პაკისტანი აცხადებს, რომ ქაშმირში ინდოეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ინდოეთის კუთვნილი ორი სამხედრო თვითმფრინავი, რომლებმაც ოთხშაბათს ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიის ქაშმირის ცაზე საზღვარი დაარღვიეს, ჩამოგდებულია.

პაკისტანელი მაიორ-გენერალი ასიფ ღაფური ამბობს, რომ ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ცოცხალი დააკავეს, მეორე საჰაერო ხომალდი კი ინდოეთის მხარეს ჩამოვარდა.

ინდოეთის მხარეს ამ დრომდე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. თუმცა მანამდე ინდოეთი ამტკიცებდა, რომ მისმა საჰაერო ხომალდებმა პაკისტანური ხომალდების შეტევა მოიგერია, რომლებმაც ინდოეთის მხარის თქმით, უკანონოდ გადმოკვეთეს ქაშმირის თავზე მათ მიერ კონროლირებული ტერიტორია.

საჰაერო ინციდენტები მას შემდეგ მოხდა, რაც პაკისტანმა განაცხადა, რომ სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის სამხედრო ძალებთან შეტაკებისას საკონტროლო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ბირთვული იარაღის მქონე ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 14 თებერვალს თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ქაშმირში ავტომობილში აიფეთქა თავი. თავდასხმას 40 ინდოელი გასამხედროებული პირი შეეწირა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა შეიარაღებულმა დაჯგუფება ჯაიშ ე მოჰამადმა აიღო. ინდოეთის სამხედრო საჰაერო ხომალდებმა დაჯგუფების საწვრთნელი ბანაკის თავზე წინასაიერიშო ფრენები განახორციელეს.