შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დღეს ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის დროს თქვა, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისთვის, რუსულ აგრესიაზე უფრო დიდი საფრთხე არ არსებობს. მან ნატოელ მოკავშირეებს, ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას მხარდაჭერა აღუთქვა.
ვიცე პრეზიდენტმა თქვა: „სწორედ ახლა, რუსეთი საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლის მცდელობას, სუვერენული სახელმწიფოების დემოკრატიების ძირის გამოთხრას და ევროპის თავისუფალი ქვეყნების დაყოფას და ერთმანეთთან დაპირისპირებას აგრძელებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში, შეერთებული შტატები ბალტიის ქვეყნების ან ჩვენი ალიანსის ნებისმიერ მოკავშირის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ნებისმიერ მცდელობას, მუქარას, დაშინებას ან მავნე გავლენას არ დაუშვებს.“
ბალტიის რეგიონში რუსული ექსპანსიონიზმის მკვეთრი ზრდით და რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიით შეშფოთებულმა ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ, შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის ხელშესახები დემონსტრირება ითხოვეს.
საქართველოში გამგზავრების წინ, პენსმა ტალინში თქვა:
„ჩვენი გზავნილი ბალტიის ქვეყნებისთვის, ჩემი გზავნილი საქართველოსთვის და მონტენეგროსთვის ერთნაირი იქნება. მივმართავ ჩვენს მოკავშირეებს აქ, აღმოსავლეთ ევროპაში: ჩვენ თქვენთან ვართ, თავისუფლებისთვის თქვენს გვერდით ვართ და აქ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია.“
პენსის თქმით, ის მოელის, რომ ტრამპი „ძალიან მალე“ ხელს მოაწერს სანქციების კანონპროექტს, რომელიც ჩრდილოეთ კორეას, ირანს და რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს.