ფოთის „პეის“ ტერმინალში, 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება

ცერემონია 14 მაისს, ვაშინგტონი

14 მაისს , ვაშინგტონში, საზღვარგარეთ კერძო ინვესტირების კორპორაციაში, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც ფოთის „პეის“ ტერმინალში, 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ეს ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ე.წ. „მძიმე“ ინფრასტრუქტურის კატეგორიას განეკუთვნება და სხვა სახის ბიზნესებისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

სტრატეგიული ბუნების ინფრასტრუქტურულ პროექტში ამერიკული მონაწილეობა ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა წარმატებით გრძელდება და სხვა კერძო ინვესტორებისთვისაც ნათელი მინიშნებაა, რომ საქართველოში საქმიანობისთვის ხელსაყრელი და საიმედო პირობები არსებობს.

კორპორაციის პრეზიდენტმა დევიდ ბოჰიგიანმა ცერემონიაზე "ამერიკის ხმას" უთხრა: "ის ფაქტი, რომ აშშ მთავრობა, რომელიმე ქვეყანაში მორიგ ასეთ ინვესტიციას იწყებს, მნიშვნელოვანია. ამას სხვა მხარიდან ინვესტიციებიც მოჰყვება და ეს აჩვენებს ყველას, რომ საქართველო ინვესტორთათვის ღია ქვეყანაა და ასეთივე საინვესტიციო კლიმატი აქვს, რაც პრემიერ მინისტრისა და მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებით აიხსნება."