“შეინარჩუნეთ ამერიკის რწმენა და განაგრძეთ ჩვენი ქვეყნის მოკავშირეების გვერდით დგომა“, - ამ სიტყვებით მიმართა თავდაცვის უკვე გადამდგარმა მდივანმა ჯიმ მატისმა პენტაგონის თანამშრომლებს.
„თავდაცვის დეპარტამენტის სამოქალაქო და სამხედრო მიმართულება რჩება საუკეთესო ხელში“- დაწერა მატისმა თავის ოფიციალურ გამოსამშვიდობებელ წერილში. ორშაბათს ამ პოსტზე მისი ბოლო სამუშაო დღე იყო.
„მე მჯერა, რომ თითოეული თქვენგანის ყურადღება კვლავ კონცენტრირებული იქნება იმ მისიის მიმართ, რომელთანაც ფიცი გვაკავშირებს: რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი ცხოვრების წესი. განაგრძეთ ჩვენი ქვეყნის რწმენა, დადექით მტკიცედ ჩვენი მოკავშირეების გვერდით, გაერთიანებულნი ჩვენი მოწინააღმდეგეების პირისპირ“.
ჯეიმს მატისის მოვალეობას 1 იანვრიდან დროებით მისი მოადგილე პატრიკ შანაჰანი შეასრულებს. მატისი გადამდგარი გენერალი იყო, მისგან განსხვავებით, მის მოვალეობის შემსრულებელს სამხედრო გამოცდილება არ აქვს. შანაჰანი თავდაცვის დეპარტამენტამდე საავიაციო გიგანტ კომპანიაში „ბოინგში“ მუშაობდა, სადაც 30 წელზე მეტხანს სამოქალაქო და სამხედრო საქმეებთან დაკავშირებულ პროგრამებზე მუშაობდა. ის თავდაცვის მდივნის მოადგილედ 2017 წელს დაინიშნა.
მატისმა გადადგომის შესახებ 20 დეკემბერს გამოაცხადა. თავდაცვის მდივანსა და პრეზიდენტს უთანხმოება ჰქონდათ სირიიდან ჯარების გამოყვანის თაობაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა სირია უნდა დატოვონ. ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს, ჰყავდეს ისეთი თავდაცვის მდივანი, რომლის შეხედულებებიც უფრო მეტად შეესაბამება მის საკუთარ მოსაზრებებსა და შეფასებებს. მატისი ამბობდა, რომ თანამდებობას თებერვლის ბოლოს დატოვებდა, რათა მანამდე მისი შემცვლელისთვის საქმე სრულად და თანმიმდევრულად გადაებარებინა და ბოლოჯერ წარმოედგინა ამერიკა ნატოსა თავდაცვის მინისტრთა მინისტერიალზე. თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნა 1 იანვრიდან აღარ იქნებოდა აუცილებელი.