27 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ და წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის პირველადი შეფასებები წარადგინეს.
პასკალ ალიზარდი, ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე - თავად კენჭისყრის დღეს.
მათ შორის ის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს:
- არჩევნების პერიოდში არსებული პოლარიზებული გარემო;
- ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, რაც, მისი თქმით, განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმართ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში;
- დისბალანსი ფინანსური რესურსების კუთხით და ამ მხრივ მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს;
- პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რაც ზეგავლენას ახდენდა პროცესის მიუკერძოებელ გაშუქებაზე და აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.
- ქალების ნაკლები წარმომადგენლობა პარტიულ სიებსა და კამპანიებში.
„მიუხედავად იმისა, რომ პოლარიზება რჩება პოლიტიკურ სცენაზე და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენც როგორც დავაკვირდით, ამომრჩევლებს საკმაოდ ფართო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ, რადგან ბევრი საარჩევნო სუბიექტი იყო წარმოდგენილი.
მედიაგარემო ზუსტად ასახავდა ამ ღრმა პოლარიზებას. მედიასაშუალებების ინსტრუმენტებად გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით, რასაც თან ახლდა პარტიის პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობა და ასევე, როდესაც პოლიტიკოსები უარს ამბობდნენ დებატებში მონაწილეობაზე, ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენდა ამომრჩეველზე, რომ გაეკეთებინა ინფორმირებული არჩევანი.
კენჭისყრის დღე პროცედურულად ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ მას თან ახლა დაძაბული გარემო, დაშინების შემთხვევები.
დასასრულს, მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელისუფლება ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და საქართველოს დაუახლოებს თავის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში", - განაცხადა პასკალ ალიზარდმა.
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევები შეაფასა იულიან ბულაიმ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელმაც. მისი თქმით, შემაშფოთებელი იყო სიძულვილის ენა, მიმართული სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები მიმართ, რაც, მისი თქმით, ასევე უკავშირდებოდა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას, რამაც პროცესში განხეთქილება შეიტანა.
იულიან ბულაი საუბრობს ამომრჩევლის მოსყიდვისა და ხმების გაყალბების შესახებაც:
„კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს, დავაფიქსირეთ შემთხვევები, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ორმაგად ხმის მიცემა, განსაკუთრებით - სოფლად.
ჩვენი გამოცდილებით, ამ არჩევნებზე არსებობდა ორი სამყარო: ერთი საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მიცემის ადმინისტრირების პროცესი იყო კარგად ორგანიზებული და მეორე - უბნების გარეთ.
საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტიის მიერ დამონტაჟებული კამერები და ასევე ამომრჩევლების აღრიცხვა, ქმნიდა ზეწოლისა და დაშინების კლიმატს და იყო ასეთი შეგრძნება - „დიდი ძმა გიყურებს“. ეს ერთ-ერთმა ჩვენმა დამკვირვებელმა აღნიშნა. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესში დაფიქსირდა არათანაბარი პირობები და სხვა ნაკლოვანებები, რაც ძირს უთხრის მის შედეგსა და სამართლიანობას და საბოლოო შედეგებს“. განცხადებების თარგმანი ეფუძნება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ უზრუნველყოფილ სინქრონულ თარგმანს.
სადამკვირვებლო მისიას ჯამში 530 დამკვირვებელი წარმოადგენდა. მათგან 380 ODIHR-ის მიერ წარგზავნილი ექსპერტი და ხანგრძლივვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებელია, 61 - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარი და თანამშრომელი, 39 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი, 38 - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი და 12 - ევროპარლამენტარი.
ასევე ნახეთ: ჯონსონი: "თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ არჩევნები მოიპარა"ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.
არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
- "ქართული ოცნება" - 53,93%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.