კორონავირუსის გავრცელება საფრანგეთისთვის მალე განსაკუთრებით მძიმე გამოწვევა გახდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პარასკევს, გასული დღის განმავლობაში ვირუსით გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობის გამოცხადების შემდეგ ისაუბრა. ქვეყანაში შიშობენ, რომ პარიზისა და პარიზის შემოგარენში მდებარე საავადმყოფოები შესაძლოა უახლოეს 48 საათში გადაივსოს.
პარიზსა და მის შემოგარენში დაფიქსირებული 29 000-ზე მეტი შემთხვევიდან, პაციენტთა დაახლოებით მეოთხედი საავადმყოფოებში მკურნალობს, 1300 მათგანი კი ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს. ხუთშაბათს იქ ვირუსით 16 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელსაც სხვა არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია. ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 1700-მდე ადამიანია გარდაცვლილი.
"ეპიდემიის ტალღა, რომელმაც საფრანგეთი მოიცვა, ძალიან ძლიერია და ის მთელი ჯანდაცვისა და ზრუნვის სისტემას უდიდეს გამოწვევებს უქმნის", ამბობს პრემიერ-მინისტრი და განმრტავს, რომ სიტუაცია უახლოეს დღეებში ძალიან რთული იქნება.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გასულ კვირას ვირუსის გავრცელების შესამცირებლად შეზღუდვები დააწესა, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ მომავალ კვირაში შემთხვევების სწრაფ ზრდას მოელიან, რადგან უამრავი ადამიანი ქუჩებსა და პარკებში იკრიბებოდა და სახლში დარჩენის მოთხოვნას არ ემორჩილებოდა.