უკრაინელი სამხედროების, რუსეთის კურსკის რეგიონზე დრონებით თავდასხმას, რუსეთის მხარის ცნობით ერთი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინამ იერიში კურსკის მეზობელ ორიოლის რეგიონზეც მიიტანა, საწვავის შესანახ ობიექტზე. ინფორმაციას კურსკისა და ორიოლის გუბერნატორები ავრცელებენ.
"ტელეგრამის" არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, კურსკის რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ამბობს, რომ იერიშს სოფელ გორნალში ქალი ემსხვერპლა, უკრაინის საზღვრის მახლობლად.
სტაროვოიტისვე ინფრომაციით, კურსკში, მინიმუმ, 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ორიოლის რეგიონის გუბერნატორმა კი თქვა, რომ საწვავის შესანახ შენობაზე თავდასხმა ორი დრონით მოხდა და შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა, რომელიც მოგვიანებით ჩააქრეს. მისივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ასევე ნახეთ: უკრაინაზე რუსულ საჰაერო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა
მოგვიანებით, კიდევ ერთი დრონის განადგურების შესახებ ინფორმაცია ბრიანსკის გუბერნატორმა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა დამატებითი დეტალები, ან რაიმე მტკიცებულება არ გაუსაჯაროებიათ.
რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონები უკრაინელების მხრიდან, ბოლო თვეების განმავლობაში უფრო ხშირად ხდება შეტევის სამიზნე. 30 დეკემბერს, ქალაქ ბელგოროდში,სარაკეტო თავდასხმას, რუსული მედიის თქმით მინიმუმ 20 ადამიანი ემსხვერპლა.
თავდასხმების შესახებ იტყობინება უკრაინული მხარეც. გასულ კვირას, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, 52 რაკეტა გაუშვა რასაც სულ მცირე 4 სამოქალაქო პირის ემსხვერპლა და ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.