ინფორმაციის და ახალი ამბების მიღება დღეს მობილური ტელეფონების გამოყენებით რამდენიმე წამში შეგვიძლია. შედეგად, ტრადიციული მედია საშუალებები პოპულარობას კარგავენ. თუმცა, ეს დღეს მედიის ერთადერთი გამოწვევა არაა. ავტორიტარულმა რეჟიმებმა ისწავლეს, თუ როგორ გამოიყენონ თანამედროვე ინფორმაციის გაცვლის საშუალებები, როგორიცაა სოციალური მედია დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ადამიანების დასაბნევად და ერთამენთთან დაპირისპირებისთვის. როგორ უნდა ებრძოლონ დეზინფორმაციას ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, ამ და სხვა თემებზე, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ავტორს და მკლევარს პიტერ პომერანცევს ესაუბრა.
რა საფრთხეს წარმოადგენს დეზინფორმაცია დემოკრატიისთვის და ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა? და რა მნიშვნელობა აქვს თავისუფალ მედიას მასთან ბრძოლაში?
დღეს, ძალიან რთულია ის, თუ როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას და პროპაგანდას. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ფორმულა დეზინფორამციასთან, ტყუილებთან, მატყუარა პოლიტიკოსებთან საბრძოლველად. ეს ფორმულა სიტყვის თავისუფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლები და თავისუფალი ბაზრის პლურალისტური მედია იყო. დღეს, მსოფლიოს გარშემო, და განსაკუთრებით სუსტ დემოკრატიებში, როგორიცაა საქართველო, ეს იდეა აღარ მუშაობს.
შეიძლება გქონდეს საზოგადოებრივი მედია, თუმცა ახალი ტიპის ავტორიტარულმა რეჟიმებმა და სუსტმა დემოკრატიებმა ისწავლეს, თუ როგორ დააკომპლექტონ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოები საკუთარი ხალხით. შედეგად, საზოგადოებრივი მედია სახელმწიფო მედიად გადაიქცა. პლურალური მედია - იდეა, რომ სხვადასხვა ბევრი მედია არსებობს, რომლებიც ერთმანეთს დააბალანსებენ, ბაზრის უხილავი ხელით, ასევე აღარ მუშაობს. ნახეთ ქვეყნები ბალკანეთში, ან უნგრეთი, და ასევე, ალბათ კავკასია: იქ ისე ჩანს თითქოს, მედია გარემო მრავალფეროვანია. თუმცა, ყველა საბაზრო ინიციატივა, მათ ვინც საკუთარ ბიზნესს არეკლამებს, იმისკენ უბიძგებს, რომ მთავრობასთან კარგად მოიქცნენ.
მთავრობები ქმნიან სისტემას, სადაც ისე ჩანს, თითქოს პლურალისტული მედია გარემო და სარეკლამო ბაზარი არსებობს, თუმცა ეს ყველაფერ მთავრობის სასარგებლოდ კეთდება. თუ სამთავრობო ბიზნესისგან რეკლამა გინდა, და ხშირად მთავრობა რეკლამის მთავარი გამცემია, მაშინ მთავრობასთან კარგად მოქცევა მოგიწევს ან რეკლამებს დაკარგავ.
რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, რუსებმა ეს მთლიანად შეცვალეს „ტროლების ქარხანით“. იდეა ყოველთვის იყო ის, რომ ავტორიტარული რეჟიმები მათ ოპონენტებს ცენზურას უწესებდნენ. ამას დღესაც აკეთებენ, თუმცა დღეს ისინი ტროლების ქარხანას იყენებენ ოპოზიციის ჩასახშობად, ტყუილების გასავრცელებლად, ოპონენტების გასაშავებლად, და ხშირად უბრალოდ ბევრი ინფორმაციის გავრცელებით, ხმაურის შესაქმნელად. და შენ შეიძლება თქვა, რომ ეს თავისუფლებას ზღუდავს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს სიტყვის თავისუფლებაა, რომლის მხარეზეც შენ დგახარ. ეს მართლა ძალიან დიდი პრობლემააა.
ჩვენ დღეს ინფორმაციის სიჭარბის ეპოქაში ვცხოვრობთ, და ყველა ინტელექტუალური ფორმულა რაც ჩვენ შევქმენით მეოცე საუკუნეში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, დღეს გამოუსადეგარია. და ამ ბრძოლის ფრონტის ხაზზე ის ქვეყნები არიან, რომელსაც ჩვენ ჰიბრიდულ დემოკრატიებს ვეძახით: სერბეთი, საქართველო, მექსიკა - ისეთი ქვეყნები, სადაც ბიზნესი მთავრობასთან ძალზედ ახლოსაა. და ისე ჩანს თითქოს მათ თავისუფალი ბაზარი აქვთ, მაგრამ არა რეალურად. იქ მდარე ხარისხის ინფორმაციის სიჭარბეა. საქართველო ამის კლასიკური მაგალითია. ამაზე, ჩვენ ჯერ პასუხი არ გვაქვს.
ვინმემ რომ გკითხოთ, რა არის რუსული დეზინფორმაცია, როგორი იქნება თქვენი, ასე ვთქვათ ლექსიკონური განმარტება?
რუსული დეზინფორმაცია სპეციალური საიდუმლო სამსახურებისგან მოდის, ძალიან მილიტარისტული ხედვიდან. ინფორმაციის მიზანი იდეის გავრცელება არაა. ისიც კი არაა მნიშვნელოვანი თუ ეს [ინფორმაცია] ტყუილია. ისინი ინფორმაციას იარაღად იყენებენ. ინფორმაციის მიზანი [ხალხის] დაბნევა, დაყოფა, დაპირისპირება და მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანაა. მათ ინფორმაციის სამხედრო ხედვა აქვთ. შინაარსი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ,. შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ ამ შინაარსზე დავაა. ხალხი, რომელიც ამ ინფორმაციას ქმნის, არ ფიქრობს მის შინაარზე. ისინი მას იარაღად იყენებენ.
სწორედ ამიტომ შეუძლია [მოსკოვს] ნებისმიერ იდეოლოგიას შეეკედლოს. მისთვის ეს მნიშვნელოვანი არაა. და სანამ გააანალიზებ თუ რა ეფექტის გამოწვევა სურთ მათ, იქამდე შეიძლება ხაფანში გაება. ამის მიხვედრა ძალზედ მნიშვნელოვანია.
და შეუძლია დეზინფორმაციას ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, დემოკრატიას საფრთხე შეუქმნას?
დიახ, მის წინაშე ყველა ქვეყანა დაუცველია. თუ ამერიკა შეიძლება იყოს დაუცველი, რატომ იქნება საქართველოს გამონაკლისი. საქართველოზე გავლენის მოპოვების ბევრად უფრო მეტი საშუალება მოიძებნება, ვიდრე ამერიკაზე. ვიტყოდი, საქართველო ბევრად უფრო დაუცველია.
თქვენ თქვით, რომ გზავნილებს, რომელსაც ისინი ავრცელებენ, მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, თუ განვაზოგადებთ, რა წარმოდგენების გავრცელებას ცდილობს რუსული დეზინფორმაცია საქართველოში?
დიდი ნარატივები არსებობს, ეს ალბათ თქვენ უკეთ იცით, თუმცა ალბათ ისინი იმ იდეის გავრცელებას ცდილობენ, რომ საქართველოს დასავლეთი არ სჭირდება, რომ იქამდე ვერასდროს მიაღწევთ, რომ იქ არავინ გელოდებათ - რაც ნაწილობრივ მართალია, და რომ რუსეთთან ერთად უნდა იყოთ. საქართველოში, როგორ მუშაობს ეს არ ვიცი, თუმცა ალბათ იქ აპათიის და უიმედობის განცდის გაღვივებას ცდილობენ.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ახალი მეთოდები დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, ანუ ფიქრობთ, რომ ხვალინდელი დღე ბუნდოვანია? თქვენი აზრით, როგორ გამოიყურება ინფორმაციის მიღების და გავრცელების მომავალი?
ჩვენ ორ სხვადასხვა კრიზისს ვუმკლავდებით. პირველი რუსეთია, როგორც თქვენ აღნიშნეთ და მეორე ისაა, თუ როგორ დავარეგულირებთ ინფორმაციას. რას ვგულისხმობთ ჯანსაღ საინფორმაციო სივრცეში 21-ე საუკუნეში? ევროკავშირი ამ მიმართულებით, ინტერნეტის დასარეგულირებლად ნაბიჯებს დგამს. ეს არ შეეხება მხოლოდ შინაარსს, არამედ ალგორითმებსაც, რათა ეს ალგორითმები უფრო სწორი ინფორმაციის მიწოდებისკენ გადაიხარონ. ეს ასევე მოიცავს მისაღებ გავლენასა და მიუღებელ მანიპულაციას შორის ზღვარის გავლებას. ერთ ქვეყანას შეუძლია მეორე ქვეყნის მოსახლეობის დარწმუნება სცადოს. თუმცა მიუღებელია, როცა ამას ათასობით „ცრუ ანგარიშის“ გამოყენებით ცდილობ. მნიშვნელოვანია, შეიქმნას აღსრულების მექანიზმებიც, ვფიქრობ, ჩვენ ნელნელა ვეწევით დროს, რეგულაციებიც დაეწევა მას.
თქვენი აზრით, ინტერნეტის რეგულირება სწორი გზაა?
არსებობს კარგი რეგულაციები და ცუდი რეგულაციები... ეს მხოლოდ ერთი გზაა. მეორე გზა, რაზეც ყველა საუბრობს, მედია წიგნიერების გაზრდაა, რისაც მე ნაკლებად მწამს... ვფიქრობ, რეალური გზა არა რეგულაციებია- რომელიც ყოველთვის „პროგრამა მინიმუმი“ იქნება, არც მედია წიგნიერება - რომელიც გრძელვადიანი პროცესია, არამედ ამ სივრცეში შეჯიბრი იქნება. ამ ეტაპზე, მხოლოდ „ცუდი ტიპები“ მონაწილეობენ ამ შეჯიბრში, მხოლოდ ბინძური პოლიტიკური კამპანიები გვხვდება, მხოლოდ ცუდი, მტრულად განწობილი სახელმწიფოები და ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ [მიმართავენ მას]. ისინი ახალ საინფორმაციო ეპოქაზე გაბატონდნენ. ჩვენ უნდა გადავხედოთ საზოგადოებრივი მაუწყებლების და საჯარო მედიის სისტემას - თუ რას ნიშნავს ის, ციფრულ ეპოქაში. ჟურნალისტიკამ ხელახლა უნდა შეაფასოს მისი საქმიანობა.
და ბოლოს, რა როლი აქვს „ამერიკის ხმას“ და „რადიო თავიფულებას“ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში?
„ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“ სხვადასხვანაირ გარემოში მუშაობენ, თუმცა მათი მთავარი არენა იქ მაუწყებლობაა, სადაც არ არსებობს საბაზისო, სანდო მედია. ეს უკვე კარგია. ეს საზოგადოებრივი მაუწყებლები არიან, რომელთაც აქვთ იმუნიტეტი იმ პათოლოგიების წინააღმდეგ, რომელიც ზემოთ განვიხილეთ. მათ ვერ მოისყიდიან და არც საბაზრო ეკონომიკაზე არიან დამოკიდებულნი.
თუმცა, ამერიკის საერთააშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლები უნდა გაძლიერდნენ და 21-ე საუკუნეში გადავიდნენ. ამას პოლიტიკური ნება და ფული დასჭირდება. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“ იმ ბევრი პრობლემისგან თავისუფალია, რაც განვიხილეთ. ჩვენ ვიცით, რომ იქ კარგი ხალხი მუშაობს. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ეს მცირედია, ბევრი სხვა რამის მიღწევა შეიძლება.