელი სისტემა. მარტივად რომ ვთქვათ, ონკანის მოშვებისას, უნდა ვიცოდეთ, რომ წყალი სუფთა და დასალევად უსაფრთხოა. ამერიკელებს კი უნდა ესმოდეთ, რომ ყველას აკისრია პასუხისმგებლობა, რადგან მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი პირადი ან სამსახურის კომპიუტერი იმისთვის, რომ უფრო სენსიტიურ ინფორმაციაზე მოიპოვონ წვდომა", -განმარტავს სიუზან სპოლდინგი.

„კოლონიური მილსადენის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სერვისის აღდგენაზე მუშაობენ. კიბერთავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მილსადენმა საწვავისგან დაცლილი ბაზრების მომარაგება გაზარდა, რაც დეფიციტს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ბაიდენის ადმინისტრაცია კი საწვავის ნაკლებობის პრობლემის მოგვარებას ცდილობს. ამისათვის დროებით ნებადართული გახდა შედარებით ნაკლები ხარისხის საწვავის ნაზავის გაყიდვა. ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს მარაგებს რკინიგზის მეშვეობით მიაწვდიან.

ჯენიფერ გრენჰოლმი, ამერიკის ენერგეტიკის მდივანი კი თავად ტერმინების შესაბამისი გამოყენებისა და სწორი ინტერპრეტაციის აუცილებლობას აღნიშნავდა: „ჩვენ არ გვაქვს ბენზინის ნაკლებობა. ჩვენ გვაქვს მომარაგების პრობლემა და ეს ყველაფერი მალე ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება", - ამბობდა ის ამ კვირაში.

თუკი საჭირო გახდა, ადმინისტრაცია ასევე მზადაა დროებით მოხსნას ფედერალური რეგულაცია, რომელიც ამერიკის პორტებს შორის საწვავის გადაზიდვის უფლებას მხოლოდ ამერიკაში დამზადებულ და ამერიკელთა მფლობელობაში არსებულ გემებს აძლევს.