რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა საქართველოს პრეზიდენტს ბრალი დასდო ისეთი პოლიტიკის განხოციელებაში, რომელიც „ქართველი ხალხის ინტერესებისგან შორს დგას.“ ამის შესახებ პატრუშევმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტი“-ს განუცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება თბილისის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასა და ქართველ ხალხს შორის პარალელების გავლება.
მისი განცხადებით, „სულ უფრო მეტი ქართველი ჯარისკაცი მიდის სხვა ქვეყნებში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის. საქართველოს ტერიტორიაზე ამზადებენ პირებს რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად".
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკაში ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს.
"იზრდება საგარეო ვალის მოცულობა, მატულობს ინფლაცია. ადგილობრივ მოსახლეობას აწვდიან დეზინფორმაციას, მათ შორის 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების შესახებ. ამაში დახმარებას რიგი უცხოური მედიასაშუალებებიც უწევენ," - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა. ნიკოლაი პატრუშევი უშიშროების საბჭოს მდივნად 2008 წელს დაინიშნა. მანამდე ის ცხრა წლის მანძილზე უშიშროების ფედერალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა.