ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის პარალელურად, გაერო ამბობს, რომ ღაზის სექტორში მცხოვრები 576 000-ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. რამეშ რაჯასინგემი, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს ოფისის კოორდინაციის დირექტორია, ამბობს, რომ ვითარების შემდეგი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, დროული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. რაჯასინგემს მიაჩნია, რომ გამოსავალი ომის შეწყვეტაა.
ღაზაში ომამდე 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა და გაერო ამბობს, რომ ყველა მათგანი დღეს არასათანადო, არასაკმარის საკვებ დახმარებაზეა დამოკიდებული. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რამეშმა თქვა, რომ ღაზის სექტორში მცხოვრები 2 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ყოველი მეექვსე არასრულფასოვნად იკვებება.
ასევე ნახეთ: "ჰამასს" 40 დღიანი ზავი, მძევლების გაცვლა და ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზესმანვე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზაში რთულია და გაერო და სხვა ორგანიზაციები „დიდ დაბრკოლებებს“ აწყდებიან.
„ეს [დაბრკოლებები] მოიცავს, საზღვრის დახურვას, კომუნიკაციის შეზღუდვას, შემოწმების რთულ პროცედურებს, დაზიანებულ გზებს და აუფეთქებელ საბრძოლო მასალას“, - თქვა რაჯასინგემმა.
ისრაელის ხელისუფლება ამბობს, რომ ჰუმანიტარულ დახმარების ოდენობაზე შეზღუდვები დაწესებული არ არის.
„ისრაელს მკაფიო პოლიტიკა აქვს. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა ჰუმანიტარული დახმარების ოდენობაზე, რომელიც შეიძლება გაიგზავნოს ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“,- თქვა ჯონათან მილერმა, რომელიც გაეროში ისრაელის ელჩის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ისრალემა „ჰამასს“ ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს გამოუცხადა, მას შემდეგ რაც „ჰამასის“ მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს, დახოცეს 1200-ზე მეტი ადამიანი და აიყვანეს ასობით მძევალი. „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხად, ისრაელის მიერ დაწყებული ომის პირობებში ღაზის სექტორში ათობით ათასი ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ, გაცილებით დიდია დაშავებულთა რაოდენობა. ოფიციალურ ინფორმაციას დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ღაზის სექტორიდან, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყება ავრცელებს და ამბობს, რომ ისრაელის იერიშებს 30 000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.