ვაშინგტონში დაფუძნებულმა ჰელსინკის კომიტეტმა, რომელიც კონგრესის კომიტეტს წარმოადგენს და უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებს აკვირდება ევროპაში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მაიკლ გეორგ ლინკს მოუსმინა.
მაიკლ გეორგ ლინკმა ეუთოს ზონაში არსებული ყველა გამოწვევა მიმოიხილა, მათ შორის ლტოლვილების კრიზისი, სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში არსებული გამოწვევები.
საქართველოს პრობლემატიკა, ისევე როგორც უკრაინაში არსებული მწვავე მდგომარეობა მან ჩვენთან საუბარში, კონგრესის მოსმენის შემდეგ, მიმოიხილა:
ლინკი: საქართველოში სარჩევნო წელია. ჩვენ გვინდა დავაკვირდეთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა დაველოდებით მთავრობის მოწვევასა და თხოვნას მონიტორინგის განხორციელების მიზით. მანამდე, ფაქტების დამდგენ კომისიას მივავლენთ მდგომარეობის შესასწავლად, ეს ჯგუფი მთავრობას, არასამთავრობბო სექტორს, ოპოზიციასა და მედიას შესხვდება. ამ დრომდე ყველანაირი კონკრეტული განცხადებისგან თავს შევიკავებ, სამუშაო ბევრია.
უკრაინაში ვსწავლობთ მონიტორინგის შედეგებს, განასაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანის უფლებების დარგში მომხდარ დარღვევებს ყირიმში, ყირიმელი თათრების უფლებების ხელყოფას და სხვა პრობლემატიკას. მთლიანად უკრაინის პროექტი, სამოქალაქო კომპონენტის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენ გრძელვადიან მუშაობას და ვალდებულებას ასახავს უკრაინის სიტუაციაში მუდმივად ვიყოთ ჩართული.
მაიკლ გეორგ ლინკი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს 2014 წლის 1 ივლისს ჩაუდგა სათავეში, მანამდე ის გერმანიის სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში. წელს ეუთოს თავმჯდმარეობას სწორედ გერმანია ახორციელებს.