ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არჩევნების მოდელზე შეთანხმებას მიაღწიეს

საქართველოს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოდელზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ამას შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ.

აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 120 დეპუტატი პროპორციული წესით და 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა. ამავე შეთანხმებით, პარლამენტში მოხვდება ყველა პარტია, რომელიც ერთპროცენტიან ბარიერს გადალახავს.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ მთავრობის დასაკომლექტებლად პარტიამ ხმების მინიმუმ 40 პროცენტი უნდა მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.

შეთანხმების მიღწევაზე ცნობას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესმენი ადამ კინზინგერი, რომელმაც "ტვიტერზე" ქართველ ხალხს მიულოცა და თქვა, რომ დემოკრატია დიდ შრომას მოითხოვს.

"გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხზე შეთანხმების მიღწევას. დემოკრატია დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ ის ამად ღირს. სპიკერი თალაკვაძე და ბევრი სხვა ამ საქმიანობის გამო დაფასებას იმსახურებენ. უფრო ვრცელი განცხადება მოგვიანებით იქნება," წერს "ტვიტერზე" კინზინგერი.