მოსკოვის კრისტალნი პრუდის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებია გაშლილი და რამდენიმე ასეული ადამიანი მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციას ატარებს. ისინი მოძრაობას „დაიკავე აბაის“ უწოდებენ, რადგანაც აქცია მე-19 საუკუნის ცნობილი ყაზახი მწერლის აბაი კუნანბაიევის ძეგლთან მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეთათვის სახელდახელო კაფეტერიაა მოწყობილი მათ გამოსაკვებად, ხოლო შიგადაშიგ მუსიკის ჰანგებსაც გაიგებთ. დემონსტრანტები ერთმანეთის გამხნევებას სიმღერითა და ცეკვით ცდილობენ.
ოლგა მოსკოველი სტუდენტია. ის აცხადებს, რომ გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს „დაიკავე აბაის“ დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებით, ვიდრე 6 მაისს გამართულ „მილიონების მარშში.“
„აქ შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო, მაგალითად დავარიგო საჭმელი, ავადუღო წყალი, ან გავაკეთო რაიმე სხვა. მაგრამ ვერ შევძელი - უბრალოდ საკმარისი ძალა არ მაქვს იმისთვის, რომ ისეთ ღონისძიებებში მივიღო მანაწილეობა, როგორიცაა „მილიონების მარში.“
დღემდე „დაიკავე აბაის“ აქციის მიმართ ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას არ იჩენს. თუმცა, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის პრეს მდივანმა დმიტრი პესკოვმა პარასკევს განაცხადა, რომ მომიტინგეები დემონსტრაციას „არაკანონიერად“ მართავდნენ და ადრე თუ გვიან პოლიცია მათ აქციის გაგრძელებას აუკრძალავდა.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იულია იაშინი ამბობს, რომ მოძრაობა მსგავს მუქარებს არ შეუშინდება.
„ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა. მაგრამ მათ უკვე ბევრჯერ სცადეს ჩვენი დაშინება ხელკეტებით იქნება თუ სხვა სახის მუქარებით. ჩვენი დაშინება შეუძლებელია, ჩვენი დაშლა შეუძლებელია.“
6 მაისის დემონსტრაციის შემდეგ ასობით ადამიანი იქნა დაპატიმრებული. მათ შორის იყვნენ ოპოზიციის ისეთი ცნობილი ლიდერებიც, როგორებიც არიან მემარცხენე ლიდერი სერგეი უდალცოვი და ანტი-კორუფციული ბლოგერი ალექსეი ნავალინი. ორივე მათგანს პოლიციის დაუმორჩილებლობა ედება ბრალად და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ისინი ჯერ კიდევ ციხეში არიან.
6 მაისს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი დააპატიმრეს, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ნემცოვმა დმიტრი მედვედევს - ახლა უკვე რუსეთის პრემიერ მინისტრს, რომელიც ამ კვირაში დიდი რვიანის სამიტს დაესწრება ამერიკაში - სთხოვა „დაიკავე აბაის“ მონაწილეებს შეხვედროდა. მედვედევის მიმართ გაკეთებულ მიმართვაში ნემცოვმა განაცხადა - „ცემას არავინ გიპირებთ, არაფერი შეგემთხვევათ. ხალხს უბრალოდ შეკითხვების დასმა სურს თქვენთვის.“
დემონსტრაციის მონაწილეები კი სხვა სახის ოფიციალური ვიზიტის მოლოდინში არიან. გამორიცხული არ არის, რომ „დაიკავე აბაის“ მოძრაობას მალე ამბოხის ჩასახშობად გაწვრთნილი პოლიცია ეწვიოს.