ჭიდაობა შესაძლოა ოლიმპიური თამაშებიდან ამოიღონ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის ამ უძველეს სახეობაზე უარის თქმას გეგმავს

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთი


რუსეთი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს თხოვნით მიმართავს, რათა ჭიდაობა არ ამოიღონ ოლიმპიური თამაშების დღის წესრიგიდან. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის ამ უძველეს სახეობაზე უარის თქმას გეგმავს.
რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ მამიაშვილის განცხადებით, ჭიდაობის ტრადიციის მქონე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა გაერთიანდება სპორტის ამ სახეობის დასაცავად. ჭიდაობა, თანამედროვე ოლიმპიური თამაშების დაფუძნებისთანავე, 1896 წლიდან სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდა.

მიხეილ მამიაშვილი კლასიკურ ჭიდაობაში ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონია. მისი თქმით:

“დღეს ყველას ერთი აზრი გვაქვს, რომ ოლიმპიურ ოჯახში ჭიდაობის ყოფნის გარეშე მთელი ჩვენი მემკიდრეობა ფაქტიურად წყალში იქნება გადაყრილი. ამის გაფიქრებაც კი არ მინდა.“

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გააფრთხილა ჭიდაობის დღევანდელი მესვეურები, რომ თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე, სპორტის ამ სახეობას ამოიღებენ ოლიმპიური ასპარეზობიდან.

მაისის დასაწყისში მოსკოვში გამართულ ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის საგანგებო ყრილობაზე ახალი წესები დაამტკიცეს, რომლის მიხედვით კლასიკურ და თავისუფალ ჭიდაობაში ორივე პერიოდში დაგროვილი ქულების ჯამით გამოვლინდება გამარჯვებული.

როგორც მიხეილ მამიაშვილი ამბობს, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ დააკმაყოფილა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნები:

“ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რათა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობისთვის ჩვენი ხმა მიგვეწვდინა. ჩვენ მოწადინებულნი ვართ რომ უკეთესობისკენ შევიცვალოთ და თანამედროვე სპორტის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ.“

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები ხუთშაბათს სანქტ პეტერბურგში იკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ განიხილონ ეს საკითხები და სექტემბერში ბუენოს აირესში დაგეგმილ ყრილობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.