ფილიპსის მუზეუმი ხელახლა გაიხსნა

ფილიპსის მუზეუმი ხელახლა გაიხსნა

ფილიპსის პატარა, კერძო მუზეუმი 1921 წლიდან მასპინძლობს დამთვალიერებლებს. ექსტრაორდინალური კოლექცია დაახლოებით 3000 ნამუშევარს მოიცავს. აქ იხილავთ მთელ რიგ ტილოებს ფრანგული იმპრესიონიზმის შედევრებით დაწყებული, თანამედროვე ამერიკელი მხატვრებით დამთავრებული. ამერიკის ხმის კორესპონდენტი, ჯული თაბო, მოგვითხრობს.

ნამუშევრები ცნობილ კოლექციონერ, დუნკან ფილიპსს, ეკუთვნოდა. მან მუზეუმის დაარსება მამის ხსოვნას მიუძღვნა და ის ვაშინგტონში, ბავშვობისდროინდელ სახლში გახსნა. შარშანდელმა ხანძარმა მუზეუმი საგრძნობლად დააზიანა. სულ ახლახან, 2011 წლის იანვარში კი 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ის ახლად გარემონტებული და გამდიდრებული წარუდგა ხელოვნების მოყვარულთ.

6 000-ზე მეტი დამთვალიერებელი იდგა გახსნის დღეს რიგში განახლებული მუზეუმის სანახავად.

დოროთეა კასინსკი მუზეუმის კურატორია. იგი ამბობს, რომ ფილიპსის კოლექცია ინტიმური და მყუდრო ატმოსფეროთიც ძლიერ იზიდავს მნახველს.

„ჩვენი მუზეუმი ხელოვნების ისტორიის უფრო ხანმოკლე პერიოდზე ფოკუსირდება იმ დიდ გალერეებთან შედარებით, სადაც ეგვიპტური ან კოლუმბამდელი პერიოდის ნამუშევრებსაც შეხვდებით. ფილიპსის მუდმივი გამოფენები მხოლოდ უკანასკნელი ორი საუკუნის ნამუშევრებს მოიცავს“.

მუზეუმი სამართლიანად ამაყობს ფრანგი იმპრესიონისტების საინტერესო კოლექციით. მათ შორის აუცილებლად უნდა აღინიშნოს პიერ ოგიუსტ რენუარის „ნადიმი ნავზე“. ეს მუზეუმის თანამშრომლების, თუ სტუმრების ყველაზე საყვარელი ნამუშევარია, ამბობს ქალბატონი კასინსკი. აღნიშვნის ღირსია აბსტრაქციონისტ, მარკ როტკოს, ნამუშევრების მთელი ოთახი, რომელიც ასევე მუდამ სავსეა დამთვალიერებლებით.

„ მარკ როტკოს ნახატების პირველი სერიის გამოფენაში ავტორი თავად ეხმარებოდა ფილიპსს. ურჩევდა, თუ როგორ დაეკიდა ისინი, როგორი განათებდა აჯობებდა მათთვის“.

ფილიპსის სურვილი იყო ევროპული და ამერიკული ნახატების თანაბრად გამოფენა, რადგან მას მიაჩნდა, რომ ამერიკელი ფერმწერები არანაკლებ მნიშვნელოვანნი იყვნენ თანამედროვე ხელოვნების ისტორიისთვის. ქალბატონი კასინსკის თქმით, ფილიპსმა ბევრად უფრო ადრე გამოფინა მუზეუმში ფერადკანიან ამერიკელ მხატვართა ნამუშევრები, ვიდრე ეს საყოველთაო მოდად გადაიქცეოდა. მუზეუმში მთელი დოკუმენტური ბალადაა იმის შესახებ, თუ როგორ გადმოდიოდა შავკანიანი მოსახლეობა ჯერ კიდევ რასობრივად სეგრეგირებული სამხრეთიდან განვითარებული და ურბანიზირებული ჩრდილოეთისკენ.

მუზეუმის მფლობელმა ამერიკელ მოდერნისტ, არტურ დავს, შეიძლება ითქვას, სიცოცხლე შეუნარჩუნა იმით, რომ ყოველწლიურად მისი ნახატების გამოფენა-გაყიდვას აწყობდა. სწორედ არტურ დავის შთაგონიებით დახატა ცნობილმა აბსტრაქციონისტმა, სემ გილიამმა, ნახატი, რომელიც მუზეუმის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა და რომელიც დღეს მისი მთავარი შესასვლელის კიბის თავს ამშვენებს.

მუზეუმის ახალი შენაძენია აგრეთვე ბრიტანელი ფერმწერის, სერ ჰოვარდ ჰოდკინის, ორი უზარმაზარი ტილო სერიიდან „რაც დრო გადის“. თვითეული ნამუშევარი 12 კვარდატული მეტრია და ერთმანეთის სარკისებურ ილუმინაციას წარმოადგენს, ოღონდ განსხვავებულ ფერებში. ქალბატონი კასინსკის თქმით, ორივე ტილო ესთეტურად ძალზე ლამაზია, თუმცა, ამავე დროს - კომპლექსური და ექსპრესიულიც.

განახლებული ფილიპსის მუზეუმის კარი ისევ ღიაა დამთვალიერებლებისთვის. ძველი და ახალი საგანძურით გამდიდრებული კოლექცია აგრძელებს მისი დამაარსებლის ტრადიციას და სთავაზობს მნახველს როგორც ადრეულ შედევრებს, ასევე ახალ, რისკიან პროექტებს მისთვის ჩვეულ მყუდრო და თბილ ატმოსფეროში.