დემოკრატები ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს წარმოადგენენ

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ დემოკრატი კანონმდებლები კოვიდ-19-ით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად ახალ ფინანსურ პაკეტს წარმოადგენენ. პაკეტის სრული მოცულობა კი 2.2 ტრილიონი დოლარი იქნება.

პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ოფისმა დემოკრატ კანონმდებლებს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ ახალი საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს დახმარებას იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული კატასტროფა სკოლებისთვის, მცირე ბიზნესებისთვის, რესტორნებისთვის, საავიაციო სფეროში დასაქმებულთა და სხვებისთვის.

პელოსი გასული დღეების განმავლობაში ამბობდა, რომ მისი აზრით, თეთრ სახლთან ამ პაკეტზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. თუმცა როდის გეგმავენ დემოკრატები პაკეტის კენჭისყრას, ჯერჯერობით უცნობია.

დემოკრატები თავდაპირველად 3.4 ტრილიონი დოლარის მოცულობის პაკეტს სთავაზობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, შემდეგ მის შემცირებაზე საუბრობდნენ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ნენსი პელოსიმ და ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტივენ მნუჩინმა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე ისაუბრეს, ჯერჯერობით კვლავ უცნობია, დათანხმდება, თუ არა ადმინისტრაცია შემოთავაზებულ, შემცირებულ პაკეტს.