კონგრესმენები: წარმატება საქართველოს მმართველობაზე და რეფორმებზეა

კონგრესმენი პიტერ როსკამი, რესპუბლიკური პარტია

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის "დემოკრატიის პარტნიორობის კომისიის" გავლენიან წევრებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვესაუბრეთ. კომისიის რესპუბლიკელი თავმჯდომარე კონგრესმენი პიტერ როსკამი, და წამყვანი დემოკრატი კონგრესმენი დევიდ პრაისი საქართველოსა და უკრაინაში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების ერთიანი ხედვის, რეფორმების გაგრძელების და დასავლეთთან აქტიური პარტნიორობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ.

კონგრესმენი დევიდ პრაისი, დემოკრატიული პარტია:

კონგრესმენი დევიდ პრაისი

"უკრაინა და საქართველო, როგორც ჩვენი ბოლო ვიზიტიდან დავრწმუნდით, ნამდვილად არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტენდენტები. ორივე ქვეყანა სირთულეებს უპირისპირდება, ეკონომიკურსა და პოლიტიკურს, უკრაინაში ღია კონფლიქტია რუსეთთან, საქართველოში კი გაყინული კონფლიქტები, და რუსეთის აგრესია იზრდება. ამიტომ, ჩვენი რწმენით აქ მთავარია ამ ორი ქვეყნის უნარი საკუთარი მმართველობა გააძლიეროს, პოლიტიკური მმართველობის, პოლიტიკური რეფორმის წარმატება შეძლოს, რაც მოსახლეობას მისცემს ლეგიტიმურ ნდობას, ხედვას და რწმენას ჩაუსახავს განვითარებასთან დაკავშირებით. ჩემი მუშაობით ამ კომისიაში, როცა საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებთან ვთანამშრომლობ, სწორედ ამას ვაკეთებ.

კონგრესმენი პიტერ როსკამი, რესპუბლიკური პარტია:

"საქართველო ძალიან რთულ გარემოშია. მაგრამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორი მონდომებულები არიან ქართველები საკუთარი მომავლისა და წარმატებისთვის. ის, რომ პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა ეს მარტო საქართველოში არ ხდება, ამერიკაშიც ყოველდღე ასეა, ამიტომ ჩვენ ძალიაა კარგად გავიგეთ იქ რაც ხდებოდა და რამდენად საჭიროა კომპრომისი. ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური პარტნიორობაა, თუმცა მე მინდა რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ვიცი, საქართველო, თავისი მონდომებით და სურვილით ბევრს მიაღწევს, და ეს ეხლაც ვიგრძენი, როცა ყველას ასეთი ოპტიმიზმი ვიგრძენი."

ამავე დროს კონგრესმენებს მიაჩნიათ, რომ რეგიონში მზარდი რუსული აგრესიის პირობებში, უკრაინასა და საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად აშშ-ისა და საერთაშორისო საზოგადოების მეტი ჩართულობაა საჭირო:

კონგრესმენი პრაისი, დემოკრატიული პარტია

"დახმარების ფორმებს, მიმართულებებს და რაოდენობას მუდმივად უნდა ვუბრუნდებოდეთ. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ იარაღის მიწოდება-არ მიწოდებაზე საუბარი, უკრაინის შემთხვევაში, არამედ ბევრი სხვა რამ, რაც უნდა გააკეთოს ამერიკამ და ევროპამ-ტრეინინგების, რეკომენდაციების ჩათვლით. რაც, ერთის მხრივ მხარდაჭერას და კარგ სიგნალს გააგზავნის, მეორეს მხრივ საქართველოს და უკრაინის მაგალითზე-გაზრდის ქვეყნების უნარებს და გააუმჯობესებს მათი მომზადების დონეს. ჩვენ ევროპა ვერ გვიკარნახებს როგორი დახმარება უნდა გავგზავნოთ, მაგრამ განსაკუთრებით ამ სფეროებში კარგია თუ მათთან ვისაუბრებთ და ერთობლივ მიდგომას გამოვნახავთ, როცა შესაძლებელია."

კონგრესმენი პიტერ როსკამი, რესპუბლიკური პარტია:

"რუსეთს 100 პროცენტიან პასუხისმგებლობას დავაკისრებდი იმისთვის, რაც ადმინისტრაციულ საზღვარზე ხდება. მე ვიყავი სამხრეთ ოსეთის მისადგომებთან და ვნახე როგორი დანაწევრებული, განადგურებულია ქართული სოფლები. ეს არის საქართველოს ოკუპაციის მაგალითი და პრეზიდენტ პუტინის ცინიკური, აგრესიული ქმედება. მე ძალიან შეწუხებული დავბრუნდი. რუსულ მხარეს კი მდგომარეობისთვის სრულ პასუხისმგებლობას ვანიჭებ."

რაც შეეხება განწყობებს, რომელიც მათ ქართველ ლიდერებსა და მოსახლეობას შორის დახვდათ, კონგრესმენი დევიდ პრაისი ამბობს, რომ განსხვავებით მანამდე არსებული ინფორმაციისა, რომ ქართველები თითქოსდა იმედგაცრუებული არიან დასავლური სამყაროს უყურადღებობით, მათ ამის სამხილი ვერსად შენიშნეს. მისი განცხადებით, საქართველო ევროპული ქვეყანაა, ასეთად ხედავს ის თავის თავს და ამას ესწრაფვის მოსახლეობა. კონგრესმენის თქმით, დიდია აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა თემებზე, თუმცა დასავლეთთან ურთიერთობის უპირატესობაზე თითქმის არავინ არ კამათობს. უკრაინაში განსხვავებული სიტუაციაა, მაგრამ საქართველოში ამის არ დანახვა არ შეიძლება-აცხადებს კონგრესმენი და დასძენს, რომ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, საქართველომ და უკრაინამ მეზობელ რუსეთთან ცხოვრება უნდა შესძლონ, თუმცა ეს არამცდაარამც არ გამორიცხავს კარგ, მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობას დასავლეთთან. პრაისი დასძენს, რომ ამ ორმა ქვეყანამ საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს, და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატივი უნდა სცეს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ არჩევანს.

კონგრესმენების პიტერ როსკამისა და დევიდ პრაისის განცხადებით, საერთო ენის გამონახვასა და პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ რიტმში გადასვლას საბოლოო ჯამში დიდი გავლენა ექნება საქართველოს წარმატებასა და განვითარებაზე.