პერუში კოვიდ-19-თან დაკავშირებული ოფიციალური სტატისტიკა განაახლეს. სამთავრობო შემოწმებისა და მონაცემთა განახლების შემდეგ ირკვევა, რომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ვირუსმა ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ პერუში იმსხვერპლა.
პერუ აქამდეც სამხრეთ ამერიკის ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ქვეყნებს შორის იყო. საავადმყოფოები პაციენტებით იყო გადატვირთული და ჟანგბადი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ექსპერტები დიდი ხანია ამბობდნენ, რომ ოფიციალური სტატისტიკა ბევრად იმაზე მცირე იყო, ვიდრე სინამდვილეში.
ვირუსის გართულებებით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დრომდე 70 ათასზე ნაკლები იყო, განახლებული მონაცემებით კი 180 ათასს აჭარბებს. დიდწილად ეს ტესტირების შეზღუდული შესაძლებლობით იყო განპირობებული. ამასთან იმითაც, რომ ძნელდებოდა იმის დადასტურება, კონკრეტულად რა გახდა ამა თუ იმ მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი.
ამ დრომდე, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უნგრეთს ჰქონდა - 300 გარდაცვლილი ყოველ 100 000 მოსახლეზე. განახლებული მონაცემებით, პერუში იგივე მაჩვენებელი - 500-ს აჭარბებს.
პერუს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდება ხელისუფლების მოვალეობა იყო.
სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის კოვიდ-19-ის გართულებებით ყველაზე მეტი - 450 000-ზე მეტი ადამიანი ბრაზილიაში გარდაიცვალა. თუმცა მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით, ეს მაინც ორჯერ იმაზე ნაკლებია, ვიდრე - პერუში.