პოლ ქრეგო: "სიწმინდეზე" ამდენი საუბარი დიდი პრობლემაა

პოლ ქრეგო რამდენიმე ათეული წელია კონგრესის ბიბლიოთეკაში მუშაობს. დიდი ხნის წინ საქართველოთი დაინტერესდა, ისწავლა ქართული და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს. იკვლევდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ქრისტიანულ ტექსტებს, ასევე რელიგიისა და ნაციონალიზმის საკითხებს საქართველოში. როგორი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რას აჩვენებს ბიბლიოთეკაში დაცული მასალები, როგორ სწამდათ დემოკრატიის 18-21 წლებში და როგორია ეს რწმენა 100 წლის შემდეგ საქართველოში? - ამ კითხვების გარდა ჩვენ ქრეგოს ქვეყანაში ნაციონალისტური ჯგუფების ქმედებებისა და ეკლესიის როლზეც დავუსვით შეკითხვები:

როდიდან და რატომ დიანტერესდით საქართველოს შესწავლით?

საქართველოთი 1977 წლიდან დავინტერესდი, როდესაც დავასრულე სწავლა საბჭოთა კვლევების მიმართულებით. დაინტერესებული ვიყავი საბჭოთა კავშირის, ზოგიერთი ეთნოგრაფიული ასპექტით. რამდენიმე სალექციო კურსი ავირჩიე, მყავდა სომეხი მეგობრები და მათი დახმარებით კავკასიაშიც მოვხვდი. როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტში გადავედი, რუსეთის ისტორიის სემინარზე პროფესორმა რიჩარდ პაიფსმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, ერთხელ მოულოდნელად მითხრა, ქართული უნდა ისწავლოო. გულისხმობდა, რომ მე უნდა შემძლებოდა პირველი რესპუბლიკის შესახებ არსებული იმ საარქივო მასალების შესწავლა, რომლებიც მაშინ ჰარვარდში ინახებოდა.

აუცილებელი იყო შეხედულებების შეცვლა, ჩვენება, რომ ეს იყო არა ეგზოტიკური, არამედ ევროპელი ხალხი. რომ მათ ჰქონდათ ევროპული განათლება და მათგან უნდა მოელოდნენ არა მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფო ექნებათ, არამედ იმას, რომ ისინი მას დემოკრატიული წესით მართავენ.

სამწუხაროდ, მათზე ბევრი არასდროს მიმუშავია, მოგვიანებით ისინი საქართველოში დაბრუნდა და ჰარვარდის და კონგრესის ბიბლიოთეკასაც მათი ამსახველი მიკრო-ფირები აქვს. საარქივო მასალები არა, მაგრამ ავიღე ქართული ენის გრამატიკის წიგნი და დავიწყე სწავლა. ზოგიერთი ბგერა საერთოდ არ გამომდიოდა. თუმცა გერმანული ვიცოდი და ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმაში გერმანულის ცოდნა მართლაც დამეხმარა.

რა მასალა ინახება ამჟამად კონგრესის ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ?

დღეს ბიბლიოთეკაში 10 000-ზე მეტი ქართული დასახელების მასალაა ქართულად. რადგან ბევრი სერიული გამოცემა გვაქვს, ეს რიცხვი რეალურად 15 000 ერთეულამდეც შეიძლება ავიდეს. საკმაოდ კარგი კოლექცია გვაქვს, შესაძლოა ჰარვარდის ბიბლიოთეკას მაინც უფრო მეტი წიგნი ჰქონდეს, მაგრამ ძალიან ბევრი რამაა ისეთი, რისი გამოყენებაც შეიძლება თუ ქართული ენით და საქართველოთი ხართ დიანტერესებული და ამ თემაზე მუშაობა გსურთ თბილისში წაუსვლელად. თუმცა ან რატომ არ უნდა წახვიდეთ თბილისში?!

მხოლოდ წიგნები გაქვთ თუ სხვა ტიპის მასალებიც? მაგალითად ხელნაწერები, რუკები...

ძირითადად წიგნებია, ცოტა ჩანაწერი გვაქვს, ძალიან ცოტა რუკა, თითქმის არ გვაქვს ხელნაწერები, მაგრამ ონლაინ ბაზაში გვაქვს სინას მთაზე დაცული ხელნაწერების ფოტოები, მათ შორის ბევრი ქართული ხელნაწერია და მათი წაკითხვა სავსებით შესაძლებელია.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვაქვს, არის პირველი რესპუბლიკის მთავრობის მიერ 18-21 წლების განმავლობაში გამოცემული დოკუმენტების ამსახველი ასზე მეტი მიკროფირი. გვაქვს მათი შინაარსის დეტალური კატალოგი და შესაძლოა ძალიან მარტივად იპოვოთ ზუსტად ის ფირი, რომელიც გჭირდებათ.

ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან კარგი კოლექცია იმ წიგნებისა, რომლებიც იმ პერიოდში დაიწერა, როგორც ქართველების, ისე არაქართველების მიერ, იმის შესახებ თუ როგორ ცდილობდა საქართველო დაერწმუნებინა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული მხარეები იმაში, რომ ის იყო [აღიარების] ღირსი.

ერთ-ერთი მთავარი, რაც პირველი რესპუბლიკისგან თანამედროვე საქართველომ უნდა ისწავლოს, არის დემოკრატიის რწმენა. დემოკრატიას ვერ შექმნი, თუ მისი არ გწამს და ცდილობ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ როგორმე ხალხი საარჩევნო პროცესიდან გამორიცხო. მაშინვე თანაბარი ხმის უფლება ჰქონდა ყველა ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური ჯგუფის თუ სქესის წარმომადგენელს.

ბევრი ქართველი იყო იმ დროს დასავლეთ ევროპიდან დაბრუნებული, ისინი იქ სწავლობდნენ ნაციონალიზმისა და სოციალიზმის შესახებ. ხდებოდა იდეათა გაცვლა. მაგრამ ვფიქრობ, დასავლეთის სახელმწიფოებმა მაშინ არც თუ ისე ბევრი იცოდნენ საქართველოს შესახებ. ახლაც კი, როდესაც ამერიკასა და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორობა აკავშირებს, ქუჩაში რომ გახვიდეთ და საქართველო ახსენოთ, მაინც მოგიწევთ იმის მტკიცება, რომ შტატზე არ ლაპარაკობთ.

რას აჩვენებს ეს მასალები, რას ამბობს პირველი რესპუბლიკის შესახებ?

ქართველების მიერ დაწერილი მასალებიდან შეგვიძლია გავიგოთ, როგორ ცდილობდნენ ქართველები თავი დაემკვიდრებინათ მსოფლიო ასპარეზზე, ეჩვენებინათ, რომ ჰქონდათ რუსეთისგან განსხვავებული იდენტობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან რუსეთის იმპერიის გამო ბევრი ფიქრობდა, რომ ყველა ეს ხალხი სლავური წარმოშობის მაინც იყო. კომუნიკაცია იმის თაობაზე, რომ ცალკეული იდენტობა არსებობდა, მნიშვნელოვანი იყო. ვხედავდით ნაციონალიზმის მთავარ ასპექტებთან შეზავებულ სოციალიზმს.

ეს იყო, რაზეც ქართველები წერდნენ, არაქართველები კი ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ, ვინაა ეს ხალხი. ბევრმა იმოგზაურა რუსეთის იმპერიაში, ჰქონდათ ნანახი ეს ადგილები, მაგრამ არ მგონია ბევრს ჰქონოდა წარმოდგენა, რამდენად უძველესი იყო კავკასიური კულტურები. ბევრი მოგზაური საუბრობს წიგნებში ამ ადგილებზე, მაგრამ ეს ხშირად უბრალოდ უფრო დიდი მარშრუტის ნაწილი იყო. ვფიქრობ მათთვის ეს უბრალოდ ეგზოტიკური ადგილი იყო და ვფიქრობ ასეც უყურებდნენ ამ ყველაფერს დასავლეთში. აუცილებელი იყო შეხედულებების შეცვლა, ჩვენება, რომ ეს იყო არა ეგზოტიკური, არამედ ევროპელი ხალხი. რომ მათ ჰქონდათ ევროპული განათლება და მათგან უნდა მოელოდნენ არა მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფო ექნებათ, არამედ იმას, რომ ისინი მას დემოკრატიული წესით მართავენ - ისე, როგორც ჯერ კიდევ ბევრი ერი ვერ მართავდა. საქართველოს ამერიკაზე და ბევრ ევროპულ ქვეყანაზე ადრე ჰქონდა ხმის მიცემის საყოველთაო უფლება დაწესებული.

იპოვეს ევროპელებმა ამ კითხვებზე პასუხი? რას აჩვენებს ეს მასალები, გაიგეს ვინ იყო ქართველი ხალხი?

ვფიქრობ, სრული პასუხი ნამდვილად ვერ მიიღეს.

კავკასიის ქვეყნები ამ დროს ბევრ ტერიტორიაზე დავობდნენ. დასავლეთ ევროპის ქვეყნები ფიქრობდნენ, რომ ეს ხალხი თვითონაც არ იყო გარკვეული იმაში, რა ვის ეკუთვნოდა. ეროვნული საზღვრების ცნება მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალი იყო. საზღვრები იმდენჯერ შეიცვალა, ვერაფერზე იტყვით დაზუსტებით ეს ადგილი ყოველთვის ამ ქვეყანას ეკუთვნოდაო ისე, რომ ვინმე არ შემოგეკამათოთ. ამ ხალხებს უყურებდნენ, როგორც უიმედოდ, კონფლიქტებში ჩართულ ხალხებს. გერმანია, ბრიტანეთი, წითელი არმია თუ თეთრი გვარდია, ყველას სურდა ამ ტერიტორიების ხელში ჩაგდება. დასავლეთი უყურებდა კავკასიას და ხედავდა ქაოსს. ძნელი იყო ამ ქაოსში იმ სახელმწიფოების დანახვა, რომლებიც მათ ყურადღებას იმსახურებდა.

შემდეგ კი მოვლენები უკვე ძალიან სწრაფად განვითარდა. გარდა ამისა, დასავლეთს რუსეთის ელაპარაკებოდა, როგორც ეს ყოველთვის ხდება. ამბობდნენ, ეს “აზიატი" ხალხია და არც კი იციან, რაზე ლაპარაკობენო. მიუხედავად იმისა, რომ საქართვლოში ერთ-ერთი გასაოცარი მოძრაობა სწორედ საგანმანათლებლო მოძრაობა და “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” საქმიანობა იყო.

რა მიუთითებს იმ დროის დემოკრატიის ხარისხზე?

ალბათ ყველაზე მეტად მაინც უნივერსალური ხმის მიცემის უფლება. გარდა ამისა, საქართველოს მმართველი პარტია არ იყო მსგავსი იდეოლოგიის მქონე პარტიებისნაირი. სოციალ-დემოკრატების დღის წესრიგი საქართველოში განსხვავებული იყო მაშინ, როდესაც “მენშევიკი” პრაქტიკულად ყველგან ბინძური სიტყვა იყო. ბევრი ფიქრობს, რომ თანამედროვე საქართველომ ბევრი უნდა ისწავლოს იმდროინდელი საქართველოსგან და ერთ-ერთი მთავარი არის დემოკრატიის რწმენა.

დემოკრატიას ვერ შექმნი, თუ მისი არ გწამს და ცდილობ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ როგორმე ხალხი საარჩევნო პროცესიდან გამორიცხო. ეს იყო ხმის მიცემის თანასწორი უფლება ყველა ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური ჯგუფის თუ სქესის წარმომადგენლისთვის.

ფიქრობთ ესაა მთავარი, რაც თანამედროვე საქართველომ პირველი რესპუბლიკისგან ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს?

თანამედროვე საქართველო საკმაოდ კარგად უმკლავდება არჩევნების საკითხს . პოლიტიკური პარტიების შექმნა კი კვლავ ძნელია, თუმცა ჯერ 30 წელზე ნაკლებია გასული და რომ შეადარო ამერიკის ისტორიას, იგივე ხანგრძლივობის მონაკვეთში, ამერიკის პარტიული სისტემაც ახალი იყო. ბევრი ხალხი მიდიოდა დასავლეთიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იდეებით, რწმენით, რომ იცოდნენ, როგორ უნდა მართულიყო ქვეყანა. მაგრამ ცოტა თუ გასცდა თავისუფლების მოედანს, ცოტამ თუ შეძლო ესწავლა ქართული, გაეგო ქართული კულტურა და ელაპარაკა პირდაპირ ქართველ ხალხთან. მაგრამ 70-წლიანი სბაჭოთა მენტალიტეტის წაშლა ადვილი არაა და ამას თაობათა ცვლა სჭირდება. თქვენს თაობას არ აქვს საბჭოთა მენტალიტეტი, არ იცის ეს რა არის, არ უცხოვრია იმ დროს და წესით არც უნდა იცოდეს და შორეული წარსული უნდა იყოს თქვენთვის.

თქვენ თქვით, რომ დასავლეთის ხედვითაც საქართველო იმ დროს ქაოსში იყო გახვეული. ბევრი ალბათ ამიტომაც ამბობს, რომ ქვეყანა 1918 წლის მაისში სულაც არ იყო მზად დამოუკიდებელ რესპუბლიკად ქცეულიყო. როგორ ფიქრობთ, იყო ქართული საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა ამისთვის მზად? რატომ?

კი, ვფიქრობ მათ ჰქონდათ დემოკრატიის აღქმა, განსაკუთრებით პოლიტიკურ ელიტას, ესმოდა, ჰქონდა ხედვა, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ქვეყანა. ეს მოიცავდა ეკონომიკურ რეფორმებს, მიწის რეფორმას მათ შორის, გარკვეულწილად ეკლესიის ჩართულობის შემცირებასაც. რუსეთის იმპერიის დროს ხშირად სასულიერო პირები სწორედ რომ რუსიფიკაციის აგენტები იყვნენ. ცხადია გვქონდა კირიონ მეორის მაგალითიც. თუმცა შანსი არ მიეცათ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ. ეს რომ არა, ვფიქრობ ქართველებს დღეს ნამდვილად შეეძლებოდათ ზოგი რამის სწავლება ყველა ჩვენგანისთვის. ისევე როგორც სხვა ხალხებს, მაგალითა სომხებს.

სევდიანია, რომ ერთი იმპერიული ერი ფიქრობს, რომ მან უნდა ასწავლოს ყველა დანარჩენს როგორ იცხოვროს და თუ არა, არმიით შევიდეს ამ ქვეყნებში. პატარა ქვეყნები ხშირად მეტს გვასწავლიან დემოკრატიასა და ქვეყნების დემოკრატიულ მართვაზე ვიდრე სხვები.

საქართველოს კონსტიტუცია, ფოტო - ეროვნული არქივი

ამდენჯერმე ახსენეთ ნაციონალიზმი და ასევე დემოკრატიის რწმენა, პირველი რესპუბლიკის და გასულ თვეში თბილისში ნაციონალისტური ჯგუფების გამოსვლების კონტექსტში, რას ფიქრობთ, ახლანდელ საქართველოს კვლავ აქვს დემოკრატიისადმი მსგავსი რწმენა? თუ ეს იმ პირველ ღირებულებებთან დაშორებაზე მეტყველებს?

"სიწმინდე“ საშიში სიტყვაა და ვფიქრობ, მასთან მართლმადიდებლები მართლაც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ძალიან მაწუხებს, როცა ამ სიტყვას ვისმენ მათგან. ათწლეულებია ქრისტიანულ ტექსტებს ვსწავლობ, ბევრი მართლმადიდებელი ვიცი, ვინც ლოცულობდა იმაზე, რომ მეტ ხალხს მიეღო მათი მრწამსი, მაგრამ ისინი არ საუბრობდნენ იმაზე, რომ ყველა დანარჩენის თავიდან მოშორება იყო საჭირო. და როდესაც საუბრობ სიწმინდეზე, სრულ სურათს ძალიან მალე ემატება “უწმინდურობისგან” ძალადობით გათავისუფლების გზებიც.

ასეთი ჯგუფები, რომლებიც მაისში თბილისის ქუჩებში ვნახეთ, ნამდვილად არ იყო პირველი რესპუბლიკის ნაწილი. განსაკუთრებით ვაკვირდები “პატრიოტთა ალიანსს”, რადგან ისინი პარლამენტის წევრები არიან. ზოგიერთი ადამიანი საქართველოში მათ ფაშისტებს უწოდებს, ვიტყოდი, რომ ეს გადამეტებულია. მათ აქვთ დღის წესრიგი, რომელიც არის რადიკალური მათ მიმართ, ვინც არაა ქართველი, არაა მართლმადიდებელი. მათი მოკავშირეები კი არიან ქუჩებში, ძირითადად მამაკაცებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებიც ავიწროვებენ უცხოელებს, შეავიწროვეს “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლებიც. სრულიად შემთხვევითმა ხალხმა ასევე შუერაცხყოფა მიაყენა ნიგერიელებს ფეხბურთის მოედანზე. მართალია, ეს ცალკეული ინციდენტებია, მაგრამ როცა ერთ კონტექსტში უყურებ, ეს პრობლემაა. და ეს იქნება ეკონომიკური პრობლემაც თუ ასე გაგრძელდა. საერთაშორისო ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ძლიერი მამოძრავებელი ძალაა.

თუკი ირანელებს ან სხვებს ასე შეავიწროვებენ, ჩამოვა კი ეს ხალხი? ვისაც აქ ჩამოსვლა ენდომება, შემდეგ წარმოიდგენს, რომ ეს ახლო აღმოსავლეთია და არ იგრძნობს თავს მშვიდად. თუმცა მე ყოველთვის უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს საქართველოში და ის ზოგადად უსაფრთხო ადგილია.

“პატრიოტთა ალიანსი” არის პოლიტიკურად კონსერვატული, რელიგიურად ძალიან კონსერვატული, და ისინი უკავშირებენ თავს მართლმადიდებლობას, მაგრამ მათი რელიგია არის უფრო “სიწმინდის რელიგია”. და მე მაშინებს ის თუ როგორ საუბრობს პატრიარქი და პატრიარქზე კიდევ უფრო კონსერვატული ხალხი „საქართველოს სიწმინდეზე”.

როდესაც იწყებ საუბარს ქვეყნის “სიწმინდეზე”, შენ ძალიან დიდი პრობლემა გაქვს. რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის „უწმინდურობები“, რომლებიც არ გინდა და უნდა იპოვო ეს უწმინდურობები. მერე იწყებ ვიღაცის დადანაშაულებას, თქმას, რომ ღმერთი დაგვსჯის, თუ გეებს ქვეყანაში თავისუფლად ყოფნის უფლებას მივცემთ და ა.შ. საბედნიეროდ მუსლიმების მიმართ ასეთი კრიტიკული გამოსვლები არ ყოფილა, თუმცა იყო ამ კუთხითაც კონფლიქტები ბოლო დროს. ამ მიმართულებით ბევრი მუშაობაა საჭირო. ამ “სიწმინდეზე” საუბარია სხვა ქრისტიანებთან მიმართებითაც კი.

ხედავთ ეკლესიის როლს ამ “უწმინდურობების” ძიებაში და მის როლს ამ ნაციონალისტური ჯგუფების გააქტიურებაში?

კი და არა. პატრიარქი იყენებს ამ ენას, მაგრამ ესაა უფრო იმ ხალხის ენა, ვინც კიდევ უფრო კონსერვატულია, ვიდრე პატრიარქი. ახლა ის უფრო მთავარია, როგორი იქნება შემდეგი პატრიარქის ენა.

თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომ აღარაფერი ვთქვათ 2013 წლის მოვლენებზე, ბოლო წლებში გადაფარულია მართლმადიდებელთა მიერ ორგანიზებული აქციებით, როგორც თავად უწოდებენ “ოჯახის სიწმინდის დღის” აღსანიშნად.

„სიწმინდე“ საშიში სიტყვაა და ვფიქრობ, მასთან მართლმადიდებლები მართლაც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ძალიან მაწუხებს, როცა ამ სიტყვას ვისმენ მათგან. ათწლეულებია ქრისტიანულ ტექსტებს ვსწავლობ, ბევრი მართლმადიდებელი ვიცი, ვინც ლოცულობდა იმაზე, რომ მეტ ხალხს მიეღო მათი მრწამსი, მაგრამ ისინი არ საუბრობდნენ იმაზე, რომ ყველა დანარჩენის თავიდან მოშორება იყო საჭირო. და როდესაც საუბრობ სიწმინდეზე, სრულ სურათს ძალიან მალე ემატება “უწმინდურობისგან” ძალადობით გათავისუფლების გზებიც.

თუმცა ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ასე ხდება აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც და ვფიქრობ, ყველა ამ ეკლესიამ უნდა აირიდოს თავიდან ამ ლექსიკონის გამოყენება. აღმოსავლეთ ევროპის ეკლესიებს ათწლეულები აკლდათ ის, რაც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში ჰქონდათ - დიალოგი სხვა რელიგიებთან და სხვა ქრისტიანებთანაც კი.

საჭიროა იმის გააზრება, როგორ ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელშიც ბევრი სხვადასხვა “არჩევანია”. ამაზე უნდა ფიქრობდეს ახლა მართლმადიდებელი ეკლესია და მე ვიცი, რომ ეკლესიაში არის ბევრი ასეთი ადამიანი, რომელმაც იცის რომ ეს ასეა. ბევრი ალბათ არ დამეთანხმება, მაგრამ მე ვკითხულობ ქართულად, ვისმენ რას ამბობს ეკლესია, და არ ვუსმენ მხოლოდ მათ ვისთან შეხვედრაც თავისუფლების მოედანზე, ბარში ჭიქა ღვინოსთან შეიძლება.

მათ უნდა შეიკავონ თავი სიწმინდეზე საუბრისგან. ეროვნულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება მისცენ სხვა ჯგუფებსაც. თუკი შემდეგი პატრიარქი ილია მეორეზე უფრო კონსერვატორი იქნება, ვფიქრობ ბევრი ახალგაზრდა იტყვის "ეს ჩვენ არ ვართ, ჩვენ არ წავალთ ეკლესიაში".

ასეთი ნაციონალიზმი და ასეთი იდეები საქართველოს დემოკრატიული განვითარრების გზაზე საფრთხედ მიგაჩნიათ?

როცა ეკლესია ერის სახელით საუბრობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება, და აი ასეთ დროს დემოკრატიის ღირებულებებს საფრთხე ემუქრება.

ეს გამოწვევაა, საქართველოშიც და ამერიკაშიც. აქაც ბევრი, განსაკუთრებით კი კონსერვატორი ქრისტიანები, ფიქრობენ, რომ მათი უფლებები იზღუდება იმით, რომ უმცირესობები იძენენ იმ უფლებებს, რაც მანამდე არ ჰქონიათ. უმრავლესობას, რომელსაც უკვე ისედაც აქვს პრივილიგები არ შეუძლია უთხრას უმცირესობებს, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ უფლებები.

როდესაც აპირებენ კანონის მიღებას ეკლესიის შეურაცხყოფის აკრძალვის თაობაზე, გასაგებია, რომ არაა სასურველი ეკლესიის შეურაცხყოფა, მაგრამ არის კი ეს მართლაც ის სამართლებრივი ნორმა, რასაც გინდათ, რომ მიჰყვეთ? ჩემი პასუხი იქნებოდა - არა! ვიცი, ბევრი არ დამეთანხმებოდა და იტყოდნენ, რომ პატრიარქი და ეკლესია არის იმდენად ღვთაებრივი მნიშვნელობის, რომ ეკლესიის შეურაცხყოფა ღმერთის შეურაცხყოფას ნიშნავს. თუმცა ეს კიდევ სხვა თეოლოგიური დისკუსიის საგანია.

რაც შეეხება 17 მაისს, საზოგადოების ამ ნაწილს მიაჩნია, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის გამართვა არა მხოლოდ მართლმადიდებლობის, არამედ ერის მიმართ არსებული საფრთხეა. როცა ეკლესია ერის სახელით საუბრობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება, და აი ასეთ დროს დემოკრატიის ღირებულებებს საფრთხე ემუქრება.

ძლიერი ეროვნული იდენტობის გრძნობაში არაფერია ცუდი - შეიძლება ამაყობდე შენი ისტორიით, შენი ენით, მაგრამ ისე, რომ ეს არ გამორიცხავდეს სხვა ადამიანებს.

ფიქრობთ, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მეტად უნდა მიიღოს რეალობა?

ვფიქრობ, მათი გამოწვევა არის ის, რომ ისწავლონ როგორ იცხოვრონ პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში.

რას უსურვებთ საქართველოს მომდევნო 100 წლის განმავლობაში?

ვუსურვებ სტაბილურ პოლიტიკურ პარტიებს და იმის გააზრებას, რომ ყველა, ვინც საქართველოში ცხოვრობს, უნდა იყოს პროცესებში ჩართული.