"საფასურის გადახდა მთელ ქვეყანას მოუწევს"

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ გორდონი, საყურადღებო განცხადებებს აკეთებს
დანაშაული უნდა გამოძიებულ იქნას, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ოპონენტების “შერჩევითი დევნის ცნების, თუ რეალობის თავიდან არიდება მოხდეს“ - აცხადებს საქართველოში ვიზიტად მყოფი ფილიპ გორდონი. განცხადება ევროპის და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გააკეთა. მისი თქმით, თუკი პროცესები საკმარისად გამჭვირვალედ არ წარიმართა და დაპატიმრებებს „პოლიტიკური ხასიათი მიეცა, ან ასე გამოჩნდა, ამ შემთხვევაში საფასურის გადახდა მთელ ქვეყანას მოუწევს“.

ფილიპ გორდონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საქართველოს დემოკრატიული განვითარებით აღფრთოვანება გამოხატა. ოპონენტებთან თანამშრომლობა იოლი არ არის, მითუმეტეს მწვავე წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, მაგრამ დღეს ორივე მხარემ ერთად მუშაობა უნდა შეძლოს. ეს „დემოკრატიის განვითარების განუყრელი ნაწილია“, აღნიშნა მან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ევროპული ტურნე 14 ნოემბერს დაიწყო და ის 21 ნოემბრამდე საქართველოს გარდა გერმანიას, ავსტრიას და ბელგიასაც მოიცავს.