პიკასოს გამოფენა ვირჯინიის ხელოვნების მუზეუმში

პიკასოს გამოფენა ვირჯინიის ხელოვნების მუზეუმში

პიკასოს ორასამდე ნამუშევარია ჩამოტანილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სანამ მათი მუდმივი ადგილსამყოფელი პარიზში ჯერ კიდევ განახლების პროცესშია. კოლექცია ფერმწერის ცხოვრების თითქმის რვა ათწლეულს მოიცავს, 1901-იდან 1972 წლის ჩათვლით.

ანა ბალდასარი გამოფენის კურატორი და პარიზის პიკასოს ეროვნული მუზეუმის დირექტორია. მისი თქმით, ნამუშევრები ხელოვანის პირადი კოლექციიდან ისეა შერჩეული, როგორც სავარაუდოდ თავად პიკასოს სურდა, რომ ის აღექვა დამთვალიერებელს.

„ჩვენ პარიზში ხუთი ათასამდე ნამუშევარი გვაქვს. აქ მათი მცირე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია წარმოდგენილი. ისინი არაჩვეულებრივი თანმიმდევრობით გადმოგვცემენ პიკასოს შემოქმედებითი განვითარების პროცესს“.

ალექს ნარჯესი ვირჯინიის ხელოვნების მუზეუმის დირექტორია და ის 15 მაისამდე ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლებს.

„ეს ფერმწერის კერძო კოლექციაა - პიკასოს პიკასო. წლების მანძილზე ის ინახავდა და უვლიდა მათ, საუკეთესოებს - საუკეთესოთა შორის იმ ათასობით ნამუშევარში, რომელიც პიკასომ სიკვდილის შემდეგ დატოვა“.

კოლექცია პიკასოს შემოქმედების ყველა პერიოდს ასახავს. აქ იხილავთ ფერწერას და სკულპტურას, გრაფიკულ ჩანახატებს თუ დასრულებულ ტილოებს, როგორც ცისფერი პერიოდის, ასევე კუბიზმის შედევრებს.

ალექს ნარჯესის თქმით, პიკასო თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ნოვატორი, მისი ფუძემდებელია. ის, რაც მე-20 საუკუნის ხელოვნებაში ხდებოდა და რაც 21-ე საუკუნეში მოხდება, ყველაფერი რაიმე სახით სათავეს პიკასოსგან იღებს. და ის არ არის მხოლოდ ევროპული კულტურის ნაწილი, არამედ ყველას ეკუთვნის, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ხელოვანია. თავად პიკასოს სკულპტურებიც კომპოზიციურად აფრიკის კულტურულ-ისტორიულ ტრადიციებთან ასოცირდება.

ასე რომ ვირჯინიის ხელოვნების მუზეუმში დღეს დიდი აურზაურია. პიკასოს აღნიშნული კოლექციის საერთაშორისო ტურნე საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ხელოვნების ისტორიაში. ის ხომ დამთვალიერებლებს სწორედ იმ ნამუშევრებს სთავაზობს, რომლებიც თავად პიკასოსთვის იყო რჩეული და საყვარელი.