ისრაელ-პალესტინას შორის გაცვლილი პატიმრების მომავალი

ისრაელ-პალესტინას შორის გაცვლილი პატიმრების მომავალი

ნილ ბარღუტი მეგობრებს და ოჯახის წევრებს 33 წლის განშორების შემდეგ პირველად ხედავს. მან ნათესავების ნაწილი პირველად გაიცნო, ნაწილი, კი - მაგალითად მისი მშობლები - დღეს ცოცხლები აღარ არიან. ისინი ნილის პატიმრობის დროს გარდაიცვალნენ.

დასახლება კონარის 5000 მაცხოვრებელი ახლოს იცნობს ერთამენთს. მათგან თითქმის ყველა იცნობს ვიღაცას, ვისი ნათესავიც ისრაელის ციხეში იხდის სასჯელს. დასახლება ბარღუტის გათავისუფლებას ზეიმობს, თავად ნილის თქმით, კი ზეიმის მიზეზი სინამდვილეში არ არსებობს:

„სრულფასოვნად თავისუფლად თავს ვერ აღვიქვამ. თავისუფლება მაშინ გვექნება, როცა ისრაელის ციხეებიდან ყველა პალესტინელს გაათავისუფლებენ და ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.“

ბარღუტი დაჯგუფება ჰამასის წევრია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისრაელის ჯარისკაცი გილად შალითი 1027 პალესტინელ პატიმარში გაუცვალა ისრაელის მთავრობას. გათავისუფლებულ პალესტინელებს შორის ასევე იყვნენ ფათხის წევრებიც. ამ გარიგების შემდეგ პალესტინელებს გაუჩნდათ იმედი, რომ ჰამასი და ფათხი მრავალწლიანი დაპირისპირების დასრულებას შეძლებენ. ორ დაჯგუფებას შორის ძირითადი განსხვავება მათი ბრძოლის იდეოლოგიასა და პალესტინის მომავალ სახელმწიფოს უკავშირდება.

ახლო აღმოსავლეთში ბევრს მიაჩნია, რომ პატიმრების გაცვლა სამშვიდობო პროცესის განახლებას შეუწყობს ხელს. თუმცა ბარღუტი ასე არ ფიქრობს:

„ჩემი აზრით დაპირისპირება მხოლოდ ისრაელის მოქმედებების შეცვლის შემდეგ შემცირდება. მაგრამ ამ ცვლილებას ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავთ.“

პატიმრების გათავისუფლების შემდეგ მათ მომავალ საქმიანობაზე ერთმნიშვნელოვანი აზრი არ არსებობს. ხალხის ნაწილს მიაჩნია, რომ ყოფილი პატიმრები ისევ განაახლებენ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას, ნაწილი კი ამ აზრს არ ეთანხმება. ბარღუტის თქმით, კი ის ახალი თავგადასავლების ძებნას არ აპირებს.