79 წლის წინ, 7 დეკემბერს იაპონია ამერიკას თავს დაესხა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ, ეს ამერიკის ისტორიაში ქვეყნის ტეტრიტორიაზე მომხდარი ყველაზე მასშტატბური თავდასხმა იყო. ამ დღეს დაღუპულთა ხსნოვნის პატივსაცემად, თეთრ სახლზე ამერიკის დროშა ნახევრად დაშვებულია.
1941 წლის 7 დეკემბერს, პერლ ჰარბორის საზღვაო ბაზაზე იაპონიის საჰაერო ძალებმა მასშტაბური იერიში მიიტანეს. სწორედ ამ დღის შემდეგ ჩაერთო ამერიკა მეორე მსოფლიო ომში.
ჰავაის შტატში მდებარე საზღვაო ფლოტის ბაზაზე იაპონიის საჰაერო ძალებმა მოულოდნელი თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 07:55-ზე განახორციელეს. ამ აგრესიას მსოფლიო პერლ ჰარბორის (თარგმანში მარგალიტის ნავსადგური) თავდასხმის სახელით იცნობს.
თავდასხმის შედეგად 2 300-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათ დაახლოებით ნახევარი - 1 177-ის მეზღვაურები და სამხედროები იყვნენ, რომლებიც საბრძოლო საზღვაო ხომალდ USS Arizona-ზე იმყოფებოდნენ. ხომალდი თავდასხმიდან 9 წუთში ჩაიძირა და ბორტზე მყოფთა უმეტესობა დაიღუპა.
კონგრესმა 7 დეკემბერი პერლ ჰარბორის ხსოვნის ეროვნულ დღედ 1994 წელს გამოაცხადა. დაღუპულთა ხსოვნის მემორიალს ყოველ წელს 2 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყოველ წელს ადგილზე ათასობით ადამიანი იკრიბება. თუმცა წელს, პანდემიის გამო, ვითარება შეცვლილია. მასშტაბური ცერემონია არ გაიმართება. ვეტერანების მცირე ჯგუფი 79 წლის წინ მომხდარ თავდასხმას მცირე, ფართო საზოგადოებისა და მედიისთვის დახურულ ცერემონიაზე გაიხსენებს.
8 დეკემბერს, თავდასხმის მეორე დღეს, ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტი ფრანკლინ დელანორ რუზველტი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე წარდგა და თავდასხმას უწოდა "დღე, რომელიც ისტორიაში სირცხვილის სიმბოლოდ" დარჩება. კონგრესმა იაპონიას ომი გამოუცხადა. 11 დეკემბერს კი იაპონიის მოკავშირეებმა - გერმანიამ და იტალიამ ამერიკის წინააღდეგ გამოაცხადეს ომი. მოგვიანებით, 1945 წლის აგვისტოში, ამერიკამ იაპონიის ქალაქებში ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოაგდო.
საარქივო ცნობების თანახმად, ამერიკის საბრძოლო გემებმა "კანინგჰემმა" და "მერილენდმა" ზღვიდან 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ხომალდ „ოკლაჰომიდან“ კი 25 ადამიანი ამოიყვანეს. „ეროვნული პარკების სამსახურის“ ცნობით, ამ დღეს 188 საჰაერო ხომალდი განადგურდა, ჩაიძირა და დაიწვა არაერთი გემი. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმებს 2 403 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 178 კი დაშავდა.