პაპის წარმომადგენელი ვაშინგტონს უკრაინის საკითხზე სასაუბროდ ეწვევა

კარდინალი მატეო ზუპი, რომის პაპის წარმომადგენელი.

კარდინალი მატეო ზუპი, რომის პაპ ფრანცისკეს დავალებით, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. სწორედ ამ მიზნით, ის ორშაბათს ვაშინგტონს ეწვევა და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ ვატინკანმა გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, იმავე თემის განსახილვევად, კარდინალი ვაშინგტონში სამი დღის განმავლობაში დარჩება. ამ დროისთვის უცნობია, ვისთან ექნება იტალიელ სასულიერო პირს შეხვედრები.

ვიზიტი მიზნად ისახავს უკრაინაში მშვიდობის ხელშეწყობას და „ჰუმანიტარული ინიციატივების მხარდაჭერას, რათა შემსუბუქდეს ყველაზე მძიმედ დაზარალებული და უმწეო ადამიანების ტანჯვა, განსაკუთრებით ბავშვების“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ: კიევი აცხადებს, რომ ათობით რუსი სამხედრო გაასამართლეს

გასულ თვეში, ზუპი მოსკოვს ეწვია, სადაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს და ბავშვთა საკითხებში რუსეთის კომისარს, მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა. ივნისის დასაწყისში კი, ის კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ზელენსკიმ, რომელიც პაპს მაისში შეხვდა, ვატიკანს სთხოვა მხარი დაუჭიროს მის უპირობო სამშვიდობო გეგმას, რომელიც მოუწოდებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, რუსული ჯარების გაყვანისა და საომარი ქმედებების შეწყვეტისკენ. სამშვიდობო გეგმის მიხედვით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრები სრულად უნდა აღდგეს.

ვატიკანის განცხადებაში ჰუმანიტარული ინიციატივები და ბავშვების საკითხია ნახსენები, რაც, როგორც ჩანს, მიუთითებს კიევის თხოვნაზე და ვატიკანის მზადყოფნაზე, დაეხმაროს ქვეყანას, რუსეთში გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში.

კიევის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, თითქმის 19 500 ბავშვი გადაიყვანეს.

ზუპიმ მიმდინარე თვის დასაწყისში თქვა, რომ ის მუშაობს „მექანიზმზე“, რომელიც ბავშვების უკრაინაში დაბრუნებას უზრუნველყოფს.