ახალი პარლამენტი უკვე 134 მილიონი ლარი ღირს

ახალი პარლამენტის მშენებლობა ქუთაისში

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა გადასახადების გადამხდელებს უკვე 134 000 000 ლარი, ანუ 80 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დაუჯდათ. ეს ინფორმაცია ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ გაავრცელა.

პრეზიდენტ სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, პირველი სხდომა პარლამენტის ახალ შენობაში, დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს უნდა გაიმართოს. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ პარლამენტის სხდომათა დარბაზი იქნება მზად; მთლიანად, ახალი საპარლამენტო კომპლექსის მშენებლობის დასრულებას კი შეიძლება კიდევ ერთი წელიწადი დასჭირდეს, რაც ბუნებრივია იმას ნიშნავს, რომ უკვე არსებული კოლოსალური დანახარჯი კიდევ უფრო გაიზრდება.

რა თანხებით და საიდან ფინანსდება პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა ქუთაისში? ვინ არის მშენებლობაზე პასუხისმგებელი? რამდენად მიზნობრივად იქნა გამოყენებული დახარჯული თანხები?

2009 წლიდან მოყოლებული, როცა ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო, არასამთავრობო სექტორი ამ კითხვებზე პასუხებს უშედეგოდ ითხოვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო ხუხუა ამბობს, რომ ყველა საჯარო ინფორმაცია რატომღაც გასაიდუმლოებულია.

„ფაქტიურად ჩვენ არ დაგვიტოვებია არცერთი ადმინისტრაციული ორგანო, თუნდაც ის კერძო კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან მშენებლობაში. ყველას მივმართეთ. მათი პასუხები, მაძლევს ლეგიტიმური დასკვნის საშუალებას რომ საქართველოს პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს ანდა გვიმალავენ.“

ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, რომელმაც პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ათზე მეტ საჯარო დაწესებულებას მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის პროექტის დირექტორი ლევან ავალიშვილი ამბობს:

„მივმართეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მივმართეთ თვითონ პარლამენტს, ფინანსთა სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ქუთაისის მერიასა და საკრებულოს, ანუ შევეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი საჯარო დაწესებულება მოგვეცვა ვინც ჩვენი ვარაუდით რაღაცნაირად ჩართული იქნებოდა ამ პროცესში.

მოვითხოვეთ არა მხოლოდ ის ინფორმაცია თუ რა ჯდება ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა არამედ ვინ ახორციელებს ამ მშენებლობას. თითქმის ყველა პასუხი იყო იდენტური - ეს ჩვენ არ გვეხება!“

მთავრობის 2011 წლის დადგენილებით, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის დაფინანსება შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მეშვეობით ხდება, რომლის 100 პროცენტიანი მეპატრონე თავად სახელმწიფოა.

უშუალოდ მშენებლობას კი კომპანია „მაგი სტილი“ ახორციელებს, რომელმაც მშენებლობის უფლება ყოველგვარი ტენდერის გარეშე მიიღო. „მაგი სტილის“ მეპატრონეები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი და მეპატრონე გოგი გეგეშიძე და ბიზნესმენი გიორგი კურცხალია არიან.

არცერთი მათგანი არ აკეთებს კომენტარს თუ რის საფუძველზე და ვის მიერ შეირჩა „მაგი სტილი“ და რა დაჯდება საერთო ჯამში ახალი პარლამენტის მშენებლობა?!

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, ეკონომისტი შოთა მურღულია ამბობს, რომ 80 მილიონი დოლარით ერთი მშენებლობის დაფინანსება საქართველოსთვის ძვირი სიამოვნებაა.

„თუ ეს არის თანხა, რომელიც მოდის სახელმწიფო ვალდებულებების აღებით ანუ საგარეო ვალით, ეს რა თქმა უნდა მომავალ თაობებს დააწვება. ქუთაისი ნამდვილად ვერ მიიღებდა გრანტს პარლამენტის მშენებლობისთვის რომელიმე უცხოური საფინანსო ორგანიზაციიდან.

აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ჩვენი გადასახადებით გადახდილი თანხიდან ხდება დაფინანსება. საქართველოს ბიუჯეტიდან გამომდინარე 134 მილიონი ლარი ერთი მშენებლობისთვის, თუნდაც ის პარლამენტის შენობა იყოს, მცირე თანხად ნადვილად არ ითვლება.“

ძვირადღირებული სამთავრობო მშენებლობის პირველი პრეცედენტი საქართველოში, ავლაბრის რეზიდენციის აშენებისას შეიქმა. მშენებლობა 2004 წელს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის გაყიდვისთანავე დაიწყო და 2009 წლის ზაფხულში დასრულდა.

ზუსტი ინფორმაცია თუ რა დაუჯდათ გადამხდელებს პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია დღემდე უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით, დანახარჯმა 800 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. თავად მიხეილ სააკაშვილმა პრეტენზიების საპასუხოდ განაცხადა, რომ „სასახლის აშენება დაჯდა, დაახლოებით, პროცენტის მეხუთედზე ნაკლები მთელი საბიუჯეტო ხარჯების, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გასწია.“

ქუთაისში, პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის ხარჯების შემცირებას, მთავრობა თბილისში, პარლამენტის ძველი შენობის გაყიდვით გეგმავს თუმცა, როდის გაიტანს ეკონომიკის სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მდებარე ისტორიულ ნაგებობას გასაყიდად ჯერჯერობით უცნობია.