ომიკრონი "გლობალურად ძალიან სარისკოა", მაგრამ მის სიმწვავეზე მონაცემები მწირია

კორონავირუსის ახალი ვარიანტი - ომიკრონი უკვე 60-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ის "ძალიან სარისკოა" გლობალური მასშტაბით.

ასევე ნახეთ: "მუტანტების" შერკინება - რატომაა მნიშვნელოვანი, ომიკრონი გაიმარჯვებს თუ დელტა

ვარიანტი პირველად გასულ თვეში სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში დააფიქსირეს. მუტაციები, რომლებმაც ეს ვარიანტი წარმოშვა ვირუსს უფრო ადვილად გადამდებს ხდის, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანის უფრო სწრაფად დაავადებაა შესაძლებელი. ომიკრონის შესახებ ჯერაც ბევრი რამ გაურკვეველია. ზოგ შემთხვევაში, ის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც აინფიცირებს, თუმცა მისგან გამოწვეული დაავადების სიმწვავეზე კლინიკური მონაცემები ჯერ კიდევ მწირია.

ომიკრონის ვარიანტით ინფიცირებულ პაციენტთაგან დადასტურდა უკვე სულ მცირე ერთი ადამიანის გარდაცვალება. პაციენტის გარდაცვალება ბრიტანეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დაადასტურა.

ასევე ნახეთ: ომიკრონის ნეიტრალიზება მესამე აცრითაა შესაძლებელი - "ფაიზერი"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აცრილ და კოვიდგადატანილ მოქალაქეებს სავარაუდოდ საკმარისი ანტისხეულები აქვთ იმისთვის, რომ ომიკრონით ინფიცირებისგან თავი დაიცვან. თუმცა მისი გადადების სწრაფი ტემპები და მძიმე შედეგებიც აშკარაა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ორდოზიანი ვაქცინებით მოქალაქეები ომიკრონის წინააღმდეგ არც ისე დაცულები არიან, თუმცა "ფაიზერ"-"ბიონტექის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი ე.წ. ბუსტერი, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა - ანუ სულ სამი ვაქცინა ომიკრონს ანეიტრალებს და ეს ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა. მეცნიერებს ჯერ კიდევ უჭირთ იმის დადასტურება, თუ რა არის ომიკრონის გასანეიტრალებლად საჭირო ანტისხეულების რაოდენობის მინიმალური ზღვარი.