ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შესვლას არ აპირებს

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამბობს, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები რეალობას არ ასახავს.

"ერთიანობა ნაციოანალური მოძრაობა" აცხადებს, რომ არ აღიერებს არჩევნების შედეგებს და არ აპირებს პარლამეტში შესვლას. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე შევლამდე გააკეთა.

„ჩვენ გახსოვთ ვიყავით პირველი, ვინც გავაკეთეთ განცხადება გუშინ იმასთან დაკავშირებით რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა, რომ ადგილი ჰქონდა რეალურად რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი და ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება. ბუნებრივია როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ კითხვის ნიშნებიც კი არ არსებობდა როდესაც საუბარია ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაზე“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.

"რა თქმა უნდა, პარლამენტში არ უნდა შევიდეს არავინ! ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო და იმაზე წუხილი, თუ როგორ მოგვატყუეს. ახლა დიდი საპროტესტო აქციების დროა. მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ჩვენ ვართ ხალხი, ვინც არ შეეგუება უსამართლობას. დასაკარგი დრო არ გვაქვს!" - წერია მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, საპარლამენტო არჩევნებზე საჯაროდ თქვა უარი "კოალიციამ ცვლილებებისთვის". კოალიციის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ განაცხადა, რომ "არჩევნები არის გაყალბებული და შედეგები არალეგიტიმური".

"ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე დღეს უარს ვამბობ ჩემს საპარლამენტო მანდატზე", - აღნიშნა მალაშხიამ და წაიკითხა სიის ოცეული, ვინც განცხადებას უერთდება: ნანა მალაშხია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, თენგიზ თევზაძე, ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივანე ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი კაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, ბორის ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფო გოლეთიანი, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, თორნიკე ბიკაშვილი.

ამასთან, ნანა მალაშხიას თქმით, აუცილებლად იბრძოლებენ ხმების დასაცავად, "სანამ ამ ქვეყანაში ქართველი ხალხის ხმები არ იქნება გაგონილი".

დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:

  • "ქართული ოცნება" - 53,93%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.

ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.