პარიზის მოვლენებს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

შაბათს, პარიზში განხორციელებულ თავდასხმებში 200 ადამიანი დაშავდა, აქედან 80 სერიოზულ მდგომარეობაშია.

ვაშინგტონში, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთოს. ამერიკელმა ლიდერმა კოორდინირებულ თავდასხმებს "აღმაშფოთებელი ფაქტები უწოდა მშვიდობიანი მოქალაქეების დასატერორებლად." ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ მსგავსი "მხეცური საქციელი ვერასოდეს დაემუქრება იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ."

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა აღნიშნა, რომ "ბარბაროსული თავდასხმები პარიზში უფრო მეტია, ვიდრე თავდასხმა ფრანგ ხალხზე." მისი თქმით, "ეს იყო შეტევა საერთო ადამიანურ ღირსებაზე."

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის საელჩო პარიზში ამერიკელი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავს და მხარში უდგას ყველას.

ამ ფონზე, აშშ-ის რამდენიმე დიდ ქალაქში, კონკრეტული საფრთხის არარსებობის მიუხედავად, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

საერთაშორისო რეაქციები

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ "ყველაფერი გაკეთდება, რათა მომხდარი ტერორისტული ფაქტის მისიამ შედეგს ვერ მიაღწიოს: დანაწევრდეს, და საფრთხის ქვეშ დადგეს თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპები, ის ღირებულებები, რომლებიც საფრანგეთს დიად ერად აქცევს."

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა ტვიტერის მიკრო-ბლოგში აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს ფრანგი ხალხის დასახმარებლად ამ მძიმე წუთებში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმო ტერორისტული აქტები. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს თავისუფლება სძულთ.