ოლიმპიურ ჩემპიონს განზრახ მკვლელობისთვის 15 წლამდე პატიმრობა ელის

ზურაბ ზვიადაური განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს

ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობისთვის, 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის რაიონში, სოფელ წინანდალთან, გუშინ მომხდარი სამმაგი მკვლელობის საქმე გახსნა, ერთ-ერთი დაკავებული სწორედ ზურაბ ზვიადაურია.

სისხლიანი კრიმინალური გარჩევის დროს, რომელშიც ოლიმპიური ჩემპიონიც იყო ჩართული, ორმხრივი სროლის დროს, ზვიადაურების მხრიდან, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და ახლო მეგობარი ალიკა ცოცხალაშვილი დაიღუპა. ეს უკანასკნელი რუსეთში მცხოვრები ე.წ „კანონიერი ქურდის“ სერგო ცოცხალაშვილი იგივე „ზურაბ კახეტინეცის“ ახლო ნათესავია.

"ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა საპასუხო გასროლით ნიკოლოზ კენჭოშვილი მოკლა. სროლის დროს კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა.

2012-16 წლებში, ზვიადაური "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო

პოლიციამ "სტეჩკინის" ტიპის პისტოლეტი და "საიგას" ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

"გამო­ძი­ე­ბით ასე­ვე დგინ­დე­ბა, რომ ცე­ცხლსას­რო­ლი იარაღიიდან გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ­მა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დრო­საც სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნიკა კენჭოშვილი"
შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ თავდაპირველად, 1971 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ცოცხალაშვილმა გახსნა ცე­ცხლი, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კენჭოშვილის მხრი­დან სა­პა­სუ­ხო სრო­ლა მოჰ­ყვა.

კენჭოშვილის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სრო­ლის შე­დე­გად, ორი პირი: ცოცხალაშვილი და 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზვიად ზვიადაური შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ.

გამო­ძი­ე­ბით ასე­ვე დადგინ­დეა, რომ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ­მა ზურაბ ზვიადაურმაც ისროლა, რა დრო­საც ნიკა კენჭოშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„ამ ეტაპზე ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ხვალ მოხდება ბრალის წარდგენა"
მაგდა კოტრიკაძე, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი


ზურაბ ზვიადაური, რომელიც პოლიციას თავად ჩაბარდა, თელავის იზოლატორშია მოთავსებული და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

"ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორ პოზიციად, საჯაროდ ღიად საუბარი, მაშინ როდესაც მოწმეები სრულად არ არიან გამოკითხულნი, ბრალის ხვალ მოხდება“ - აღნიშნა ზვიადაურის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ.

ზურაბ ზვიადაური - ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი

40 წლის ზურაბ ზვიადაური, 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოში ოქროს მედლის მფლობელია, ასევე არის სპორტის რაინდის წოდების, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და ღირსების ორდენი კავალერი.

2012 წელს, ზურაბ ზვიადაური მერვე მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, მშობლიურ ქალაქ ახმეტიდან. 2017 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ყოფილი დეპუტატი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ დაასაქმა, ზურაბ ზვიადაურს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის დარგში კონსულტანტის თანამდებობა ეკავა.