ეუთო: თვალყურს ვადევნებთ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს

ეუთოს მისიის წარმომადგენელი, მედიის თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დესირი ვაშინგტონში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე წარსდგა ეუთოს რეგიონის ქვეყნებში მედიის თავისუფლების მდგომარეობაზე სასაუბროდ. სხდომის შემდეგ კი “ამერიკის ხმასთან” კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე:

“თვალყურს ვადევნებ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ვფიქრობ, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიიჩნევა კანონიერად. მნიშნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რა ცვლილებები მოხდა კომპანიის მფლობელობაში, პატივი სცენ ჟურნალისტურ საქმიანობას, მათ დამოუკიდებლობას და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება პროფესიონალურად გაავრცელონ ინფორმაცია, ყველანაირი ზეწოლის გარეშე, იქნება ეს მფლობელების თუ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენებს საქართველოში."

Your browser doesn’t support HTML5

ეუთო-თვალყურს ვადევნებთ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს

თავის მოხსენებაში ეუთოს წარმომადგენელმა აფგან მუხთარლის საქმეზე და აზერბაიჯანში მედიის თავისუფლების საკითხებზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მუხთარლი საქართველოდან მოიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს:

“ჩვენ წამოვწიეთ თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე, რომელიც მართალია საზღვარგარეთ [საქართველოში] ცხოვრობდა, მაგრამ საქართველოდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში პატიმრობაში მოხვდა. ეს საქმე ძალიან დიდი შეშფთების საკითხია. ჩვენ ვისურვებდით, რომ აზერბაიჯანმა გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაციები დამოუკიდებელი მედიის საკითხებში."

დესირმა ასევე დაამატა, რომ აზერბაიჯანში, მედიის თავისუფლების მხრივ შექმნილი მდომარეობა შემაშფოთებელია და ის აპირებს, რომ აზერბიჯანში ვიზტით ჩავიდეს, საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდეს და პრობლემური საკითხები ერთად გაიარონ. “ზოგიერთი ჟურნალისტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ეს პოზიტიური მხარეა, თუმცა ჟურნალისტების უმეტესობა პატიმრობაში რჩება, ან ბრალი აქვთ წაყენებული”- თქვა ეუთოს წარმომადგენელმა ჰელსინკის სხდომაზე.

სხდომაზე ასევე საუბარი იყო სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთსა და თურქეთში დაკავებული ჟურნალისტების შესახებ. დესირის თქმით, დაკავებების გარდა, პრობლემაა ისიც, რომ ჟურნალისტებს ემუქრებიან, ხან სიცოხლის მოსპობითაც და ეს შემაშფოთებელია.

ბოლო კვლევის მიხედვით, 2019 წლის პირველ 6 თვეში 2 ჟურნალისტი მოკლეს, ხოლო 92 ჟურნალისტს თავს დაესხნენ, ან ემუქრებოდნენ. თავდასხმის ფორმებს შორის, დაბომბვის ერთი, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის 3 და ცეცხლის წაკიდების 7 შემთხვევა დაფიქსირდა.